ორშაბათი, მარტი 23, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა და პედაგოგთა ინიციატივით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა ფრაგმენტები ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, ასევე, თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების, პოეტების, დრამატურგების, პუბლიცისტებისა და ფილოსოფოსების ცნობილი ტექსტებიდან დედანსა და თარგმანში საჯაროდ წაიკითხეს, გარდა ამისა, შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი ნაწარმოებებიდან ამონარიდები შესთავაზეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში მიწვეულმა მწერალთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის წევრმა, მწერალმა და მთარგმნელმა ნანა შალამბერიძემ თავისი შემოქმედება გააცნო, ასევე, საკუთარი ნაწარმოებებიდან და თარგმანებიდან ნაწყვეტები წაიკითხა.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველწლიურად აღინიშნება, ღონისძიებაში კი, პედაგოგებთან ერთად, სტუდენტებიც ენთუზიაზმით ერთვებიან.

„ამ თარიღისადმი მიძღვნილ კვირეულში, ყოველწლიურად, სხვადასხვა ქვეყნის 30 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წელსაც შეუერთდა ამ საერთაშორისო ინიციატივას, რითაც მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. მთავარი მიზანი წიგნის კითხვის პროცესით ჩვენი ახალგაზრდების დაინტერესებაა იმდენად, რომ თვითონაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. მნიშვნელოვანია ისიც, ამით გვიძლიერდება ურთიერთმოტივაცია, რათა სწორედ დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესის, სწრაფად ცვლადი ინოვაციების, გაჯეტების, სოციალური ქსელების საუკუნეში შევიყვაროთ კითხვა, ერთმანეთს გავუზიაროთ განუმეორებელი შთაბეჭდილებები, გზა გავუხსნათ ახალგაზრდებს, თამამად გადმოიტანონ თავიანთი ნააზრევი ფურცელზე, აღმოვაჩინოთ ნიჭიერი, ახალბედა ავტორები და წავახალისოთ მათი შემოქმედებითი შესაძლებლობები“, – აღნიშნა თალიკო ჟვანიამ.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, თითოეულმა მონაწილემ ფრაგმენტი ერთი კონკრეტული ავტორის კონკრეტული წიგნიდან წაიკითხა. გარდა ამისა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა ქართველი პოეტების ლექსებზე შექმნილი ცნობილი სიმღერები შეასრულეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

,,მიყვარხარ, პატრიარქო” – ბიჭი ცნობილი ვიდეოდან, პატრიარქის დალოცვის შემდეგ სტიქაროსანი გახდა

„დილა მშვიდობისა საქართველო" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერს ბიჭთან, რომელიც საზოგადოებამ ცნობილი ვიდეოდან „მიყვარხარ პატრიარქო" გაიცნო.როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, პატრიარქის დალოცვის შემდეგ ის  სტიქაროსანი გახდა.ნახეთ სიუჟეტი სრულად:    

ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა პარაფარიკაობაში ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პარაფარიკაობის „მსოფლიოს თასი 2026’’ გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა – ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა ასპარეზობა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ფინალური შეხვედრა პოლონელ კინგა დროჟთან ანგარიშით 10:15 დაასრულა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.ირმა ხეცურიანმა, ასევე ხმლით ფარიკაობაში, ნახევარფინალური შეხვედრა იტალიელ ანდრეა მოგოსთან ანგარიშით 13:15 დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საპატრიარქო – მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.საპატრიარქოს ცნობით, მორწმუნე მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება შეეძლება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე.„ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება. ამის გათვალისწინებით, სასულიერო პირების მიერ პანაშვიდი 11:00-დან 16:00-მდე და 18:00-დან 22:00 საათამდე განუწყვეტლივ აღევლინება“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

ვიქტორ ორბანმა იუსტიციის მინისტრს დაავალა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს პიტერ სიიარტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ინფორმაცია

მთავრობის წევრის ფარული მოსმენები უნგრეთზე სერიოზული თავდასხმაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის იუსტიციის მინისტრს დაავალა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ინფორმაცია.უნგრული გამოცემების თანახმად, საგარეო სადაზვერვო სააგენტოებმა პიტერ სიიარტოს სატელეფონო საუბრებზე წვდომა ოპოზიციური ჟურნალისტის, საბოლჩ პანის დახმარებით მოიპოვეს, რომელიც Direkt36-სა და VSquare-ში მუშაობს.ანიტა ორბანი, რომელიც შესაძლოა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდეს, თუ ოპოზიციური პარტია „ტისა“ გაიმარჯვებს, ასევე „თანამზრახველად“ დასახელდა.გავრცელებული ცნობით, პიტერ სიიარტოს წინააღმდეგ „მნიშვნელოვანი სადაზვერვო ოპერაცია“ ტარდება.

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი – ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია

ილია მეორის სიყვარული მარადიული იქნება. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი სულიერი მამა, არამედ ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინამძღვარი. არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ახლა ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია, – ამის შესახებ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, თამასოსის ეპარქიის მიტროპოლიტმა ისაიამ განაცხადა.მიტროპოლიტმა ისაიამ ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.„ჩვენ გუშინ ჩამოვედით წმინდა ქალაქ თბილისში კვიპროსის კუნძულიდან, როგორც კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიისა და კვიპროსის არქიეპისკოპოს გიორგის წარმომადგენლები. მე ვარ მიტროპოლიტი ისაია თამასოსელი და პაფოსელი. პირადად ვიცნობდი აწ განსვენებულ უწმინდესს, პატრიარქ ილია მეორეს. ის ჩემთვის მეორე სულიერი მამასავით იყო. ჩვენ საქართველოს ვიცნობთ 90-იანი წლებიდან, როდესაც აქ სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიაში ვმსახურობდით უწმინდეს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა და ფიქრობდა თავის ხალხზე. 90-იან წლებში პატრიარქი ჩავიდა კვიპროსში და სწორედ მაშინ დაიწყო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებსა და ეკლესიებს შორის. დღემდე ამ ურთიერთობების ერთგვარი შუამავალი ვიყავი. ჩვენთვის უწმინდესი პატრიარქი ილია ახლა აღიქმება, როგორც მფარველი ანგელოზი. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი წმინდა, სულიერი მამა, არამედ ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინამძღვარი. არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ახლა ის, როგორც წმინდა ადამიანი, ყველასთვის მფარველი ანგელოზია. ჩვენ ერთი ადამიანი არ დაგვიკარგავს — ჩვენ ერთი მფარველი ანგელოზი შევიძინეთ. ვფიქრობ, დღეს ჩვენს მიწაზე დიდი პრობლემებია: ომები, სხვადასხვა განხეთქილებები, სირთულეები როგორც მართლმადიდებლურ სამყაროში, ისე მთელ მსოფლიოში და საჭიროა მისი ლოცვა. მგონია, რომ მან ყველაზე რთული დრო აირჩია ზეცაში გადასასვლელად, რათა უფრო ახლოს იყოს ღვთისმშობელთან, იესო ქრისტესთან და თავისი ლოცვით დაგვეხმაროს. კვიპროსის არქიეპისკოპოს გიორგის და ჩვენი სინოდის სახელით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს. გარწმუნებთ, რომ ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის სიყვარული მარადიული იქნება. მისი სიყვარულისა და ლოცვის წყალობით, ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობა მარადიული დარჩება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ისაიამ.

ბოლო სიახლეები