25 წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ არქივში კინოდარბაზი გაიხსნა. მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით საქართველოს ეროვნული არქივის ძველ კინოდარბაზს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
კინოდარბაზი 10 აპრილს ოფიციალურად გაიხსნება, დღეს კი, კინოდარბაზის პრეზენტაცია ექსკლუზიურად მოეწყო კინოს სფეროს სხვადასხვა თაობის მოღვაწეებისათვის, ასევე, იმ რეჟისორებისა და რეჟისორთა შთამომავალთათვის, რომელთა ნამუშევრებსაც ეროვნული არქივი ინახავს. სტუმრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უმასპინძლა.
140 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კინოდარბაზი საქართველოში ერთადერთი კინოთეატრი იქნება, სადაც ფილმის პროექცია კინოფირიდანაც იქნება შესაძლებელი − განახლებულ კინოდარბაზში ციფრულ აპარატურასთან ერთად დამონტაჟდა პროექტორი, რომელიც კინოფირზე გადაღებული ფილმების მაქსიმალური ხარისხით ჩვენებას უზრუნველყოფს. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო დარბაზის აუდიო- და აკუსტიკური სისტემაც.
“ვფიქრობთ, საგამოფენო პავილიონის მსგავსად, თბილისს ეს კინოდარბაზიც ბევრ სიახლეს შეჰმატებს. ჩვენი მიზანია, ეროვნულ არქივში დაცული მხატვრული, დოკუმენტური თუ ანიმაციური ფილმები ფართო საზოგადოებამ, მათ შორის, ბავშვებმა, ნახოს. ასევე, გვინდა, რომ კინოს სფეროს მოღვაწეებისათვის ეს დარბაზი ხელმისაწვდომი იყოს. მისი უნიკალურობა ისიც იქნება, რომ ის კომერციულ მიზნებზე არ იქნება გათვლილი და ხელოვნების ამ სფეროს განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
საქართველოს მასშტაბით ეროვნული არქივი დოკუმენტური ფილმებისა და კინოჟურნალების ყველაზე დიდი საცავია. აქ დაცულია 5252 დოკუმენტური ფილმი, 3194 კინოჟურნალი, 1032 კინოსიუჟეტი, 111 მხატვრული და 38 ანიმაციური ფილმი.
კინოდარბაზის გახსნის შემდეგ ეროვნულ არქივს საშუალება ექნება, მოაწყოს საარქივო ფილმების ფესტივალები, რეტროსპექტივები და თემატური ჩვენებები, რითაც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება უმდიდრესი ფილმსაცავი.