უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს მასთან ომის დასრულებაზე საუბრის ეშინია.
ზელენსკიმ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ თავისი ბრძანებულების გაუქმებას.
„ბრძანებულების გაუქმების საკითხი რუსეთის ფედერაციის ნარატივია. ისინი მუდმივად ეძებენ შანსს, რომ არ შეგვხვდნენ. მე ამას გულწრფელად ვამბობ. ისინი ეძებენ სხვადასხვა მიზეზებს. თუ ჩვენ გვსურს ომის დასრულება და მართლა გვსურს მშვიდობა – მაშინ მიზეზები ნამდვილად მეორეხარისხოვანია. დანარჩენი ყველაფერი გადაწყდება. დარწმუნებული ვარ ამაში. მაგრამ პრობლემა მგონია, ისაა, რომ პუტინს ეშინია ჩემთან ომის დასრულებაზე საუბრის. არ ვიცი რატომ, თითქოს ზრდასრული ადამიანია – ეშინია სხვა ადამიანთან მარტო დარჩენის თავისი „ხროვის“ გარეშე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია, აიძულოს პუტინი, ომი დაასრულოს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ შემუშავებული გეგმა უკრაინის ხედვას ითვალისწინებდეს.
„პირველ რიგში, ჩვენ უკრაინელები ვართ. ჩვენს გარეშე, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ომის დასრულება. იმიტომ, რომ ომი უკრაინაშია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი უსაფრთხოების გარანტიების მიღება და ის, რომ რუსეთს არ ჰქონდეს შანსი, ომი განაახლოს.
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს აშშ-ის ადმინისტრაციასთან. მისი თქმით, უკრაინის საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უახლოეს მომავალში ეწვევა კიევს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, თუმცა მათი ფორმატისა და თარიღების შესახებ დეტალები არ გაუმჟღავნებია.
„თუნდაც, რუსეთს რაღაც არ მოსწონდეს, ჩვენ გვჭირდება საერთო ხედვა პარტნიორებს შორის, და შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით დიპლომატიისთვის. მზად ვარ, თუ გვეცოდინება, რით დასრულდება ეს ომი ჩვენთვის. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის. არ მაქვს ამასთან არანაირი პრობლემა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.