ძლიერმა შტორმმა და წვიმამ, აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილის გარკვეულ რეგიონებში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
სტიქიის შედეგად დატბორილია გზები და სახლები. რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. წყალდიდობის რამდენიმე გაფრთხილება მოქმედებდა გასული 24 საათის განმავლობაში კენტუკის, ტენესის, დასავლეთ ვირჯინიისა და ჩრდილოეთ კაროლინას ნაწილებში.
კენტუკიში, სადაც გუბერნატორმა, ენდი ბეშირმა ძლიერი წვიმის წინ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მთელი დღის განმავლობაში ფართომასშტაბიანი წყალდიდობა დაფიქსირდა.
“მთელი შტატი მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშაა, ღამის 12 საათიდან დილის 4 საათამდე”, – განაცხადა ბეშირმა X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსში. ამასთან, ძლიერი წყალდიდობის გამო, რამდენიმე შტატის ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, მოხუცთა თავშესაფრებიდან ბენეფიციარების ევაკუაცია განეხორციელებინა.
ნაციონალურმა მეტეოროლოგიურმა სააგენტომ წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა დასავლეთ ვირჯინიისა და სამხრეთ-დასავლეთ ვირჯინიის რამდენიმე ოლქში კვირა დღის, დილის 8 საათამდე გაახანგრძლივა. სააგენტომ აღნიშნულ წყალდიდობას “სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიში სიტუაცია” უწოდა.