შაბათი, ოქტომბერი 25, 2025

64 წლის გახდებოდა…26 ოქტომბერი ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა

დღეს ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა… მზიანი და ბროწეულის ყვავილივით ალაკრული მარიტასი…

64 წლის გახდებოდა…

ამბობენ, “ნატვრის ხის” პერსონაჟი, საბედისწერო როლი აღმოჩნდა სათუთი ფსიქიკის მქონე პატარა გოგონასთვის. მარიტა სამუდამოდ ჩასახლდა მასში და… ის არასდროს დაუტოვებია.

მარიტას როლისთვის ათას ხუთასი გოგო ნახეს, სინჯებზე შეამოწმეს… რეჟისორს მაინც ვერ მიეგნო იმ სახისთვის, რაც სურდა. მერე თექვსმეტი წლის ლიკა იპოვა.

როლმა მთლიანად მოიცვა. გადაღებიდან სახლში დაბრუნებული, მარიტას კაბას არ იხდიდა, თურმე…

“ძალიან დიდხანს ვეძებდით მარიტას, ყველაზე მიყრუებული სოფლების სკოლებშიც კი. ერთ მშვენიერ დღეს, თენგიზ აბულაძე სტუდიაში შემოვიდა, ამწუთას ეზოში მარიტა და გედია ვნახეო. ლიკა და სოსო რეზო გაბრიაძის ფილმის გამო კინო სტუდიაში ყოფილან და შემთხვევით გადაყრიან მას.

მომაჯადოებელი იყო, თან – სადა, არა პრანჭია. იყო ძალიან მოწესრიგებული, მხიარული, გულღია. ხანდახან მთავარი გმირები წარმოიდგენენ ხოლმე, რომ ტახტრევანზე სხედან… მაგრამ ლიკა ისეთი ოჯახის შვილი იყო, შეუძლებელია, ასეთი სასაცილო რამეები დამართოდა”, – იხსენებს ნანა ჯანელიძე.

როდესაც თენგიზ აბულაძესთან სინჯებზე მისულა, მაესტრომ გედიასთან მარიტას შეხვედრის კადრების გადაღება ითხოვა. მარიტა უკვე გათხოვილია, გედია თვეებია არ უნახავს, გარეთ ადრიანი გაზაფხულის მომაბეზრებელი წვიმებია… და მოულოდნელად თავს საყვარელი ადამიანი ადგება.

“გედია…” – ემოცია ამოხეთქილი ლიკა სოსო ჯაჭვლიანს რომ ჩახუტებია, თენგიზ აბულაძეს ცრემლი მორევია. მისულა და ორივეს გადახვევია. ლიკაც და სოსოც როლებზე დამტკიცდნენ…

ასმათ ტყაბლაძე: – მახსოვს, “ნატვრის ხის” გადასაღებ მოედანზე ანგელოზი რომ დავინახე… ულამაზესი იყო, შველი! მითხრეს, ეს გოგო ითამაშებს მარიტას როლსო.

16 წლის იქნებოდა. ძალიან ნორჩი იყო. გაშტერებული ვუყურებდი. თხელი, ლამაზი, ღიმილიანი… საოცარი გოგო.

დედა და ბებია თან დაჰყვებოდნენ. სიღნაღში, ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით.

ისეთი საყვარელი იყო გადაღების დროს, მართლა დაშტერებული ვუყურებდით ასეთ სილამაზეს.

მახსოვს, სესიალიას ნათქვამი, “კაკაია ანა აჩერავაწელნაია”. გენიალური, უშუალო და არაჩვეულებრივი ბუნების გოგოაო. კმაყოფილი იყო სესილია. ეს რა გადასარევი შვილიშვილი მაჩუქეთ, საკუთარივით მივიღეო.

გემრიელი ბავშვი იყო. იმდენად სუფთა იყო, რომ ბიჭებიც ვერ “კადრებდნენ”, მიყვარხარო. ბუნებითაც სუფთა იყო…

ბერტა ხაფავა: – ნაღდი ბავშვი იყო. თავს ევლებოდნენ, სულს უბერავდნენ. ულამაზესი ხომ იყო და არაჩვეულებრივად იყო აღზრდილი.

არისტოკრატი და დიდებული გეიდარ ფალავანდიშვილის დისშვილი იყო. გადასაღებ მოედანზე ხან დედა ჰყავდა გვერდით, ხან – ბებია. არ ტოვებდნენ. ისეთი ბავშვი იყო, ვინ დატოვებდა.

ჩვენი ბიჭები, შეთეც და გედიაც, ორივე მასზე იყო შეყვარებული. არ შეიძლებოდა გენახა და არ გყვარებოდა. ყველანი შეყვარებულები ვიყავით.

