ორშაბათი, იანვარი 20, 2025

ტურბულენტობა თავისი გზით მიდის, ეკონომიკა მაინც ვითარდება – ნათია თურნავა

“ტურბულენტობა თავისი გზით მიდის, ეკონომიკა მაინც ვითარდება”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ “ტვ იმედთან” ინტერვიუში განაცხადა.

თურნავას მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკას ევროპელი ინვესტორები იმედით უყურებენ, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა და ფინანსური სექტორი მედეგია კრიზისების მიმართ.

“დიდი იმედით უყურებენ ჩვენს ეკონომიკას გარე ინვესტორები, ევროპელი ინვესტორები. ახლახან მქონდა შეხვედრა ვენაში Raiffeisen Bank-ის ბანკის მოწვევით საკმაოდ დიდი საინვესტიციო ფორუმი იყო, 25-მდე სხვადასხვა საინვესტიციო ფონდი ესწრებოდა და ბევრიც ონლაინ იყო… რატომ არის ეს ინტერესი? იმიტომ რომ სჯერათ, რომ საქართველოს ეკონომიკა, საფინანსო სექტორი არის მედეგი კრიზისების მიმართ. მართლაც, ჩვენ გამოვიმუშავეთ იმუნიტეტი ყველანაირი უპასუხისმგებლო მოწოდების, მოლოდინების გაუარესების მცდელობის მიმართ და ტურბულენტობა თავისი გზით მიდის, ეკონომიკა მაინც ვითარდება, ფინანსური სექტორი სტაბილურია”, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, როგორც სებ-ი იტყობინება, ნათია თურნავამ რამდენიმე დღის წინ, ვენაში ინვესტორებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა “ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფინანსურ სტაბილურობის განმტკიცებასა და დოლარიზაციის შემცირების წარმატებულ პოლიტიკაზე”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ცნობილია ექიმის ვინაობა, რომელიც ავარიის შედეგად დაიღუპა

სოციალურ ქსელში ჩოხატაურში ავარიის შედეგად გარდაცვლილ ექიმ ანესთეზიოლოგს, ნინო პაიჭაძეს ახლობლები, მეგობრები, პაციენტები ემშვიდობებიან. „კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიკვდილმა სიცოცხლეზე. განადგურებული ვართ ყველა ამ საშინელი ტრაგედიით. უფალს ებარებოდეთ, ჩემო სიკეთით და სიყვარულით სავსე ნინო ექიმო”. „როგორ მიჭირს, ჩვენო თბილო, კეთილო, სიკეთით სავსე ნინო ექიმო, თქვენზე წარსულში საუბარი”. „როგორი ნინო ექიმი მოგვიკვდა“ - წერენ სოციალურ ქსელში ჩოხატაურელები. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 იანვარს ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც გარდაცვლილი ექიმის მეუღლე, შაქრო კუტუბიძე მართავდა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო  ექიმმა, რომლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ექიმის მეუღლე კი ინფარქტით და სხვა შინაგანი დაზიანებებით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ვინ არის ნინა, რომელიც მერაბ დვალიშვილთან ერთად აღნიშნავდა გამარჯვებას ?

უმარ ნურმაგომედოვის დამარცხების შემდეგ  სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, თუ როგორ აღნიშნავდა მერაბ დვალიშვილთან ერთად გამარჯვებას გოგონა. ეს ადამიანი ცნობილი ჟურნალისტი და UFC-ს პრომოუტერია, რომელიც MMA-ს შესახებ სხვადასხვა გასართობ კონტენტს ქმნის. ნინა დანიელე ცნობილია სახელით როგორც “ნინა დრამა”. ნინამ და მერაბმა რამენიმე ერთობლივი ვიდეოც ჩაწერეს და ივარჯიშეს კიდეც ერთად. ისინი კარგი მეგობრები არიან და დვალიშვილს მიულოცა გამარჯვება. “როდესაც პირველად შეგხვდი შენში ეჭვი არასდროს შემპარვია. გილოცავ მერაბ, საქართველოში შეგხვდები” – წერს ნინა. ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს ნინა მერაბთან ერთად.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სამთავრობო კომისია შეიქმნება, რომელიც საუნივერსიტეტო რეფორმაზე იმუშავებს

4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საუნივერსიტეტო რეფორმაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. „გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური ამოცანა, საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში. დღეს არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. და რესურსები არის ძალიან დიდი ამ მიმართულებით. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი, იმისათვის, რომ 4 წელიწადში ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი ის, რომ 4 წელიწადში ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს განათლებას ევროპულ ქვეყნებში. ამისათვის უნდა დაისახოს კონკრეტულად  გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, რომელსაც ვუხელმძღვანელებ მე, მოადგილე იქნება განათლების მინისტრი, ბატონი ალექსანდრე წულაძე და ამ კომისიის მდივანი იქნება ბატონი ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში. აქაც არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა ჩავაგდოთ. ინტენსიური მუშაობა დაგვჭირდება იმისათვის, რომ 4 წლის თავზე ჩვენ სრულად მივაღწიოთ დასახულ მიზანს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება – შალვა პაპუაშვილი

რამდენად ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე  დასწრება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიდეოს აქვეყნებას, სადაც ის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრობს. „რამდენად ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე  დასწრება. ნახეთ მის მიერ გავრცელებული შეთქმულების თეორიები,  იმის შესახებ , რომ ტრამპმა  მისი  პირველი პრეზიდენტობის დროს "არჩევნები რუსეთის დახმარებით მოიგო  " . ახლა ის  მსგავს შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ უწევს პროპაგანდას“,- წერს პაპუაშვილი  X-ზე.

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით” ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს. აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 11 იანვრამდე საზღვარგარეთ ტურისტულ მოგზაურობაში იმყოფებოდა. დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ის ბაქოს კლინიკაში სისუსტის, სიცხის, სასქესო ორგანოს ბუშტუკოვანი გამონაყარის, გადიდებული ლიმფური კვანძების და კუნთების ტკივილის ჩივილით მივიდა. „ინფექციონისტმა, რომელიც ეჭვობდა, რომ პაციენტი დაინფიცირდა მაიმუნის ვირუსით, ანამნეზის დროს აღმოაჩინა, რომ მოგზაურობის დროს პაციენტს ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც გამონაყარი ჰქონდა. სიმპტომების არსებობა ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საფუძველი გახდა. PCR ტესტის შედეგებმა მაიმუნის ვირუსის არსებობა დაადასტურა", - წერს SOVA. „ეხო კავკაზას" ცნობით, პაციენტი ჰოსპიტალიზებულია და სტაციონარულ მკურნალობას გადის. ოჯახის წევრებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ პაციენტთან, არ აღენიშნებათ დაავადების ნიშნები. ისინი ტერიტორიული ამბულატორიული სამედიცინო სამსახურისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ორგანიზებით შინ დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. „მათ ჩაუტარდათ პროფილაქტიკური მკურნალობა და გადაეცათ საჭირო მედიკამენტები. პაციენტისა და მასთან კონტაქტში მყოფთა სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებები გაგრძელდება ინკუბაციური პერიოდის დასრულებამდე", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები