საფეხბურთო კლუბ “მართვეს” ფეხბურთელი ქალების საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.
ინფორმაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.
,,საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა 9 ქალი ფეხბურთელის მოთხოვნა. ისინი წლების განმავლობაში იყვნენ მწვრთნელის მხრიდან შევიწროების, მათ შორის სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი. ამასთან, სასამართლომ სასამართლომ პრაქტიკაში პირველად იმსჯელა დამსაქმებლის, საფეხბურთო კლუბ “მართვეს” პასუხისმგებლობაზე, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაა.
2021 წლიდან დაწყებული სამართალწარმოება მრავალმხრივი იყო და მოიცავდა როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეებს. სასამართლომ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბ “მართვეს” ყოფილმა მწვრთნელმა განახორციელა სექსუალური შევიწროება, ხოლო კლუბმავერ უზრუნველყო დასაქმების ადგილზე შევიწროება დაცვის ეფექტური მექანიზმების არარსებობის გამო. შედეგად, მწვრთნელს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება ყველა მოსარჩელის სასარგებლოდ.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაადასტურა მწვრთნელის მიერ თაღლითური სქემის გამოყენება, რომლის საშუალებითაც ის ფეხბურთელ გოგონებს ხელფასებიდან თანხას მოტყუებით ართმევდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება არ დარჩენილა მხოლოდ კონკრეტული საქმის ფარგლებში, ის მნიშვნელოვანი ბიძგი აღმოჩნდა სისტემური რეფორმებისთვის. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეიმუშავა ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან დაცვის პოლიტიკის დოკუმენტები. ცვლილება მიზნად ისახავს სპორტშიუსაფრთხო გარემოს შექმნას, მწვრთნელების და სხვა პირების მხრიდან ძალადობის პრევენციას. უფრო მეტიც, ეს საკითხები ოფიციალურად შევიდა უეფას მწვრთნელთა განათლების C-ლიცენზიის საგანმანათლებლო კურსშიც.
აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანი პრეცედენტი გახდა არა მხოლოდ სპორტის სფეროსთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებაში ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შევიწროება და ძალადობა არ დარჩება პასუხიმგებლობის მიღმა და რომ ინსტიტუციებს ევალებათ უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო ყველა დასაქმებულისთვის.
PHR-ის სამართლებრივი მხარდაჭერით მიღწეული ეს გამარჯვება მკაფიო გზავნილია ყველა იმ ქალისთვის, რომელიც დაექვემდებარა ძალადობასა და შევიწროებას.
აღნიშნული საქმე არის ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებებიდან, რომელსაც ორგანიზაციამ USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიაღწია.
საქმეს იხილავდნენ მოსამართლეები: ქუთაისის საქალაქო სასამართლო – მანანა ნიკაჭაძე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები – ირმა პერანიძე, ინდირა მაშანეიშვილი, მალხაზ ჩუბინიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლო – გოჩა ჯეირანაშვილი, ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.