ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ის ფუნდამენტური პრინციპები და წესები დაარღვია, რის გამოც საქართველო არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი და რაც გულისხმობს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და, მათ შორის, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, „გახარია – საქართველოს“ წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წერილი მისწერეს და ითხოვეს, ამ დარღვევებიდან გამომდინარე, „ბიძინა ივანიშვილის არაღიარებულ პარლამენტს, და არა საქართველოს პარლამენტს, შეუწყდეს უფლებამოსილება“.
თეონა აქუბარდიას თქმით, პარტნიორი პარტიის მიწვევით „გახარია – საქართველოსთვის“ იქნება წარმოდგენილი შეხვედრაზე, სადაც დამატებითი შესაძლებლობები ექნება, ისაუბროს იმ პრინციპების უხეშ ხელყოფაზე, რის გამოც საქართველო არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი.
„ამ მოსმენების შედეგად რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ვიცავთ იმ დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლის გზას, რომელიც ჩვენი კონსტიტუციის მთავარი ფუნდამენტური პრინციპია და რასაც ივანიშვილის რეჟიმმა არათუ გვერდი აუარა, არამედ სასტიკად დაარღვია. ამ დისკუსიაზე ჩვენი პარტია არის მიწვეული ჩვენი პარტნიორი პარტიის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებული პარტიის მოწვევით. გარდა იმისა, რაც წერილში გვაქვს და კონკრეტულად აღწერილია ის მუხლები, რომლებიც დაარღვია ივანიშვილის რეჟიმმა, რის გამოც მას უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, რადგანაც ის არ წარმოადგენს საქართველოს, არამედ ის არის ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი. სხვა დანარჩენი რა იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ მთავარი ვალდებულებაა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის, რომელიც სწორედ ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხზე არის შეკრებილი, განიხილოს მისი წევრი ქვეყნის შიგნით როგორ შეილახა ყველა ფუნდამენტური პრინციპი“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.