ოთხშაბათი, სექტემბერი 16, 2026

„მხოლოდ ასფალტზე გაზრდილი ბავშვი დედის ალერსს მოკლებული პატარასავითაა“

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა და რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსმა, არნოლდ გეგეჭკორმა, დედამიწას სამჯერ შემოუარა, 40 წლის მანძილზე ფეხი ხუთ კონტინენტზე დადგა და ჩვენი პლანეტის ყველა ბუნებრივი ზონა დალაშქრა. პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც სამეცნიერო მივლინებებს ველზე ატარებდა, ასევე ერთადერთი ქართველი მეცნიერია, ვინც ცენტრალურ ავსტრალიაში დადგა ფეხი. ნანახი და განცდილი დღიურებად აქცია და ბუნების თვითმყოფადი კადრები მხატვრული ოსტატობით აღბეჭდა ფოტოფირზე. 48 ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოცემული წიგნისა და როგორც სამეცნიერო, ისე პუბლიცისტური ხასიათის 600-ზე მეტი ნაშრომის ავტორი 1963 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სამეცნიერო-ფაუნისტურ ექსპედიციებს კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ციმბირში, შორეულ და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს უნივერსიტეტების გარდა ლექციებს მსოფლიოს ყველა კონტინენტის წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის, აშშ-ში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კენიაში, გერმანიაში, ტანზანიაში, მექსიკასა და ეკვადორში კითხულობს. არაერთი პრემიისა და ჯილდოს ლაურეატი და ორგზის ღირსების ორდენის კავალერი ათობით საერთაშორისო ფედერაციის, აკადემიისა თუ კომიტეტის წევრი გახლავთ. მიიჩნევენ სერგი მაკალათიას, ნიკო კეცხოველის, იაკობ გოგებაშვილის მიმდევრად.

არნოლდ გეგეჭკორმა შეისწავლა დედამიწის სხვადასხვა მდინარის, ტბისა და ჩანჩქერის სათავეები და დიდი უდაბნოები – საჰარა და ყარაყუმი. დაკვირვებები აწარმოა კალიფორნიისა და ტასმანიის ტყეებსა და მათ ბინადრებზე – ათასობით სახეობის ეგზოტიკურ ცხოველსა და ფრინველზე. იცხოვრა ავსტრალიის, აფრიკისა და ამერიკის აბორიგენებთან, ბინდიბუსა და მასაის ტომებთან ერთად, რომელთა ნაწილი ამჟამადაც პალეოლითისა და ნეოლითის ეპოქათა წესით ცხოვრობს. არ არსებობს საქართველოსა და მთელს კავკასიაში ხეობა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორსა და ზოოლოგიის კათედრის გამგეს ფეხით არ მოევლოს, არ შეესწავლოს და სტუდენტებისა თუ დაინტერესებული მკითხველისთვის წიგნად არ მიეწოდებინოს.

ბატონ არნოლდს საკუთარი მრავალფეროვანი გამოცდილების გარდა ბავშვისა და ბუნების ახლო კავშირის მნიშვნელობის შესახებ ვესაუბრეთ.

 

– ბატონო არნოლდ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის, მისი მსოფლმხედველობის, ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის ბუნებასთან ხშირი კონტაქტი? რამდენად უწყობს ბუნებაში ხშირი გასეირნება ხელს მშობელსა და ბავშვს შორის კონტაქტის გაღრმავებასაც?

