საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში ანდორის ნაკრები თბილისში 2:1 დაამარცხა.
„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. დამაჯერებელი იყო ანდორის ნაკრების მეკარე.
თამაშის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. საქართველოს ეროვნული გუნდი დროს მუდმივად შეტევაში ატარებდა, თუმცა გოლი ვერ გაჰქონდა, 69-ე წუთზე კი სოლე პალაუმ ანდორა დააწინაურა.
მატჩის 84-ე წუთზე ბებიამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე ბაქრაძემ გაიტანა და საქართველოს ნაკრებმა პირველი სამი ქულა მოიპოვა.
ერთა ლიგის C2 ჯგუფში, საქართველოსა და ანდორის გარდა, კვიპროსისა და მალტის ნაკრებებიც ასპარეზობენ. მათი შეხვედრაც დღეს გაიმართება.
რაც შეეხება ირის ანტმანის გუნდის მომდევნო მატჩს, ქართველი ფეხბურთელები 25 თებერვალს კვიპროსს ქალაქ ლარნაკაში შეხვდებიან.