ხელოვნების ნიმუშების ქურდობა გლობალური პრობლემაა, რომელსაც სამართალდამცველები ათწლეულების განმავლობაში ებრძვიან. იტალიის პოლიციამ გამოიყენა სპეციალურად შექმნილი ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომელმაც 20 წლის წინ მოპარული და ოსტატურად გადაკეთებული წმინდა აგნესას ნახატის მიგნება შეძლო.

2024 წლის ოქტომბერში, იტალიის ქალაქ პარმაში გამართულ ანტიკვარიატის ყოველწლიურ ბაზრობაზე, პოლიციის ოფიცრები დახლებს შორის დასეირნობდნენ და ექსპონატებს ფოტოებს უღებდნენ. ფოტოები სპეციალურ შიდა მონაცემთა ბაზაში იტვირთებოდა.
სულ რაღაც ორ საათში სისტემამ განგაშის სიგნალი გამოსცა: ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახული იყო ახალგაზრდა, ღია ფერის კანის მქონე ქალი წითელ და აკვამარინისფერ სამოსში, რომელსაც ხელში ნახევრად გაშლილი პერგამენტის გრაგნილი ეჭირა. იტალიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიციის დანაყოფის ლეიტენანტ-პოლკოვნიკ სალვატორე რაფიკავოლის თქმით, ექსპერტებმა ნახატი იმავე დღეს ამოიღეს შემოწმებისთვის.