– ფსიქიკა გარემოში ყალიბდება. უფრო მეტიც, ორგანიზმის ყალიბსაც გარემო პირობები განსაზღვრავს. ადამიანი გონიერი არსებაა და მისი მენტალობა საცხოვრებელ გარემო პირობებში ყალიბდება. ერთხელ, ხევსურეთში ყოფნისას მუცოში ბებია და შვილიშვილები დავინახე. ერთხანს ბავშვები დაასვენა, თავად ყალიონი გააბოლა. ჰორიზონტზე თავშესაფრის მაგვარი არაფერი ჩანდა. მაინტერესებდა სად შეიძლებოდა წასულიყვნენ. დავაკვირდი და დავინახე, რომ კლდის მიწურში შევიდნენ. ისინი აქ 8-9 თვეს  ატარებენ, ბუნებასთან აბსოლუტურად შიშველი ხელებით… არა მხოლოდ რეგიონები, არამედ თითოეული ხეობის მოსახლეობა სხვა ხეობის მოსახლეობისგან ეთნო-ფსიქოლოგიურად განსხვავდებიან. რელიეფი და ბუნების სიმდიდრე ეთნოფსიქიკაზე დიდ გავლენას ახდენს. მოგეხსენებათ, საქართველოს 38 % ტყითაა დაფარული. ეს კი, სულიერებისა და ესთეტიზმის თვალსაზრისით წარმოუდგენელი სიმდიდრე გახლავთ. ის სულიერებაში იბუდებს და აუცილებლად წარმოჩინდება ვაჟას, გალაკტიონის სახით… მოზარდი, რომელიც თბილისში იზრდება და მოკლებულია სიმწვანეს, აქვე ,თბილისთან ახლოს, საბადურის ტყეშიც რომ გავიყვანოთ, სულიერ სამყაროს გაიმდიდრებს… ვაჩვენოთ, თუნდაც, სოკო, ფუტუროიანი, დიდვარჯიანი ხე. ლაგოდეხის ნაკრძალში შველს, ირემს ნახავს. სახლში რომ ვაჟას „ხმელ წიფელს“ ან „შვლის ნუკრის ნაამბობს“ გაეცნობა, შემდეგ კი მის ანალოგებს ვაჩვენებთ, ბავშვის ფსიქიკა მნიშვნელოვნად მდიდარი და მრავალფეროვანი გახდება. ბუნებაში გასვლა, აქტიური დასვენების ეს საუკეთესო ფორმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალების აღდგენაში გვეხმარება. ცოცხალ ბუნებასთან კავშირი ყველა ნორმალური ადამიანის მოთხოვნილებაა, რადგან ადამიანი ცივილიზაციის პირობებშიც ბიოლოგიურ არსებად რჩება. ბუნებასთან მზარდი მოწყვეტის ახლანდელ პირობებში ადამიანები სულ უფრო მძაფრად გრძნობენ დაკარგულ სამოთხესთან ურთიერთობის განახლების საჭიროებას. ცოცხალი ბუნებისკენ ლტოლვის ერთ-ერთ გამოხატულებას ბინაში ეგზოტიკური ცხოველებისა და მცენარეების მომრავლება წარმოადგენს. მხოლოდ ასფალტზე გაზრდილი ბავშვი დედის ალერსს მოკლებული პატარას ტოლფასია. ასეთი ადამიანი არ გამოდგება ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რადგან მან მამულის, მიწის ფასი არ იცის. სხვათა შორის, რუზველტმა პრეზიდენტობის პირველივე ეტაპზე ამერიკის ყველა შტატი შემოიარა.  მიზნად საკუთარი ქვეყნის მიწის, ბუნებრივი პირობების შესწავლა ჰქონდა. ბუნების ესთეტიკური აღქმა ორგანულადაა დაკავშირებული პატრიოტიზმთან. რაც უფრო მშვენიერია მამული, მისი მიწა-წყალი, მით მეტადაა განვითარებული  ადამიანში ესთეტიზმი, მით უფრო ღრმადაა მასში მშობლიური მთა-ბარის სიყვარული – პატრიოტიზმის გრძნობა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მტრის გარემოცვაში მოქცეული ერთი მუჭა ქართველი ხალხის ფიზიკური გადარჩენისა. მშობლიური კუთხის პეიზაჟი ადამიანის გულთან გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე სხვა. თუნდაც ეს სხვა, ესთეტიკის თვალსაზრისით, მის მიწა-წყალს აღემატებოდეს.

-ამბობენ, საკუთარი ქვეყნიდან შორს წასული სხვაგვარად აფასებს თავის სამშობლოს… იმ სიკეთეებს, რასაც სამშობლოში მყოფი ხედავდა და ვერც ხედავდა, უცხო ქვეყნიდან მთელი სიცხადით ჩანს და შესაბამისად, მეტად დასაფასებელიც ხდება. როგორ შეაფასებთ ჩვენს მიწა-წყალს როგორც ნაყოფიერების, ისე ესთეტიკის თვალსაზრისით?

-საქართველო დედამიწის რუკაზე მხოლოდ ერთი წერტილია, მაგრამ ბუნებისა და კულტურის ძეგლთა უნიკალურობით ის ერთ-ერთი მოწინავე კუთხეა მთელ მსოფლიოში. ვისაც უნახავს საქართველო, არასოდეს დაავიწყდება მისი ბუნებრივი სიმდიდრეები: ზვიადი მთები, ნაზი და თბილი ზღვისპირეთი. ასეთ, შედარებით მცირე ტერიტორიაზე იშვიათად ქმნის ბუნება მსგავს კონტრასტებს: ტროპიკულ სიცხეს აჭარის მთისწინებში, გამყინავ ქარებს ღრუბლებს ზემოთ, მთათა მწვერვალებში. მათ შორის კი მწვანე ოკეანედ აქოჩრილა დიდებული და შთამბეჭდავი ტყეები – უზარმაზარი ხუთასწლოვანი კავკასიური სოჭები და ნაძვები, მუხნარები და რცხილნარები…არაერთხელ მითქვამს ჩოხით შემოსილს: ქართველი მამაკაცი ყველაზე მეტად ლამაზ ქალს, ლამაზ ცხენსა და ლამაზ მამულს უნდა უფრთხილდებოდეს, სამივე მათგანზე ხომ ათას კაცსა აქვს თვალი დადგმული-მეთქი?! რაც უფრო მშვენიერია მისი მიწა-წყალი, მით უფრო მეტადაა განვითარებული ადამიანში ესთეტიზმი, მით უფრო ღრმად აქვს ფესვი გადგმული მშობლიური მთა-ბარის სიყვარულს – პატრიოტიზმის გრძნობას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ურიცხვი და აგრესიული მტრის გარემოცვაში მოქცეული ერთი მუჭა ქართველი ხალხის ფიზიკური გადარჩენისა, არა მარტო არსებობის შენარჩუნებისა, არამედ იმ სამი ღვთაებრივი საბოძვარის შემონახვისა, ენა, მამული და სარწმუნოება რომ ჰქვია. აქ ყველაფერი თვალწარმტაცი და ნაყოფიერია. ჩვენს ბარაქიან მიწაში ჩაგდებული ყოველი მარცვალი უცილობლად აღმოცენდება. ამიტომ ქართველ კაცს საარსებო საშუალების საძებნელად არსად წასვლა არ სჭირდება. ჩვენ ხომ არაფერი გვაკლია?! ბუნება ჭეშმარიტად ლამაზია მაშინ, როდესაც მასში სიცოცხლე ჩქეფს.

– თქვენს უნიკალურ ფოტოარქივს შევეხოთ… როგორ იქმნებოდა ის?

– ფოტოაპარატის გარეშე არსად მივდიოდი. ველზე სიარულისთვის საჭირო სხვა ნივთებთან ერთად სხვადასხვა ზომის 7 ფოტოაპარატი და ტელეობიექტივები დამქონდა, რაც ბარგს დამატებით 12 კილოგრამს სძენდა. ყველა სეზონზე, მინიმუმ, ერთი ტომარა ფირი მიგროვდებოდა. როცა შხარადან ჩამოსულმა მის ძირში უზარმაზარი შავი ლოდის ქვეშ 4 სიფრიფანა გვირილა დავინახე, გაოცებული ვფიქრობდი – როგორ შეიძლება ასეთმა ნაზმა მცენარემ ამხელა შავ ლოდთან ერთად იარსებოს?! ალბათ, ეს საოცარი კონტრასტი იცავს ამ ნაზ ყვავილებს შხარას ცივი კედლებისგან… გარდა ესთეტიკისა, ეს გახლავთ სიცოცხლისთვის ბრძოლის სიმბოლო. გაზიარების გარეშე ჩემი გული ამდენს ვერ დაიტევდა, სწორედ ამიტომ, ნანახს სხვებს ფოტოების საშუალებით ვუზიარებდი… ამ გამოცდილების სანაცვლოდ 22-ჯერ ბუზმა ცეცემ მიკბინა, არაერთხელ მალარიის გადამტანმა კოღომ. რამდენჯერმე გადავურჩი ასპიტისებრ გველს. გვატემალას ჯუნგლებში შხამიანმა მუხამ დამსუსხა და კანის წყლულით დაავვადდი. აფრიკის სავანაში კარავში ვცხოვრობდი. ვიგრძენი, რომ ვიღაც თუ რაღაც კარვის თოკს ეთამაშებოდა. ადგილობრივ თანმხლებს გავძახე, რა ხდება-მეთქი. მომიგო: „იძინე მშვიდად!“. გავაღე ბადიანი ფანჯარა და შორსმაშუქი ფანრის შუქზე 25 მეტრში დაწოლილი ლომი დავინახე, თავის ბოკვერებს ეთამაშებოდა. ერთ-ერთი მათგანი კი ჩემი კარვის თოკთან ერთობოდა…

