ჩვენ ვართ იმ სტადიაში, როცა ყველა განსხვავებული აზრი არის მტრული, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია და კანონი კი არის, რომ ყველა აზრი უნდა წარმოჩინდეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ნორმალურ ვითარებაში ეს შეიძლება, მართლაც ასე გამოსულიყო, მაგრამ ამ პოლარიზებულ გარემოში,0 გარკვეულწილად მომგებიან ვითარებაში არიან ის ტელევიზიები, რომლებსაც თავიანთი ნიშა უკავიათ და თავიანთ პოლიტიკურ, თუ მსოფლმხედველობრივ ხაზს ქმნიან. ამას საწყენად არ მიიღებენ, რადგან ეს საწყენი არ არის. ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა წარმოვაჩინოთ. ამ ნიადაგზე, ეს კანონში კი წერია და ვინც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობას იწყებს, ყველამ ვიცით, მაგრამ პრაქტიკაში ეს იწვევს ყველას უკმაყოფილებას. ერთი ნაწილი უკმაყოფილოა, რატომ ამბობთ ამას, მეორე ნაწილი უკმაყოფილოა, რატომ მოდის ის, ის რატომ იყო ამდენი წუთი, მეორე რამდენი წუთი იყო, აი, თქვენ „ნაცები“ გახდით, აი, თქვენ იმის პროპაგანდისტები ხართ და ა.შ. ჩვენ ხომ ასე ვართ, ზოგი ნერვებს აჰყვება, ზოგი სამართლიანად, ზოგიც ისე და ეს არ არის ადვილი გასაძლები. დღესაც კი, როდესაც არხი ამ ვითარებაშია და უამრავ სრულიად დაუსაბუთებელ ბრალდებას ისმენს, ზოგი ამას გულწრფელად ამბობს და ამ ბრალდებების ტყვეობაშია, მაგრამ ზოგმა იცის, გამიზნულად რატომაც ქმნის და მეორე მხრიდანაც ზუსტად იგივე მოდის“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეფასებას გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ სამეურვეო საბჭოს ორი წევრი, რომლებიც პირველ არხთან მიმდინარე აქციების მონაწილეთა პროტესტსა და პრეტენზიებს იზიარებენ, ორი-ორზე ფორმატს ითხოვდა, რის გამოც ბორდის 11-ვე წევრის მონაწილეობა ვერ მოხერხდა, რადგან გადაცემის მიზანია, საბჭოს ყველა წევრის პოზიციები ყოფილიყო მოსმენილი, ვასილ მაღალაფერიძემ განაცხადა, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება და რაც ქვეყანაში ხდება, არხზეც იგივე გადმოვიდა.
„საზოგადოებრივ არხს რომ ვამბობ, ეს რაღაცნაირად, გულისხმობს ერთ მთლიან საზოგადოებას. ჩვენ რამდენად ვართ ერთი საზოგადოება, ეს არის კიდევ პრობლემა და რამდენად არის ერთი სამეურვეო საბჭო? პარლამენტმა კი დაამტკიცა ეს, მაგრამ რა ვითარებაში ვართ, რომ ერთი საზოგადოების წევრებს ასე მიაჩნიათ, მეტს ვერ ხედავენ და რაღაც პარიტეტს ითხოვენ. კანონთან არიან ვითარებაში, რომ ერთად დასხდომაც უკვე გახდა პრობლემა და ეს აქაც აისახა. ჩვენ რამე განსაკუთრებულს კი არ ვხედავთ?! რაც ქვეყანაში ხდება, ის გადმოვიდა აქაც“, – განაცხადა მაღალაფერიძემ.