სიღნაღის სოფლებში ვიღებდით. ვირზე რომ ზის და ტალახს ვესვრით, ამ სცენებს გაზაფხულზე ვიღებდით. წვიმიანი დღეები იყო. ციოდა, თან მე მცივანა ვარ. მციოდა, თან სველიც ვიყავი.

ლიკასთვის ტალახის სროლა ყველას გვიჭირდა. სოფლის ქალები მეკითხებოდნენ, ასეთი ანგელოზი როგორ გაიმეტე ტალახის სასროლადო…

ზაზა კოლელიშვილი: გადასაღებად რთული სცენა იყო, მე რომ ოთახში შემოფრენილ ჩიტს მათრახით ვუსწორდები და ვლეწავ ყველაფერს. ბატონ თენგიზს უნდოდა უწყვეტი კადრი ყოფილიყო. ინტერიერი ისე იყო მოწყობილი, რომ ლიკა მაგრად უნდა ჩამებღუჯა. მგონი, გულზე მიბჯენისგან ვალურჯებდი კიდეც. ორი დუბლი დაიწუნა, ამ დროს ილეწებოდა რეკვიზიტები. მაგრამ არ მოსწონდა, რადგან დამაჯერებელი არ ვიყავი, შებოჭილობას მამჩნევდა, თან ლიკა მეკვროდა… ამ მომენტისთვის ხომ ვემზადებოდი და… რაღაც არ გამომდიოდა, მაინც პირველი როლი იყო.

და ბატონმა თენგიზმა თქვა, მესამე დუბლს ვცდი და თუ არ გამოვიდა, ეს ეპიზოდი ფილმში აღარ იქნებაო. წარმოიდგინეთ, “ნატვრის ხეში” ეს ეპიზოდი რომ არ ყოფილიყო.

ბიძაჩემმა, რეჟისორმა გია მატარაძემ, რომელიც იმ დროს აბულაძის მოწაფე იყო, ისე “ამაგდო”, რა კეკელკასავით იქცევიო, რომ გამწარებულმა ისეთი ლეწვა ავტეხე, შემოფრენილ ჩიტს თავი წავაწყვიტე. ამაზე უკვე ლიკას რეაქციაც და მთელი სცენაც ბუნებრივი გამოვიდა. თენგიზს მოეწონა – “მალადციო”, გვითხრა. მანამდე მეუბნებოდა, საბავშვო ბაღიაო. აბულაძის შექება ცოტა არ იყო. სტიმული მომეცა.

ვირზე შესმული ლიკას კადრების გადაღების დროს, როცა ტალახისგან და წვიმისგან სველდებოდა, მისი ნებით, მხოლოდ მე ამყავდა ხელში და მანქანაში ვსვამდი, რომ სიღნაღის სასტუმროში წაგვეყვანა, სადაც ერთ ნომერში ცხელ აბაზანას იღებდა, რომ არ გაცივებულიყო. ხელში აყვანილი მანქანამდე დიდხანს რომ მეტარებინა, მძღოლს ვეუბნებოდი, მანქანა შორს დააყენე, თორემ საბურავებს დაგიჭრი-მეთქი.

მე მარიტას შინაგანად ვუთანაგრძნობდი, განსხვავებით ლეონიძის შეთესგან, რომელსაც აღწერს: მგლის იერის, ნაცრისფერი სახის ყომრალი კაციო… ზოგადად, მე ვცდილობდი ადამიანური თვისება უფრო წინ წამომეწია, ვიდრე ავტორს ჰქონდა ლიტერატურულ პერსონაჟში ჩადებული.

ერთი კადრია, რომელიც ძალიან მომწონს, მარიტას იდაყვი შეთეს უჭირავს, თან თანაუგრძნობს, თან – ვერ! სოფლის ნების წინააღმდეგ ისიც ვერ წავიდა. შეთე კაცი იქნებოდა, ციციკორეს წინააღმდეგ და სოფლის წინააღმდეგ რომ წასულიყო. მე შეთეს ადგილას, მარიტას ჩაქოლვას არ დავუშვებდი. მარიტას არ უღალატია ქმრისთვის, გააფრთხილა გედია, წადი, თორემ მოგკლავენო. სოფელმა გედიაც მოკლა და მარიტაც. დღესაც ერევა სოფელი პირად ამბებში. არაფერი იცვლება…

რამდენია გასახსენებელი… კიდევ რამდენი როლი დარჩა ლიკას უთამაშებელი.

ნათელი დაადგეს ლიკას სულს!

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლევან იოსელიანი – იმ ადამიანების პოლიტიკაში ხილვა არ მინდა, რომლებიც ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვაში მონაწილეობდნენ, არ მინდა, ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ადამიანი, რომელიც გუშინ ციხეში...

