მსოფლიოს ყურადღება „არტემის 2″ -ის მისიისკენაა მიპყრობილი. 1972 წლის შემდეგ პირველად, მთვარისკენ კოსმოსური ხომალდი, სახელწოდებით “ორიონი”მიემართება, რომლის ბორტზეც ასტრონავტები იმყოფებიან. მათ მიერ ჩვენი პლანეტისა და დედამიწის თანამგზავრის უახლესი ფოტოების ხილვას საზოგადოება ყოველ ჯერზე სუნთქვაშეკრული ელის.
NASA-ს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის „გრავიტაციული გავლენის სფეროში“ შევიდნენ, სადაც მის მიზიდულობას კოსმოსურ ხომალდზე უფრო ძლიერი გავლენა აქვს, ვიდრე დედამიწისას.
ეკიპაჟმა ეს გადასვლა მისიის დაწყებიდან 4 დღის, 6 საათისა და 2 წუთის შემდეგ განახორციელა, როდესაც ისინი მთვარიდან დაახლოებით 62 800, ხოლო დედამიწიდან 373 400 კილომეტრით მოშორებით იმყოფებოდნენ. შემდეგი საკვანძო ეტაპი მოგვიანებით, მთვარის უკანა მხარეს გამგზავრება იქნება, რითაც ისინი კოსმოსში უფრო შორს შეაბიჯებენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი მანამდე. რა დროსაც მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 41 წუთის განმავლობაში პლანეტასთან კავშირი გაწყდება. ეს იმიტომ, რომ აღნიშნული ნახევარსფერო დედამიწასთან მუდმივად “ზურგშექცევითაა”, ანუ, პირდაპირი მნიშვნელობით, შორსაა. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მომენტი.
შეგახსენებთ, რომ „ორიონი“, რომლის ბორტზეც 4 ასტრონავტი – რიდ უაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი იმყოფება მთვარისკენ 1 აპრილს აფრინდა.
Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის ზედაპირზე არ დაეშვება, არამედ მას გარშემო შემოუვლის. ადამიანი მთვარეზე ფეხს მისია Artemis 4-ის დროს დადგამს (ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად), რომელიც 2028 წლისთვისაა ჩანიშნული. ახლანდელი ფრენა სწორედ ამისთვის მომზადებას ემსახურება.
დედამიწის თანამგზავრთან „ორიონის“ გადაფრენა პირდაპირ ეთერში სხვადასხვა პლატფორმაზე გადაიცემა:

