“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მართლმსაჯულების სისტემაში დაშვებული ხარვეზები, 2003-2012 წლებში გამართული არჩევნები და კონკრეტულ კანონდარღვევებზე წარმოებული საერთაშორისო დავები – საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობას იწყებს. კომისიის წევრები ცესკო-ს, პროკურატურის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმენენ.
უმრავლესობაში განმარტავენ, რომ, საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგად, საზოგადოებისთვის საინტერესო ბევრ მნიშვნელოვან კითხვას პასუხები ეტაპობრივად გაეცემა.
საგამოძიებო კომისია 8 წევრისგან შედგება – “ქართული ოცნების” 5 დეპუტატთან ერთად, შემადგენლობაში “ხალხის ძალის” 2 და “ევროპელი სოციალისტების” 1 წევრია. დეპუტატები, რომლებიც ოპოზიციურ კვოტას წარმოადგენენ, მიიჩნევენ, რომ ცალკეული მოქალაქეებისა და სხვადასხვა უწყების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, წინა ხელისუფლების გადაცდომებთან დაკავშირებით, გამოძიებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით უცვლელია ოპოზიციის პოზიცია. ყოფილი სახელისუფლებო პარტია საგამოძიებო კომისიის ფარგლებში თანამშრომლობაზე უარს ამბობს. პარლამენტის ლეგიტიმაციაზე კითხვები აქვთ გახარიას პარტიაში.
“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა და, უარის შემთხვევაში, აქცენტს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე აკეთებენ.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 3 თვის განმავლობაში იმუშავებს. რეგლამენტის მიხედვით, ამ დროის გახანგრძლივება კიდევ 3 თვითაა შესაძლებელი. საბოლოოდ, მომზადებული დასკვნა პროკურატურას განსახილველად გადაეგზავნება.