იმ ადამიანების პოლიტიკაში ხილვა არ მინდა, რომლებიც ადამიანების უფლებების სისტემურ ფეხქვეშ გათელვაში იღებდნენ მონაწილეობას, ამ ყველაფერში იყო ჩართული და ამას ამართლებდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.იოსელიანს „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.„ნამდვილად არ მინდა, ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, რომელიც გუშინ ციხეში ადამიანებს აწამებდა. ძალიან ბევრია, ვინც ამას ამართლებდა, ვინც ამის მონაწილე იყო. არც ის ადამიანები არ უნდა იყვნენ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებები, ვინც ასეთ რამეში იქნება მხილებული. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, სარჩელს როცა ვნახავთ, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, წინასწარ ასეთ რამეზე საუბარი მიჭირს. ერთი შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი რამ მომხდარა სხვა ქვეყნებშიც. საქართველო არ იქნება პირველი შემთხვევა. გერმანიაშიც მომხდარა, ესპანეთშიც, თურქეთშიც, საქართველოშიც. ზვიად გამსახურდიამ თავის დროზე აკრძალა კომუნისტური პარტიის მონაწილეობა. სასამართლომ უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. სასამართლო თუ იქნება დაუსაბუთებელი, დარწმუნებული ვარ, შემდეგ სტრასბურის სასამართლო ამ ყველაფერზე განსხვავებულ მოსაზრებას გამოაქვეყნებს. ეს ის საკითხი არ არის, რაც, საბოლოო ჯამში, გაურკვეველი დარჩება. თუ იქნება დასაბუთებული, სტრასბურგის სასამართლოც ან არ განიხილავს, არ მიიღებს წარმოებაში ან არ გაითვალისწინებს გამსაჩივრებლის პოზიციებს. ასე რომ, ვნახოთ, დაველოდოთ პროცესს. პერსონალურად ვინმეს მიმართ წინააღმდეგობა არ მაქვს, პერსონალურად არავინ მინდა ციხეში მოხვდეს, აიკრძალოს ან სხვა პრობლემები შეექმნას, მაგრამ ადამიანების უფლებებს ვინც ფეხქვეშ თელავდა ან თელავს, ჩემი აზრით, მათ ჭკუა არ უნდა გვასწავლონ, ჩვენი მომავალი არ უნდა განსაზღვრონ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

უმძიმესი ავარია აბაშასთან

აბაშასთან რამდენიმე წუთის წინ უმძიმესი ავარია მოხდა.თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა, აქედან ერთი საქორწილო მანქანაა წითელი ლენტებითთვითმხილველის თქმით, დაშავებულია 10 პირი,რომლებიც სხვადასხვა ავტომობილებში ისხდნენ. აქედან 3-ს ადგილზე გაეწია დახმარება.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფოს ბრიგადები. სასწრაფოს დაშავებული 7 პირი სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავს.საავტომობილო გზა ნაწილობრივ გადაკეტილია.ამ წუთებში აღმოსავლეთიდან მომავალ მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს უშვებენ.

ცვლილება, რომელიც 17 ოქტომბრიდან ამოქმედდა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებს

2025 წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები. გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ თუ რას გულისხმობს აღნიშნული ცვლილებები.კანონის ახალი რედაქციის თანახმად, 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:ცეცხლსასროლი ან/და ცივი იარაღის, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, რადიოაქტიური ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის ქონა;აკრძალული საგნის ან ნივთიერების ქონა;საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტილ შეკრებაში მონაწილეობა.შეკრების მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა; ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონა;გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა;დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რაც საფრთხეს ქმნის ან ხელს უშლის შეკრებას ან/და პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.ჩამოთვლილი ყველა ქმედების ჩამდენ პირს პირველ ჯერზე, შესაძლოა დაეკისროს ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო ქმედების განმეორების (სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში ქმედების ჩადენა) შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით, ხოლო ქმედების არაერთგზის ჩადენისას − 2 წლამდე ვადით.გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს მესამედ ან მეტჯერ, ჩადენილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ან/და პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება. აღნიშნულ ქმედებაზე სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით, ხოლო არაერთგზის ქმედების ჩადენისას − 2 წლამდე ვადით.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ მოახდინონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება.წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირმა და უზბეკეთმა პარტნიორობის გაფართოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ევროკავშირმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას პარტნიორობის გაფართოების შესახებ.როგორც ევროკავშირის პრესსამსახურში განაცხადეს, ხელმოწერილი შეთანხმება ხელს შეუწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციას და მდგრად განვითარებას.„ეს შეთანხმება გზას უხსნის ახალ ჰორიზონტებს ისეთ სფეროებში თანამშრომლობისთვის, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა, საზღვრების უსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეების აღკვეთა“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.ამ შეთანხმების ხელმომწერები, თუ შესაბამისი პირობები იარსებებს, განიხილავენ რეადმისიის საკითხებს და სავიზო რეჟიმის გამარტივებას.ბრიუსელში განაცხადეს, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს რეგიონთან კავშირების გაღრმავებას. ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ ჩარჩოშეთანხმება ქმნის ახალ საკანონმდებლო საფუძველს პოლიტიკური დიალოგის გასამყარებლად და ურთიერთსასარგებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.„ახალი ფორმატი მიზნად ისახავს კონფლიქტების პრევენციასა და დარეგულირებას, რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას, განიარაღებას, შეიარაღებაზე კონტროლს და საექსპორტო კონტროლს”, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.ამასთან ერთად, შეთანხმება აჩენს ახალ შესაძლებლობას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მოპოვების სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.რეგიონული სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის ზრდა განხორციელდება ევროკომისიის ინიციატივის, Global Gateway-სა და ტრანსკასპიური დერეფნის საშუალებით.ცნობისთვის, აპრილში ევროკავშირში განაცხადეს, რომ ცენტრალურ აზიასთან თანამშრომლობის ახალი ეპოქა დაიწყო. მედიის ცნობით, ევროკავშირის საინვესტიციო პროექტი Global Gateway განიხილება, როგორც ევროპის პასუხი ჩინეთის ინიციატივაზე „ახალი აბრეშუმის გზა”. ცენტრალური აზიის რეგიონი მდიდარია ძვირფასი ბუნებრივი წიაღისეულით, მათ შორის არის კობალტი და სპილენძი.

