პარასკევი, იანვარი 16, 2026

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა – „დანაშაულებრივ მოვლენებს ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა.

ბაჩო ახალაიას დაკავება 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც სუს-ში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებს ინტერნეტაპლიკაციების საშუალებით ხელმძღვანელობდა ბაჩო ახალაია.

მანამდე კი ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება ოთხი ოქტომბრის ცნობილი დანაშაულებრივი მოვლენების პარალელურად დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვის ფაქტს, რომელშიც იმხილება ბრალდებული ბექა ჭულუხაძე, ხოლო გამოძიება მუშაობს, როგორც ამ ფაქტის კავშირზე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის  საქმესთან, ასევე, დანაშაულში ბაჩანა ახალაიას, ლაშა შერგელაშვილის და სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე. საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ჩვენ შევძელით უტყუარობის მაღალი სტანდარტით, წუთებისა და წამების სიზუსტით, ინტერნეტ ტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით დაგვედგინა ორ პირს შორის, მობილური ტელეფონების ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით შემდგარი, სატელეფონო ინტერნეტკავშირი. მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის სპეციალისტების მიერ დამუშავების შემდეგ დადგინდა, რომ ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს, აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მისი მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია. საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, დეტალურად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების, აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, მათი ინტერნეტაპლიკაციებსა და ანნა ნადარეიშვილის აიპი (ამ შემთხვევაში ე.წ. „ვაიფაის“) მისამართებს შორის, რომელიც მის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, 2025 წლის 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით, კერძოდ, ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. ამასთან, ხსენებული პირების მიერ, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მასშტაბის დანაშაულის ორგანიზების პარალელურად, მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას მეუღლის ანნა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ აიპი მისამართს შორის ინტერნეტკონტაქტი უშუალოდ 4 ოქტომბერს, დღის განმავლობაში შედგა რამდენიმეჯერ, კერძოდ: 10 საათსა და 20 წუთზე; 11 საათსა და 35 წუთზე; 11 საათსა და 47 წუთზე; 16 საათსა 02 წუთზე. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ ინტერნეტკონტაქტიდან 4 წუთში მომიტინგეებმა დაიწყეს მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შემდეგი ინტერნეტსესიები ფიქსირდება 17 საათსა და 51 წუთზე; 18 საათსა და 06 წუთზე. რაც ძალიან საყურადღებოა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა,  4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანნა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ  აიპი მისამართზე განხორციელებული აქვს მისი და პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე 9 წუთით ადრე – 18 საათზე, 44 წუთსა და 11 წამზე.

