დადგა ის 20 იანვარი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა თავის პროპაგანდაში, იმ ტყუილების ტირაჟირებაში, რომელსაც ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის თავს მოეხვიათ. თუმცა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ვნახეთ ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების და არა „ქართული ოცნების“ მიმართ, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, ვინმეს თუ ჰგონია და კიდევ ცდილობს, პროპაგანდაში ჩართოს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფაქტორი, ის მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების მოტყუებას.
„დადგა ის 20 იანვარი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა თავის პროპაგანდაში, იმ ტყუილების ტირაჟირებაში, რომელსაც ცდილობდნენ, რომ საზოგადოებისთვის თავს მოეხვიათ. თუმცა, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ვნახეთ ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების და არა „ქართული ოცნების“ მიმართ. ეს მხარდაჭერა გამოიხატა ძალიან მკაფიო პოლიტიკურ პოზიციებში, მათ შორის „ქართული ოცნების“ არაღიარების მიმართულებით, კონკრეტული სანქციების დაწესებით ყველა იმ პირზე, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმაზე. ვხედავთ, რომ ეს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ და რეჟიმის საწინააღმდეგოდ უფრო და უფრო ფართომასშტაბიანი ხდება.
ამ მოცემულობაში, ვინმეს თუ ჰგონია და კიდევ ცდილობს, პროპაგანდაში ჩართოს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფაქტორი, ის მიზანმიმართულად ცდილობს, მოატყუოს საზოგადოება. ვნახეთ, რომ თავად „ქართულ ოცნებასაც“ აღარ სჯერა ამის. მათი წარმომადგენლები განცხადებებში თავიდან ამბობდნენ, რომ 20 იანვრის მერე ეს ურთიერთობები გადაიტვირთებაო, შემდეგ ნარატივში შემოიტანეს – იმედი გვაქვს, გადაიტვირთებაო. ახლა გაჩნდა განცხადება, რომ ეს გადატვირთვა დამოკიდებულია არა აშშ-ის პრეზიდენტის ცვლილებაზე, არამედ რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის დასრულებაზე. ეს ყველაფერი არის ტყუილი, რომელიც ემსახურება მხოლოდ დროის გაჭიმვას, რათა მეტი ფული და ქონება გადაარჩინოს ივანიშვილმა საერთაშორისო სანქციებს. ისინი ცდილობენ, საზოგადოებაში ტყუილით შეიტანონ იმედის განცდა და მოლოდინი, რათა მეტი ფულის გადარჩენა მოახერხონ. ეს ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება და ეს გამარჯვება ძალიან ახლოს არის“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.