დიმიტრი ცქიტიშვილი გახარიას პარტიაზე – პარლამენტში შესვლა შეცდომაა – კი იძახიან, არ მივეცით ლეგიტიმაციაო, მაგრამ მათი მხრიდან ეს ლეგიტიმაციის მიცემაა, მოსწონთ თუ არ მოსწონთ,...

ჩემი ბრალი ალბათ ის არის, რომ უფრო მეტი განგაში არ ავტეხე, მაგრამ, რეალურად, მივედით იქამდე, რაც უკვე თავად ირაკლი კობახიძემ თქვა - ეს სცენარი, პრაქტიკულად, მათი მოგონილი იყო, მათ მოგონილ სცენარზე წამოვეგეთ და 4 ოქტომბერს ოპოზიციური სპექტრი მთლიანად დამარცხდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.ცქიტიშვილმა თავისი ყოფილი გუნდის, გიორგი გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაც გააკრიტიკა და „ქართული ოცნების” ინტერესებზე მორგებას დაუკავშირა. ცქიტიშვილის თქმით, გახარიას გუნდი პარლამენტში შესვლით „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციას აძლევს.„ეს ფრაგმენტირებული ოპოზიცია ყველაზე მეტად ემსახურება „ქართული ოცნების” ინტერესებს. დღეს რეალურად მივედით იქამდე, რომ 4 ოქტომბერს განსაკუთრებით და მას მერეც, ოპოზიციის ყველა ქმედებები მოემსახურა „ქართული ოცნების” ინტერესებს, მათ შორის, კონკრეტულად ერთი პოლიტიკური ჯგუფის ქმედება.რეალურად ეს შედეგი დადგა და ამის გააზრება თუ არ გვინდა, მაშინ ახლიდან გავივლით ამ პროცესებს და ისევ დამარცხებულები გამოვალთ.ჩემი ბრალი ალბათ ის არის, რომ უფრო მეტი განგაში არ ავტეხე, მაგრამ, რეალურად, მივედით იქამდე, რაც უკვე თავად ირაკლი კობახიძემ თქვა - ეს სცენარი, პრაქტიკულად, მათი მოგონილი იყო, მათ მოგონილ სცენარზე წამოვეგეთ, ზოგი ნებსით, ზოგი უნებლიედ, მაგრამ მათი სცენარით ვიმუშავეთ და 4 ოქტომბერს ოპოზიციური სპექტრი მთლიანად დამარცხდა და დღეს პასუხისმგებლობა გადატანილი გვაქვს მთლიანად იმ ჯგუფზე, რომელიც თავდადებით იბრძვის ქუჩაში.პარლამენტში შესვლა, რა თქმა უნდა, შეცდომაა. თუ მაშინ შესვლა შეცდომა იყო, ახლა კიდევ უფრო დიდი შეცდომაა, არცერთ შემთხვევაში გამართლებული არ არის. ეს არის მცდელობა, რომ ლეგიტიმაცია მისცენ, კი იძახიან, არ მივეცით ლეგიტიმაციაო, მაგრამ მათი მხრიდან ეს ლეგიტიმაციის მიცემაა, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ასეა. ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი ლეგიტიმური გახდება იმიტომ, რომ საერთაშორისო სისტემაში და ქართულ საზოგადოებაში შედგა ის, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, მაგრამ გახარიას პარტიამ მათ თავისი მხრიდან მისცა ლეგიტიმაცია იქ ყოფნითა და იქ მუშაობით”, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ბოლო სიახლეები