სამშაბათი, იანვარი 7, 2025

4 იანვარი ილია მეორის დაბადების დღეა

4 იანვარი ილია მეორის დაბადების დღეა. საქართველოს პატრიარქს 91 წელი შეუსრულდება.

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია.

ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პრემიერ-მინისტრი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურმა სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა. „გილოცავთ შობის დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს. შობა არის სიყვარულის, სიკეთის დღესასწაული. ეს არის დღესასწაული, რომელთანაც დაკავშირებულია სამყაროს განახლება და ყველას მინდა, ვუსურვო სიყვარული და სიკეთე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. საშობაო წირვას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, წმინდა სინოდის წევრებსა და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.

მიხეილ ყაველაშვილი – გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით, ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან, როგორც პრეზიდენტი, ვეცდები, ეს საქმით დავამტკიცო, ჩვენი საზოგადოება სიყვარულით გავაერთიანო

აუცილებელია, გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს, ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის შემდეგ განუცხადა. „სრულიად საქართველოს ვულოცავ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ასევე, ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, ვულოცავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებს, ჩვენს ოჯახებს, ქრისტეშობის მადლი შეეწიოს ყველას. მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო პატრიარქის ეპისტოლე, რომელიც ყოველთვის ყურადსაღებია, მიესადაგება არსებულ გამოწვევებსა და რეალობას. ეს არის მოყვასის სიყვარული, ალბათ დამეთანხმება ჩვენი საზოგადოება, რომ აუცილებელია, გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს, ეს ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ და დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით. ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით, რაც ძალიან კარგი იქნება. როგორც პრეზიდენტი, ვეცდები, ეს საქმითაც დავამტკიცო და ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო სიყვარულით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ილია მეორე – ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს

დღეს ქრისტე იშვება დედამიწაზე, საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით, და მოაქვს სიცოცხლის ნათელი მათთვის, ვისაც სწამს, რომ ღვთის ხატადაა შექმნილი და ესწრაფვის ცხონებას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი. „ჩვენ ვსაუბრობთ იმ რწმენაზე, რომელიც, ადამიდან მოყოლებული, გადაეცემოდა თაობიდან თაობას პირველ მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა, მართალთა … მიერ და გვასწავლიდა, რომ არ ვართ შემთხვევითი არსებები, რომ არ ვართ სიკვდილისთვის გაჩენილნი, არამედ მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან მყოფობისათვის მოწოდებულნი. უფალს ელოდა სიწმინდით, სიმართლით და სიყვარულით მცხოვრები ჭეშმარიტი სიბრძნისა და სიმართლის მაძიებელი ყოველი ადამიანი. იგი იყო „მოლოდება წარმართთაც“(დაბადება: 49. 10). წარმართთა შორის ღრმად მოაზროვნენი გრძნობდნენ სულიერ შიმშილს, მათ არ აკმაყოფილებდათ ადამიანთა მიერ შეთხზული გადმოცემები სხვადასხვა „ღმერთზე“, გრძნობდნენ მათ სიყალბეს და ელოდნენ ჭეშმარიტს, ნამდვილსა და აღმატებულს. ასე იყო საქართველოშიც. ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ უარყო წარმართობა და სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას. ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა. ქრისტე მოგვევლინა ჩვენი სხეულით, ჩვენი ბუნებით და გახდა ჩვენი ცხოვრების მტვირთველი (გარდა ცოდვისა); უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, უხორცო – ხორციელი, უკვდავი – მოკვდავი, რათა მსგავსებით მსგავსი გადაერჩინა და თითოეული ჩვენგანისათვის ეთქვა: მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ხატება არ არის შენში ბოლომდე წარხოცილი;  ჩემი შესაძლებლობები შენი შესაძლებლობებიცაა და შენთან ერთად მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო შენს ფერისცვალებაში, შენს გადარჩენაში. მას ჩვენს რეალობაში შემოაქვს სამოთხის კანონები –  მცნებები, ზეცის მოქალაქეთა თვისებები, რათა გავაცნობიეროთ ცოდვა ჩვენს ყოფაში და სინანულით აღვხოცოთ იგი, ამით განვაქარვოთ ჩვენი სიკვდილი და გარდაცვალება მარადიული ნეტარმყოფობის საწყისად ვაქციოთ. ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ“, – ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.

