პარასკევი, დეკემბერი 26, 2025

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა – „დანაშაულებრივ მოვლენებს ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა.

ბაჩო ახალაიას დაკავება 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც სუს-ში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებს ინტერნეტაპლიკაციების საშუალებით ხელმძღვანელობდა ბაჩო ახალაია.

მანამდე კი ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება ოთხი ოქტომბრის ცნობილი დანაშაულებრივი მოვლენების პარალელურად დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვის ფაქტს, რომელშიც იმხილება ბრალდებული ბექა ჭულუხაძე, ხოლო გამოძიება მუშაობს, როგორც ამ ფაქტის კავშირზე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის  საქმესთან, ასევე, დანაშაულში ბაჩანა ახალაიას, ლაშა შერგელაშვილის და სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე. საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ჩვენ შევძელით უტყუარობის მაღალი სტანდარტით, წუთებისა და წამების სიზუსტით, ინტერნეტ ტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით დაგვედგინა ორ პირს შორის, მობილური ტელეფონების ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით შემდგარი, სატელეფონო ინტერნეტკავშირი. მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის სპეციალისტების მიერ დამუშავების შემდეგ დადგინდა, რომ ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს, აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მისი მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია. საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, დეტალურად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების, აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, მათი ინტერნეტაპლიკაციებსა და ანნა ნადარეიშვილის აიპი (ამ შემთხვევაში ე.წ. „ვაიფაის“) მისამართებს შორის, რომელიც მის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, 2025 წლის 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით, კერძოდ, ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. ამასთან, ხსენებული პირების მიერ, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მასშტაბის დანაშაულის ორგანიზების პარალელურად, მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას მეუღლის ანნა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ აიპი მისამართს შორის ინტერნეტკონტაქტი უშუალოდ 4 ოქტომბერს, დღის განმავლობაში შედგა რამდენიმეჯერ, კერძოდ: 10 საათსა და 20 წუთზე; 11 საათსა და 35 წუთზე; 11 საათსა და 47 წუთზე; 16 საათსა 02 წუთზე. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ ინტერნეტკონტაქტიდან 4 წუთში მომიტინგეებმა დაიწყეს მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შემდეგი ინტერნეტსესიები ფიქსირდება 17 საათსა და 51 წუთზე; 18 საათსა და 06 წუთზე. რაც ძალიან საყურადღებოა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა,  4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანნა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ  აიპი მისამართზე განხორციელებული აქვს მისი და პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე 9 წუთით ადრე – 18 საათზე, 44 წუთსა და 11 წამზე.

იმავე დღეს ფიქსირდება პაატა ბურჭულაძის ორი სატელეფონო ინტერნეტკონტაქტი ანნა ნადარეიშვილზე რეგისტრირებულ აიპი მისამართზე, პირველი – ცხრა საათსა და 21 წუთზე, მეორე კი 17 საათსა და 14 წუთზე. რაც შეეხება ლაშა ბერიძეს, მას ბაჩანა ახალაიასთან 4 ოქტომბერს, დღისით, სატელეფონო ინტერნეტკავშირი ჰქონდა 10 საათსა და 39 წუთზე, 19 საათსა და 20 წუთზე, 19 საათსა და 21 წუთზე, 19 საათსა და 29 წუთზე,  19 საათსა და 32 წუთზე, 19 საათსა და 34 წუთზე, 19 საათსა და 41 წუთზე. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ მოცემული ინტერნეტკონტაქტები ემთხვევა პრეზიდენტის სასახლის შენობაზე ძალადობრივი იერიშის დაწყების შემდგომ პერიოდს და განსაკუთრებით საყურადღებოა იმითაც, რომ ლაშა ბერიძე ამ დროს იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლესთან და შესაბამისად, დირექტივებს ბაჩანა ახალაიასგან იღებდა. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც: მას შემდეგ, რაც სხვადასხვა წყაროებიდან დაიწყო ჩანაწერის გავრცელება, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავდა ბაჩანა ახალაიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის შემდგარ საუბარს ხელისუფლების დამხობის თაობაზე, შეიცვალა მურთაზ ზოდელავასთან კომუნიკაციის ფორმა, რის შემდეგაც აქტიური ინტერნეტკავშირი ფიქსირდება მასსა და მოქალაქე ზვიად გაგუას მობილური ტელეფონის ინტერნეტაპლიკაციებს შორის. 4 ოქტომბრის პირველი ასეთი კავშირი ინტერნეტაპლიკაციით 20 საათსა და 12 წუთზე, ხოლო შემდეგი კავშირები 21 საათსა და 09 წუთზე; 21 საათსა და 15 წუთზე; 21 საათსა და 23 წუთსა და 22 საათსა და 08 წუთზე შედგა. გაგუა, ისევე როგორც ბაჩანა ახალაია და ანნა ნადარეიშვილი, დაკითხულები არიან გამოძიების მიერ და სამივე მათგანი ადასტურებს, რომ ზვიად გაგუა არის ახალაიების ოჯახის ახლობელი და ცხოვრობს მათთან სახლში. ამ შემთხვევაში, დასაბუთებულია ვარაუდი, რომ სატელეფონო ინტერნეტკავშირი არა მურთაზ ზოდელავასა და ზვიად გაგუას შორის, არამედ ის რეალურად მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას შორის შედგა. ამ ინტერნეტკავშირებიდან ყურადსაღებია ზოდელავასა და გაგუას მობილური აპლიკაციების კავშირი 20 საათზე, 12 წუთსა და 23 წამზე, საიდანაც 3 წუთში მურთაზ ზოდელავა კვლავ დაუბრუნდა სცენას, წარადგინა ახალი გეგმა და მომიტინგეებს მოუწოდა დაძრულიყვნენ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ. როგორც ხედავთ, მოპოვებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორის ვინაობა საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მიერ დაკავებულია ბაჩანა ახალაია. დაკავებული და სისხლის სამართლის საქმე, სხვა სისხლის სამართლის საქმესთან გასაერთიანებლად, ქვემდებარეობით, ბრალის წარსადგენად და შემდგომი გამოძიების  ჩატარების მიზნით, გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს.

