ბალიქესირი, იზმირი, ბურსა და სტამბოლი – თურქეთის დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. ყველაზე რთული ვითარება ბალიქესირის პროვინციაში მდებარე სინდირიგის მუნიციპალიტეტშია, სადაც 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა მოჰყვა.
პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22 საათსა და 48 წუთზე მოხდა. ეპიცენტრის მიმდებარე რაიონებში ღამის განმავლობაში, კიდევ 100-ზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა.
დაზარალებულ რეგიონში, ხელისუფლებამ ღამით საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფები გადაისროლა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია 1100 მეხანძრე მაშველი. სამუშაოებში ჩართულია 214 ერთეული სპეციალური ტექნიკა და მეძებარი ძაღლები.
ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, მედიკოსებს დახმარების მიზნით, 26-მა ადამიანმა მიმართა. ადგილობრივი მედია წერს, რომ მოსახლეობის ნაწილმა საცხოვრებელი სახლები დატოვა და ღამე ქუჩაში გაატარა.
რეგიონში მომხდარ სტიქიურ უბედურებას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა.
ბალიქესირის პროვინციაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს 6,1 მაგნიტუდის მეორე მიწისძვრაა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით 10 აგვისტოს 1 დაიღუპა, 29 კი დაშავდა. დაინგრა ათობით შენობა ნაგებობა.