ილია მეორე – დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც, ამიტომაც ეძებდა და ეძებს სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ

დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც, ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი. როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ყოველივე ეს უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და „აღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს“. „ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში სინამდვილეში ცოდვებიდან მომდინარეობს, რომ ცოდვას დამონებული სული გაუცნობიერებლად უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და ამიტომაც ძრწის; მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მანკიერებებს განეშოროს და სული განიწმინდოს, ხშირად ნიჰილიზმში ვარდება და ათეიზმს აფარებს თავს (თუმცა ურწმუნოების მიზეზი სხვაც არაერთია). ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება პერიოდია დაბადებიდან სიკვდილამდე და სიკვდილთან ერთად მათთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ბოროტება, სიკეთე, ფარისევლობა, ერთგულება, შური, სიყვარული, უზნეობა … ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებია და რაიმე პასუხისმგებლობას არც კონკრეტული პიროვნების და არც ღვთის წინაშე არ გრძობენ, რადგან არ სწამთ იმქვეყნიური ცხოვრების, არ სწამთ მარადიული ფასეულობების“, – ნათქვამია ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.

ილია მეორე – ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი, ღმერთზე მინდობა საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა

ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი, დაცემის შემდეგ ჩვენს პირველმშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა, ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი. როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ბოროტი ძალისგან თავს მოხვეული ეს მანკიერება დღემდე მთავარ პრობლემას წარმოადგენს. „ჩვენს პირველმშობლებს მთელი თავისი ნებელობა უფლისკენ ჰქონდათ მიმართული და სრულად ღვთისას იზრახავდნენ. ამასთან, მათი სული სულ უფრო მეტად განიმტკიცებდა საღვთო ბუნების თვისებებს – სათნოებებს და ხარობდა ამით. როგორც ცნობილია, შემდგომ ბოროტმა ძალამ მოატყუა ისინი, როცა უთხრა: შემოქმედი იმიტომ გიკრძალავთ ხე-ცნობადისას ნაყოფის ჭამას, რომ მისებრ ღმერთი არ გახდეთო. სინამდვილეში კი ჩვენი განღმრთობა სწორედ უფლის ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ამისთვის ადამი და ევა თანდათან უნდა მომზადებულიყვნენ და უფლის მორჩილებით ასულიყვნენ სრულყოფის კიბეზე. ისინი კი, ჯერ კიდევ სულიერად მოუმწიფებელნი, შეეცადნენ, გატოლებოდნენ მას, ვინც დაჰბადა ისინი და ყველაფერი უშურველად მისცა; თანაც ამის მიღწევა მათ ღმერთისგან განდგომით მოინდომეს და მისი ნების წინააღმდეგ წავიდნენ. ვერ დააფასეს უფლისგან ბოძებული, თვით ანგელოზებზე აღმატებული პატივი, უხილავი ღმერთის თანაშემწეობაზე უარი თქვეს და მოინდომეს ღმერთად გახდომა. ცოდვამ აამღვრია და დაასნებოვნა ადამის და ევას შინაგანი სამყარო, რასაც თავისთავად მოჰყვა შესაბამისი შედეგი: სიცოცხლის ნაცვლად მიიღეს სიკვდილი; ნეტარების ნაცვლად – ტანჯვა და მწუხარება, ძლიერების ნაცვლად – უძლურება… და ერთბაშად დაკარგეს თვითმფლობელობაც და საღვთო ხელმწიფებაც; მათი მორჩილი სტიქიონებიც და ცოცხალი არსებებიც მტრად გაუხდნენ და მარტონი დარჩნენ გარემო სივრცის პირისპირ. ეს უმძიმესი ცვლილება კი მოხდა იმიტომ, რომ მათი გული ღმერთს განეშორა და შემოქმედის ადგილი ეგოისტურმა „მე“-მ დაიკავა. ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. დაცემის შემდეგ ჩვენს პირველმშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა – ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა … საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა. ბოროტი ძალისგან თავს მოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ, როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში სიტყვა „მე“ განსაკუთრებულად დომინირებს. ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეჰხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, ღმერთი კი დავიწყებული ჰყავს, ან მექანიკურად ახსენებს მის სახელს. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული, ჩვენია მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარვმართოთ. ამასთან, ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი. ამიტომაც, სხვა მცნებებთან ერთად, უნდა აღვასრულოთ ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი სწავლება უფლისა – „შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი“ და უმეტესი ამისა, ახალი მცნება ახალი აღთქმისა, რომელიც მაცხოვრისაგან ასეთი სახით მოგვეცა: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ,  როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოანე, 13.34). მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ჩვენი პირადი უდიდესი სასწაულის აღსრულებას – გულიდან ეგოიზმის გაძევებას და მასში უფლის დავანებას, მხოლოდ ამ საშუალებით მოვიპოვებთ ზეცის მოქალაქეობას. „მე ვარ კარი, ჩემს მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს” (იოანე, 10,9) – გვასწავლის იესო ქრისტე“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

ბოლო სიახლეები