-გამცილებელმა რატომ გიპასუხათ მსგავს სიტუაციაში ასე „პარადოქსულად“ – „იძინე მშვიდად!“

– დიახ, ასე ჟღერს, მაგრამ მან კარგად იცოდა რასაც ამბობდა. ასეა, კარავს აქვს რაღაც აუხსნელი, მაგიური ძალა – მტაცებელი ცხოველი შიგნით არ შედის. მხოლოდ, არანაირი სახის საკვები იქ არ უნდა დარჩეს…

– სხვადასხვა ადგილას, ალბათ, ბუნება განსხვავებულ  მუსიკას „უკრავს“…

– დიახ, მსგავსი „მუსიკა“ განსაკუთრებით ტყეში აღიქმება. ფოთლების შრიალი, ფაუნა, ჩანჩქერი, მდინარე – ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ადამიანი ამ მუსიკას ისმენს… ამის კლასიკური მაგალითი შტრაუსი გახლავთ. ტყე ბგერათა მთელი სიმფონიაა. იგი ხმაურობს ქარისგან, ჭრიალებს სიბერეში შესული ხეების ზროებისგან, მღერის ფრინველების ხმებით.

– თქვენი მრავალფეროვანი ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დროსთან ძალიან „ახლო“, განსაკუთრებული დამოკიდებულება არ გქონდეთ, მისი სიმკაცრისა და ვერაგობის „წინააღმდეგ“ თქვენეული ტაქტიკა არ გაგაჩნდეთ… გაგვიზიარეთ…

-თუ დროს რაციონალურად ვერ გამოიყენებ, ვერასოდეს გააკეთებ დიდ საქმეს. სტუდენტობისას ბევრი რამ მიწყობდა ხელს რუსთაველის პროსპექტზე დამეღამებინა. მაგრამ როგორც კი გამოცდები მოახლოვდებოდა, დრო ჩერდებოდა, სივრცე იხურებოდა და არავის „დაძახილზე“ არ ვიხედებოდი… რაც უფრო ასაკში შევდივარ, ყოველი წამი უფრო და უფრო დასაფასებელი ხდება.

-რას ისურვებდით?

-ქართლსა და ქიზიყში გულგამომპალ ხეზე იტყვიან – დაყანდებულაო. გულით ვისურვებდი, დაე, არასოდეს დაყანდებულიყოს არც ქვეყნიერების, არც ჩემი მამულის „სიცოცხლის ხე“

შორენა ლაბაძე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალექსანდრე ტაბატაძე – მისასალმებელი იქნება, თუ თამაზ ბორაშვილი წლების განმავლობაში თავის დასახულ ამოცანებს ბოლომდე მიიყვანს

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე დღევანდელი მოხსენება უფრო პროფესიული მიმართულებით იყო წარმოდგენილი, მის მოხსენებაშიც ჩანდა, რომ იგი არის პროფესიონალი, რომელიც ამ უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. მან ძალიან შინაარსიანად წარმოადგინა თავისი სამომავლო ხედვები სხვადასხვა მიმართულებით. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მას ამ უწყებაში წლების განმავლობაში აქვს ნამუშევარი და თითქმის ყველა გამოწვევა იცის, ნაფიქრი აქვს ამაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.მისი თქმით, მისასალმებელი იქნება, თუ თამაზ ბორაშვილი წლების განმავლობაში თავის დასახულ ამოცანებს ბოლომდე მიიყვანს.„დიდი იმედი მაქვს, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს. კარგი და მისასალმებელი იქნება, თუ წლების განმავლობაში თავის დასახულ ამოცანებს ბოლომდე მიიყვანს. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სამსახურის განვითარებისა და იმ სტრატეგიებისთვის, რომლებიც დაგეგმილი აქვთ. ვუსურვებ, რომ ეს მოვალეობა სწორედ თავისი უფლებამოსილების ვადებში შეასრულოს. ყოველთვის ვამბობ, რომ ცვლილებები სისტემისთვის კარგი არ არის, მაგრამ ეს ადამიანებზეა დამოკიდებული. ჩვენ ამ ადამიანების პირად ცხოვრებაში ვერ ჩავერევით, თუ მათ ასე აქვთ განსაზღვრული. მთავარია ერთი რამე – დღევანდელ ხელისუფლებასა და ჩვენს გუნდს აქვს ის შესაძლებლობები და ჰყავს ის კვალიფიციური კადრები, რომელთა მეშვეობითაც როტაცია ყოველთვის ხდება. ჩვენ ყოველთვის ვანაცვლებთ კადრებს იმ იმედით, რომ ესა თუ ის მიმართულება უფრო გაძლიერდება. ამის რესურსი ჩვენ ნამდვილად გვაქვს“, – განაცხადა ტაბატაძემ.სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილ თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში დღეს მოუსმინეს.

