ჩინეთის პროვინცია გუანსში მცხოვრები 76 წლის ში იუიინგი ყოველდღე 24 კილომეტრს გადის, რათა ინვალიდის ეტლში მჯდომმა შვილიშვილმა სკოლაში გაკვეთილები არ გააცდინოს. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
ბიჭს ცერებრალური დამბლა აქვს და მხოლოდ ბებიის თავდაუზოგავი ძალისხმევით შეუძლია მიიღოს სასკოლო განათლება. უკვე მეოთხე წელია, რაც ში იუიინგს შვილიშვილი სკოლაში დაყავს. ბავშვის მამა სხვა ქალაქში მუშაობს, დედა კი სხვაზე დაქორწინდა.
გამოცემის ცნობით, პირველი სამი წლის განმავლობაში ბებია ბავშვის გადასაადგილებლად ველოსიპედს იყენებდა, წინა წელს კი ჩინეთის ხელისუფლებამ ბავშვს ინვალიდის ეტლი აჩუქა.
“სადამდეც ძალა მეყოფა, ვატარებ”, – ამბობს ბებია.
ბებიას შვილიშვილი ექიმთან არაერთხელ ჰყავდა, თუმცა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. მიუხედავად დაავადებისა, ბავშვის ინტელექტი კარგ დონეზეა, მას კარგი მეხსიერება აქვს და საგნებიდან მათემატიკა ყველაზე მეტად უყვარს.
თუმცა ყოველწლიურად მისი სკოლამდე მიყვანა სულ უფრო რთულდება.