იმავე დღეს ფიქსირდება პაატა ბურჭულაძის ორი სატელეფონო ინტერნეტკონტაქტი ანნა ნადარეიშვილზე რეგისტრირებულ აიპი მისამართზე, პირველი – ცხრა საათსა და 21 წუთზე, მეორე კი 17 საათსა და 14 წუთზე. რაც შეეხება ლაშა ბერიძეს, მას ბაჩანა ახალაიასთან 4 ოქტომბერს, დღისით, სატელეფონო ინტერნეტკავშირი ჰქონდა 10 საათსა და 39 წუთზე, 19 საათსა და 20 წუთზე, 19 საათსა და 21 წუთზე, 19 საათსა და 29 წუთზე,  19 საათსა და 32 წუთზე, 19 საათსა და 34 წუთზე, 19 საათსა და 41 წუთზე. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ მოცემული ინტერნეტკონტაქტები ემთხვევა პრეზიდენტის სასახლის შენობაზე ძალადობრივი იერიშის დაწყების შემდგომ პერიოდს და განსაკუთრებით საყურადღებოა იმითაც, რომ ლაშა ბერიძე ამ დროს იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლესთან და შესაბამისად, დირექტივებს ბაჩანა ახალაიასგან იღებდა. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც: მას შემდეგ, რაც სხვადასხვა წყაროებიდან დაიწყო ჩანაწერის გავრცელება, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავდა ბაჩანა ახალაიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის შემდგარ საუბარს ხელისუფლების დამხობის თაობაზე, შეიცვალა მურთაზ ზოდელავასთან კომუნიკაციის ფორმა, რის შემდეგაც აქტიური ინტერნეტკავშირი ფიქსირდება მასსა და მოქალაქე ზვიად გაგუას მობილური ტელეფონის ინტერნეტაპლიკაციებს შორის. 4 ოქტომბრის პირველი ასეთი კავშირი ინტერნეტაპლიკაციით 20 საათსა და 12 წუთზე, ხოლო შემდეგი კავშირები 21 საათსა და 09 წუთზე; 21 საათსა და 15 წუთზე; 21 საათსა და 23 წუთსა და 22 საათსა და 08 წუთზე შედგა. გაგუა, ისევე როგორც ბაჩანა ახალაია და ანნა ნადარეიშვილი, დაკითხულები არიან გამოძიების მიერ და სამივე მათგანი ადასტურებს, რომ ზვიად გაგუა არის ახალაიების ოჯახის ახლობელი და ცხოვრობს მათთან სახლში. ამ შემთხვევაში, დასაბუთებულია ვარაუდი, რომ სატელეფონო ინტერნეტკავშირი არა მურთაზ ზოდელავასა და ზვიად გაგუას შორის, არამედ ის რეალურად მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას შორის შედგა. ამ ინტერნეტკავშირებიდან ყურადსაღებია ზოდელავასა და გაგუას მობილური აპლიკაციების კავშირი 20 საათზე, 12 წუთსა და 23 წამზე, საიდანაც 3 წუთში მურთაზ ზოდელავა კვლავ დაუბრუნდა სცენას, წარადგინა ახალი გეგმა და მომიტინგეებს მოუწოდა დაძრულიყვნენ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ. როგორც ხედავთ, მოპოვებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორის ვინაობა საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მიერ დაკავებულია ბაჩანა ახალაია. დაკავებული და სისხლის სამართლის საქმე, სხვა სისხლის სამართლის საქმესთან გასაერთიანებლად, ქვემდებარეობით, ბრალის წარსადგენად და შემდგომი გამოძიების  ჩატარების მიზნით, გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს.

რაც შეეხება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ ანნა ნადარეიშვილს, მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში, არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს, იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში. ანნა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის მას ჰქონდა შესაძლებლობა ეპასუხა კითხვაზე – მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ამაში ჩართული იყო მისი მეუღლე ანნა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“, – განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სახით და ხმის ნიმუშის აღების მიზნით 10 ოქტომბერს გამოიკითხა. გამოკითხვა უკავშირდებოდა გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს, სადაც პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას საუბარი იყო ასახული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იენს-ფრედერიკ ნილსენი – გრენლანდიას არ სურს აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა, ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, როგორც დანიის სამეფოს ნაწილს

გრენლანდიას არ სურს აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა, არ სურს, შტატების ნაწილი იყოს, ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, როგორც დანიის სამეფოს ნაწილს, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა.კოპენჰაგენში შეკრებილ დაახლოებით 300 გრენლანდიელთან სიტყვით გამოსვლისას ნილსენმა ხაზი გაუსვა ერთიანობის აუცილებლობას.„2026 წელი ჩვენს ქვეყანაზე დიდი აქცენტით იწყება. იმდენად დიდი აქცენტით, რომ 2025 წელი შორს ჩანს. თუმცა, მხოლოდ რვა თვე გავიდა მას შემდეგ, რაც არჩევნები გვქონდა და ასევე მას შემდეგ, რაც გრენლანდიაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია გვქონდა. ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. და ახლა აქ ვდგავართ. დრო მოითხოვს, რომ ჩვენ ერთად დავდგეთ და ნათლად განვაცხადოთ იმის შესახებ, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის. ერთიანობის დროა და არა შიდა განხეთქილებისა და დისკუსიების. როგორც ვთქვი, გრენლანდიას არ სურს აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა. გრენლანდიას, არ სურს აშშ-ის მიერ მართვა და კონტროლი. გრენლანდიას არ სურს, აშშ-ის ნაწილი იყოს. ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, როგორც დანიის სამეფოს ნაწილს. გრენლანდიას სურს თანამშრომლობა, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებული, როგორიცაა დემოკრატია და პატივისცემა“, – განაცხადა ნილსენმა.

იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია და მომჩივნის პრეტენზიები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.„საქმე უკავშირდებოდა 2016-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებს და ეხებოდა ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორის, ქეთევან ჯაშის საჩივარს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ეროვნულ დონეზე არ აღსრულდა. მიუხედავად აღნიშნული პრეტენზიებისა, სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადასტურა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სათანადო გულისხმიერებით იმოქმედეს და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები გაატარეს. აღსრულების პროცესში მომჩივანს შეეთავაზა გონივრული ალტერნატიული გადაწყვეტა, რაზედაც მან უარი განაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი განჩინებით ცალსახად დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პროცესები წარმართეს ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სლოვენია დაამარცხა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი მომდინარეობს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი სლოვენიასთან გამართა. ჯგუფიდან სამი გუნდი გადიოდა და მესამე გამსვლელი ადგილისთვის სწორედ სლოვენია და საქართველო იბრძოდნენ.ქართველებმა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარეს და 22:11 გაიმარჯვეს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო – 8:8. მესამე პერიოდი კი ჩვენმა გუნდმა 6:2 მოიგო და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა. სლოვენია-საქართველო 11:223:4, 5:4, 2:6, 1:8საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (3 გოლი), დადვანი (2), შუშიაშვილი (3), ბითაძე, ვასიჩი (2), ადეიშვილი (2), სარიჩი (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (2), ტანკოშიჩი (3), პიეშივაცი (2), ვლაჰოვიჩი (2).

ვახტანგ ცინცაძე – ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა იმაზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები პროგნოზირებდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში 2025 წლის ეკონომიკური ზრდა 1,5 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, რაც, ცინცაძის შეფასებით, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ 2025 წელს საქართველოში იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ვიდრე ამას მსოფლიო ბანკი ელოდებოდა.მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ზრდის მიმართულებით გადაიხედა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც.„ჩვენ ვხედავთ, რომ 2026 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და ის, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 5,5 პროცენტი იქნება. საქართველოს 2026-2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 1,6-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა იმაზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები პროგნოზირებდნენ“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.როგორც ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, მათი მიზანია აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება.„ჩვენი მიზანია, მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ აღნიშნული ტენდენცია, უზრუნველვყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ეს დადებითად აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და, ზოგადად, ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის აქტორების ხილვით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, ვინ დგას „ბიბისის“ ცილისმწამებლური ფილმის უკან

საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის აქტორების ხილვით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, ვინ დგას „ბიბისის“ ცილისმწამებლური ფილმის უკან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ BBC-ის მიმართ საჩივრით გაირკვეს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.„ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ვინ დგას ამის უკან, მათ შორის იმ კამპანიის მონაწილეების ხილვით, ვინც ჩართული არიან ამ ცილიმწამებლური ფილმის და ზოგადად პუბლიკაციების საფუძველზე საქართველოს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში. გასაჩივრების პროცესი ალბათ ნაკლებად შეძლებს ამის გამოვლენას. ჩვენ რასაც მოველით, არის ის, რომ „ბიბისიმ“ საკუთარი დარღვევები აღიაროს და შეძლებისდაგვარად შეეცადოს ამის გამოსწორებას, პუბლიკაციების წაშლით და ბოდიშის მოხდით. რაც შეეხება კითხვას, ვინ დგას ამის უკან – ჩვენ ვხედავთ და შეგვიძლია, ეს ვივარაუდოთ იმ აქტორების ხილვით, რომლებსაც ვხედავთ და, რომლებიც იყენებენ ამ ცილისმწამებლურ პუბლიკაციებს საქართველოს დასაზიანებლად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა და ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ბოლო სიახლეები