„ჩემთვის დედა განსაკუთრებული იყო… მინდა გთხოვოთ, ვისაც დედები გყავთ, გაუფრთხილდით…“ – კახა კალაძემ საზოგადოებას თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისის მთავრობის სხდომა დღეს ემოციურად დაიწყო. დედაქალაქის მერმა საზოგადოებას თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა და დედის სიყვარულზე ისაუბრა.„რამდენიმე დღის წინ დედა გარდამეცვალა. უამრავმა ადამიანმა დამირეკა, მომწერა, გაიზიარა ჩემი და ჩემი ოჯახის ტკივილი. დედის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის დედა განსაკუთრებული იყო... მინდა გთხოვოთ, ვისაც დედები გყავთ, გაუფრთხილდით. ჩაეხუტეთ, მოეფერეთ...“,- თქვა კახა კალაძემ.

მერაბ გამყრელიძე რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონული სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის უფროსმა რეგიონებში არსებული ვითარების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების, სტატისტიკური მონაცემებისა და დანაშაულის გახსნის მაჩვენებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.„მერაბ გამყრელიძემ რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა დანაშაულის გამოვლენისა და ეფექტიანი გამოძიების, ასევე, სამართალდარღვევათა პრევენციის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. საგამოძიებო სამსახურის უფროსის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი რეგიონებში საფინანსო- ეკონომიკურ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა, მისი დროული გამოვლენა და ხარისხიანი გამოძიებაა. მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სამსახურის სამომავლო პრიორიტეტები და რეგიონული დანაყოფების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებები. სამსახურის უფროსმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა და საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.სამუშაო შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

რუსთავში, სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა

რუსთავში, სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა -  ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანი მეგობრობის გამზირზე, მეგობართან ერთად ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო – ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში...

პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა.როგორც ჯაღმაიძე წერს, სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე.“პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე. განსაკუთრებით იმ პერიოდში, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე.ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა და იმედია დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“,- წერს ჯაღმაიძე.ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა და „ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა“.ამასთან, განცხადება გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, რომელიც ილია მეორის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების გახარჯვის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს.განცხადებაში ნათქვამია, რომ საჯარო არ არის კულტურის სამინისტრომ 722.6 ათასი ლარის რა ნაწილი დახარჯა კონტრაქტორების მეშვეობით, რომელმა კომპანიებმა მიიღეს კონტრაქტები, რა მომსახურებისთვის, რა ოდენობით და რა საფუძვლით შეარჩიეს ისინი. ასევე უცნობია, როგორ დახარჯა თავისი წილი დანარჩენმა ხუთმა უწყებამ."საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზებისთვის 20 მარტს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ექვს უწყებას სულ 5.59 მილიონი ლარი გამოუყო, მათ შორის 3 მილიონი ლარი – კულტურის სამინისტროს. ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, ამ თანხიდან კულტურის სამინისტრომ მხოლოდ 722.6 ათასი ლარი დახარჯა. დაკრძალვის ცერემონიალის შემდეგ, 8 მაისს, მთავრობამ შეიტანა ცვლილება სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ განკარგულებაში, მიუსადაგა ის რეალურ ხარჯებს და შეამცირა გამოყოფილი თანხები. ახალი განკარგულებით კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა ზუსტად 722.6 ათას ლარამდე, ხოლო სულ ჯამური პაკეტი 2.56 მილიონ ლარამდე შემცირდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები