2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა. ჯილდოს მფლობელი როლანდ შავაძე გახდა, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია.
გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს კი ლიბერთი ბანკი დააჯილდოებს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეხუთედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის The Global Teacher Prize ნაწილია.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. მხარდამჭერები არიან: განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი – ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.