ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025

ტრამპმა საიდუმლო სამსახურის უფროსად დანიშნა აგენტი, რომელმაც ის პენსილვანიაში მკვლელობას გადაარჩინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყნის საიდუმლო სამსახურის უფროსად აგენტი შონ კერანი დანიშნა, რომელმაც 2024 წლის ივლისში ის პენსილვანიაში მკვლელობას გადაარჩინა.

„მან დაამტკიცა უშიშარი მამაცობა, როცა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბატლერში, პენსილვანიის შტატში მკვლელის მიერ გაშვებულ ტყვიას გადამარჩინა. მე სრულად ვენდობი შონს იმაში, რომ ის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს გახდის ძლიერს, როგორც არასდროს“, – დაწერა ტრამპმა.

როგორც ტრამპმა დაწერა, კერანს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება აქვს. მან საიდუმლო სამსახურში მუშაობა სპეციალური აგენტის თანამდებობაზე 2001 წელს დაიწყო.

ცნობისთვის, 2024 წლის ივლისში, ტრამპზე თავდასხმის შემდეგ საიდუმლო სამსახურის მაშინდელმა უფროსმა კიმბერლი ჩიტლმა თანამდებობა დატოვა. უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად რონალდ როუ დაინიშნა, რომელსაც, თავის მხრივ, კერანი შეცვლის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები მოასწავებდნენ ათას უბედურებას ქვეყნისთვის, საბედნიეროდ, მათი პროგნოზები არასდროს მართლდება, ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა

რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები მოასწავებდნენ ათას უბედურებას ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა, ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ, რადიკალების პროგნოზები არასოდეს მართლდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ განცხადებების ფონზე ხელისუფლებამ შეძლო და ქვეყნის ეკონომიკა ოთხ წელიწადში გაზარდა 40 მილიარდი ლარით. „რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები ასე ლაპარაკობენ, უკვე წლებია. 2020 წლიდან მოყოლებული განსაკუთრებით, ისინი საუბრობენ ასეთ ტონალობაში, მუდმივად საუბრობენ რისკებზე, პრობლემურ განვითარებაზე. საბოლოო ჯამში, ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა და თქვენ ხედავთ, რომ ამ განცხადებების ფონზე ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ოთხ წელიწადში გავზარდეთ 40 მილიარდი ლარით. მაშინაც რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები, მათ შორის მხარდამჭერი ბიზნესმენები, მოასწავებდნენ ათას უბედურებას ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა, ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ, რადიკალების პროგნოზები არასოდეს მართლდებოდა, ჩვენი ქვეყანა განაგრძობდა ეკონომიკურ განვითარებას, ოთხ წელიწადში 40 მილიარდით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა და ჩვენი მიზანი შემდეგი ოთხ წლისთვის არის ასევე 40 მილიარდი ლარით ქვეყნის ეკონომიკის გაზრდა. 2028 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს, მინიმუმ, 130 მილიარდი ლარი. როგორც არ უნდა საუბრობდნენ ეს ადამიანები, ჩვენ განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

თეონა აქუბარდია – ფაქტია, რომ კიდევ უფრო გაიზრდება წნეხი, რომ ხალხმა დააბრუნოს საქართველო კონსტიტუციურ სივრცეში

ფაქტია, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება სანქციები ივანიშვილის რეჟიმის მიმართ და კიდევ უფრო გაიზრდება წნეხი მათ მიმართ, რომ ქართველმა ხალხმა დააბრუნოს საქართველო კონსტიტუციურ სივრცეში და იმ ცივილიზაციურ არჩევანში, საიდანაც ივანიშვილმა ეს ქვეყანა გაიყვანა, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. თეონა აქუბარდიას კითხვა დაუსვეს ესტონეთის პარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ განცხადებაზე. „გარდა იმისა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის, ეს არის ქვეყანა, რომელმაც გაწყვიტა ურთიერთობები ივანიშვილის რეჟიმთან და, მათ შორის, საგულისხმოა, რომ შვედეთის შემდგომ მეორე ქვეყანაა, რომელმაც საპარლამენტო ურთიერთობებიც გაწყვიტა არალეგიტიმური პარლამენტისა და რეჟიმიდან გამომდინარე. მოწოდება სანქციებთან დაკავშირებით, ისევე როგორც დამატებითი მუშაობა ევროკავშირის ფარგლებში, არის იმ მხარდაჭერის გამოვლინება, რომელსაც ესტონეთი ქართველ ხალხს უცხადებს. შესაბამისად, რაც არ უნდა ბოდვითი აშლილობის ფრაზები მოვისმინოთ ივანიშვილის რეჟიმისგან, ფაქტია, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება სანქციები ივანიშვილის რეჟიმზე და კიდევ უფრო გაიზრდება წნეხი მათზე იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა დააბრუნოს საქართველო კონსტიტუციურ სივრცეში და იმ ცივილიზაციურ არჩევანში, საიდანაც ივანიშვილმა ეს ქვეყანა გაიყვანა“, – განაცხადა აქუბარდიამ.

დონალდ ტრამპი – სი ძინპინმა დამირეკა, ვფიქრობ, კარგი ურთიერთობა გვექნება, იმედია, ჩინეთი დაგვეხმარება რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სინ ძინპინი ამერიკას რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაში დაეხმარება. „სი ძინპინმა დამირეკა. ვფიქრობ, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვექნება. ჩვენ მუდამ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ვიმედოვნებთ, რომ კარგად ვიმუშავებთ და შევთანხმდებით. იმედია, ჩინეთი დაგვეხმარება ომის შეჩერებაში, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის, რადგან მათ დიდი გავლენა აქვთ ამ სიტუაციაზე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას. ამასთან, დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობაზეც ისაუბრა. „ ერთადერთი, რაც გვინდა, სამართლიანობაა. გვსურს თანაბარი პირობები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი: მინდა, რაც შეიძლება, მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ომი, მილიონობით სიცოცხლე იკარგება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიღწევის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ  შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას ისაუბრა. „მინდა, რაც შეიძლება, მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ეს ომი. ეს არ არის ეკონომიკური მიზეზის გამო. ეს იმიტომ, რომ მილიონობით სიცოცხლე იკარგება“, – აღნიშნა ტრამპმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინა მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. მან რუსეთ-უკრაინის ომი „სასაკლაოდ“ მოიხსენია და დასძინა, რომ მსგავსი სცენები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა ბირთვული რესურსის შემცირების საკითხზეც. „მე გეტყვით, რომ პრეზიდენტ პუტინს ძალიან მოეწონა ბირთვული რესურსების შემცირების იდეა. ვფიქრობ, რომ დანარჩენ მსოფლიოსაც დავითანხმებდით ამაზე. ვფიქრობ, ჩინეთიც შემოგვიერთდებოდა. ჩინეთსაც მოეწონა ეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

“ახალ თეატრთან” მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი დასრულებულია

"ახალ თეატრთან" მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი დასრულებულია. არტისტებმა დღევანდელ საპროტესტო აქციაზე განაცხადეს, რომ "ახალი თეატრი" გადის რეგიონებში, რათა ხმა ყველას მიაწვდინონ. ამავე აქციაზე, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა მანიფესტზე შეკრებილებს უთხრა, რომ დღემდე ეცადნენ დიალოგი ჰქონოდათ პროკურატურასთან, თუმცა საგამოძიებო უწყებამ ისინი არ შეიმჩნია. "ახალი თეატრის" დასის წევრები, მათი კოლეგის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

ბოლო სიახლეები