რაც შეეხება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ ანნა ნადარეიშვილს, მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში, არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს, იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში. ანნა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის მას ჰქონდა შესაძლებლობა ეპასუხა კითხვაზე – მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ამაში ჩართული იყო მისი მეუღლე ანნა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“, – განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სახით და ხმის ნიმუშის აღების მიზნით 10 ოქტომბერს გამოიკითხა. გამოკითხვა უკავშირდებოდა გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს, სადაც პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას საუბარი იყო ასახული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცოტნე ივანიშვილი – ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, ჯანსაღ დისკუსიაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც

ძალიან მიხარია, რომ ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.ცოტნე ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა.ცოტნე ივანიშვილის თქმით, განათლება, შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება ძალიან უნდა ფასდებოდეს.„პირველ რიგში, მინდა, ვარლამ ლიპარტელიანს მივულოცო. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ზოგადად, ქართველები ძალიან ნიჭიერი ვართ და მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებში განათლება, შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება, მონდომება და მომავლის მშენებლობის სურვილი, მოტივაცია ძალიან უნდა ფასდებოდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, რადგან ჯანსაღ დისკუსიაში, განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოტივირებული ახალგაზრდები ჩაუდგნენ სათავეში ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალზე ზრუნვას. ჩემ გარშემო ძალიან ბევრ მეგობარს, ახალგაზრდას, თანატოლს ვხედავ, ვინც ძალიან მოტივირებულია, ბევრს შრომობს საკუთარი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, ყველა ამ ახალგაზრდას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. ჩემი აზრით, ამ ყველაფერს გარკვეულწილად პასუხისმგებლობაც მოსდევს, რადგან ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ჩვენს ქვეყანაზე, სხვანაირად ნათელ მომავალზეც ვერ ვიზრუნებთ“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა და საქართველოს მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს.

კახა კალაძე – ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მოიწონონ, მაღალი ფასების მხარეს დადგნენ, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც კარგი კეთდება, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების ინიციატივაზე პროდუქტის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ სურთ, ქვეყანაში ნორმალური ვითარება იყოს.ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.„იმის ნაცვლად, რომ სწორად შეაფასონ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ პროდუქტებზე ძალიან მაღალი ფასებია და მოიწონონ ეს გადაწყეტილება, პირიქით, დადგნენ მაღალი ფასების მხარეს. ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც კარგი კეთდება. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. არანაირი ახსნა-განმარტება არ მომისმენია, რატომ უნდა უნდოდეთ მაღალი ფასები. შედარებას როცა ვაკეთებთ, საქართველოში არის გაცილებით მაღალი ფასი მთელ რიგ პროდუქტზე, ვიდრე ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში. ეს ასე არ უნდა იყოს. ეს ხომ მოსახლეობას აწუხებს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. გვინდა, ეს ყველაფერი იყოს დარეგულირებული და შესაბამისობაში მოდიოდეს.ქვეყანა, შენი მოსახლეობა თუ გიყვარს და პატივს სცემ, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდე ამ ყველაფერს, წარმოუდგენელია. ყველამ ვიცით, ეს ადამიანები საიდან იმართებიან, ვინ არის მათი პატრონი. ვიცით, რომ დავალებებს პირდაპირ გარედან იღებენ და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებენ. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რომ უნდა მოხდეს მოკვლევა და არ ყველაფრის დარეგულირება, ვხედავთ, როგორი აგრესიული განცხადებები მოდის მათი მხრიდან. მათი კრიტიკული განცხადებები მეტყველებს, რომ ეს ადამიანები ამ ქვეყანას არ ეკუთვნიან და საერთოდ არ აქვთ სურვილი, ქვეყანაში გვქონდეს ნორმალური მდგომარეობა, დარეგულირებუილი იყოს ის გამოწვევები და პრობლემები, რაც აქვს მოსახლეობას. ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ამას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე – არავის ეპატიება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა აგებს პასუხს

არავის ეპატიება ქვეყანაში რევოლუციების და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც კალაძემ აღნიშნა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა აგებს პასუხს.„4 ოქტომბრამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია, რომ ეს ადამიანები, მოძალადე ჯგუფები აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. 4 ოქტომბერს დაიწყეს ამ დაპირების, სახელმწიფო გადატრიალების აღსრულება, თუმცა სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია, ბევრი ადამიანია დაკავებული. გუშინ ბაჩო ახალაიაც დააკავეს და დაველოდოთ გამოძიებას.ზოგადად, ბევრჯერ გვითქვამს და გახსოვთ, რამდენჯერ გავაკეთეთ მოწოდებები, პრემიერ-მინისტრი, მე გამოვდიოდით, ფაქტობრივად, ყოველ დღე მიწევდა განცხადებების გაკეთება, რომ არ გადადგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი, რადგან სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად. არავის ვაპატიებთ და არავის ეპატიება ქვეყანაში რევოლუციების და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები. ამ მიმართულებით გაკეთებული ბევრი განცხადების მიუხედავად, მათ იმოქმედეს, როგორც იმოქმედეს. შესაბამისად, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, ყველა აგებს პასუხს“, – აღნიშნა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს. ყრილობაზე ვარლამ ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს.„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე ვარლამ ლიპარტელიანმა გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა სასტუმრო „პარაგრაფში“ ჩატარდა. ყრილობას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, პოლიტიკური მდივანი შალვა პაპუაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა.ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას, საპატიო სტუმრის რანგში, ასევე ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილი.ყრილობაზე დელეგატებმა ასევე დაამტკიცეს ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის ხუთი წევრი – მარიამ გრიგოლიშვილი, ნუგზარ შოშიაშვილი, დავით ბოდაველი, თეკლა თიკანაშვილი და ანრი მეტრეველი.

ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან – ახალაიას მეუღლე

ბაჩო ახალაიას დღეს სავარაუდოდ ბრალს წაუყენებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დილით შესული იყო ადვოკატი, რომელიც დაკავებულს შეხვდა.სუს-ის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებს ხელმძღვანელობდა და დანაშაულებრივი ქმედებების მთავარი ორგანიზატორი იყო. გამოძიების ინფორმაციით, ის პროცესებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან.რაც შეეხება ანა ნადარეიშვილს, ის გათავისუფლებულია. სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ისიც, რაიმე ფორმით, დანაშაულში."მინდა, რომ შევიდე ბაჩოსთან, როგორც მისი ადვოკატი. მითხრეს, რომ ბრალი მოხსნილი მაქვს. ასე გამომიშვეს გუშინ იზოლატორიდან, მაგრამ არანაირი დოკუმენტი ჩემთვის არ უჩვენებიათ.ძალიან დიდი ხანია, ორგანიზატორად ასახელებენ. არ შეიძლება, რაიმე მტკიცებულება არსებობდეს, რადგან ბუნებაში არ არსებობს ეგეთი მტკიცებულება.ბურჭულაძესთან და ზოდელავასთან ნაცნობობა, ახლობლობა, ნათესაობა ჩვენ არცერთს არ უარგვიყვია. 4 ოქტომბერს მე და ბაჩოც ვურეკავდით ერთმანეთს... ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან. ვიყავით ემიგრაციაში და როგორც ჩვეულებრივი, რიგითი ემიგრანტები მუშაობენ, ისე ვმუშაობდით ჩვენც. ბაჩო და ზვიად გაგუა აპირებდნენ ისევ პოლონეთში, უკან წასვლას, სადაც ვიყავით, სადაც ვმუშაობდით", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

ბოლო სიახლეები