მე ამის შინაარსი ნაკლებად მესმის.
გზის გადაკეტვა კი არა ჯერ მედიაა გასახსნელი და იხვნისკარტები გასაშვები.
ამის მერე როცა დავილაპარაკებთ და საზოგადოება ბევრ განსხვავებულ ხედვას გაეცნობა, შევარჩევთ პროტესტის რა ფორმა სჯობს. – ამის შესახებ :გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.
“შეიძლება ეს გზის გადაკეტვა იყოს ან სხვა რამე, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკის მერე უნდა გადაწყდეს ეს.
მე არ მომწონს ბრძოლის ეს მეთოდი, მაგრამ თუ გზის გადაკეტვაა, ეს უნდა გააკეთონ იმუნიტეტიანმა დეპუტატებმა, სწორედ ამიტომ აირჩია ისინი ხალხმა, ვინც ბრძოლის ამ გზას უჭერს მხარს.
გადაკეტილ გზაზე როცა მოქალაქე დადგება, ეგ ქოცური მართლმსაჯულებითაც კი ვერ იქნება დანაშაული.
(მოლში ვიყავი, გზაზე მოძრაობა არ იყო და გზის მეორე მხარეს გადავდიოდი, ან მეგობარი შემხვდა და გამოველაპარაკე, შეუძლებელია დამნაშავე ვიყო)
თუ 4-5-9-25 პოლიტიკოსები ამას არ აპირებენ, მათ უნდა თქვან, რომ არ უჭერენ მხარს, პროტესტის ამ ფორმას და სიფრთხილისკენ მოუწოდონ ადამიანებს.” – წერს იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: “აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ , რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.”