საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, გუშინ დაკავებული მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა და თავად მოინახულა, მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე.
იოსელიანის თქმით, დღემდე არცერთი სამართალდამცველი არ არის მხილებული უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში, რაც მნიშვნელოვანი საკითხია.
„დღეს მე და ჩემმა წარმომადგენლებმა მოვინახულეთ ყველა დაკავებული მოქალაქე, რომელიც იმყოფება როგორც თბილისში, ისე თბილისს გარეთ. ყველა ფაქტზე, სადაც ადგილი აქვს ძალის გადამეტებას, სადაც ვნახეთ, რომ ადამიანები არიან ნაცემები, რა თქმა უნდა, შევადგინეთ შესაბამისი დოკუმენტაცია და გადავუგზავნეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. აქაც, ვინც ვნახე, პრაქტიკულად ყველამ, ერთის გარდა, მიუთითა, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, არასათანადო მოპყრობას. რამდენიმე მათგანს აღენიშნებოდა კიდეც სახეზე.
სამწუხაროდ, როგორც წინა აქციების დროს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება იქცა ჩვეულ ამბად, რადგან 25 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 22 მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, რაც, ჩემი აზრით, საგანგაშო სტატისტიკაა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული, სავარაუდო დანაშაული, იყვნენ მიცემული პასუხისგებაში. დღემდე ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც უამრავი ჩვენი მოქალაქე არის დაზიანებული, მათ შორის „ინგოროყვაშიც“ არიან ადამიანები, რომლებიც ახლა მკურნალობას გადიან, მაგრამ არცერთი სამართალდამცველი არ არის მხილებული თავისი უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გასცეს პასუხი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა, რომელიც დიღმის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა.
ამასთან, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მოუწოდებს შსს-ს, დაიწყოს მოკვლევა და გამოავლინოს ყველა პირი, ვინც მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდა.
„დაკავებულთა წარმომადგენლების გარდა, ჩვენთვის უშუალოდ არ მოუმართავთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ვნახე კადრები, სადაც ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები მოქალაქეების მიმართ, რასაც გამოვეხმაურე და დავგმე კიდეც. აბსოლუტურად მიუღებელია საკუთარი მოქალაქეების მიმართ ასეთი ტერმინების, ასეთი ბილწსიტყვაობის გამოყენება“, – განაცხადა იოსელიანმა.
იოსელიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართული აქვს ყველა შემთხვევაზე, სადაც იდენტიფიცირებულია მოქალაქისადმი პოლიციელის მხრიდან არასათანადო მოპრობა.
„სახალხო დამცველის ფუნქციაა, რომ ყველა ფაქტზე, სადაც ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას, ჰქონდეს პოზიცია, გააკეთოს განცხადება და მოითხოვოს საქმის დროული გამოძიება, დამნაშავეების დასჯა. ჩვენ გვაქვს მიმართული სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის ყველა შემთხვევაზე, სადაც დაიდენტიფიცირებული არის პოლიციელის მიერ არასათანადო მოპრობა მოქალაქის მიმართ. ეს არის, რასაც, პირველ რიგში, ჩვენ ვაკეთებთ და შემდეგ ვახდენთ ამ საქმეების მონიტორინგს. ნებისმიერი პოლიციელი, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს მას, იქ არის იმიტომ, რომ დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება. პოლიციელი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ამეტებს და არამცთუ უსაფრთხოებას იცავს, საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს, ამისთვის გვაქვს კანონმდებლობა, ამისთვის გვაქვს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომ ამ ყველაფერს გასცეს პასუხი და ასეთი ადამიანების მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული ზომები. როგორც აქამდე ვაფასებ პოლიციელების მიერ არასათანადო მოპყრობას, შეუძლებელია, სახალხო დამცველმა ამაზე მეტად შეაფასოს. მე არ მაქვს აღმასრულებელი მანდატი. აღმასრულებელი მანდატი აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელმაც ამ ყველაფერს უნდა გასცეს პასუხი“, – განუცხადა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს.