ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დასრულდა 23 წლამდე ასაკის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი.
ტირანაში დასრულებულ 23 წლამდე ასაკის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ერთობ წარუმატებლად იასპარეზეს. ნაკრების 10 წევრიდან ათეულში მოხვედრა და გუნდისთვის ჩასათვლელი ქულების მოტანა მხოლოდ სამმა სპორტსმენმა შეძლო. მათგან საუკეთესომ, პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ვლადიმერ გამყრელიძემ, მეხუთე ადგილი დაიკავა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ მეთოთხმეტე ადგილზე გასვლა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი კიდევ უფრო უარესი იქნებოდა, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციას რუსეთის და ბელარუსის მოჭიდავეთა შედეგები გუნდურ ჩათვლაში რომ აღენუსხა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს და მათ ერთი ოქროს – 72კგ გიორგი ჩხიკვაძე, ერთი ვერცხლის – 67კგ დიეგო ჩხიკვაძე, ოთხი ბრინჯაოს – 60კგ ფრიდონ აბულაძე, 82 კგ დათა ჩხაიძე, 87კგ აჩიკო ბოლქვაძე, 130კგ გიორგი ცოფურაშვილი მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდნენ.