დღეს კომპოზიტორ და მომღერალ ნუნუ გაბუნიას დაბადების დღეა,ნუნუ გაბუნია 18 ივლისი, 1941.
დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, არის თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენი კავალერი-ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის,ქ. ატლანტას საპატიო მოქალაქე და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
1961–1968წწ. მუშაობდა საბავშვო მუსიკალური გადაცემების რედაქტორად; 1971 წლიდან იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ორკესტრის სოლისტი; შექმნილი აქვს: ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – საბავშვო ოპერა “შემოდგომიდან გაზაფხულამდე” (1969, ორ ნაწილად), ოპერეტა “ნანა მღერის სიყვარულზე”(1969, სამ ნაწილად), სამნაწილიანი ოპერეტა (1980); საესტრადო სიმღერები(ასზე მეტი) – “მეორე ლეგენდა” (ა. გელოვანის სიტყვებზე), “იავნანა” (დ. გვიშიანის სიტყვებზე), “სიმღერა თბილისზე”(ბ. აბაშიძის სიტყვებზე), “საახალწლო”(მ. ქვლივიძის სიტყვებზე), “სიმღერა სამშობლოზე”, “სიმღერა იეთიმ გურჯზე”, “სალაღობო”, “ჩემი თბილისი”, “10 ლირიული სიმღერა” (1980, კრებული), “4 სიმღერა საქართველოზე” (1983), “6 ლირიული სიმღერა” (1983); საბავშვო სიმღერები(სამოცზე მეტი); მუსიკა სპექტაკლებისათვის (1963, თბილისის თოჯინების თეატრი, 1967, ქ. საგარეჯოს დრამატული თეატრი, 1968, ქ. თელავის დრამატული თეატრი, 1972–1976წწ., ქ. ახალციხის დრამატული თეატრი და ანიმაციური ფილმებისათვის (“მონადირე”-1968, “ლურჯა”-1973, “სახლობანა”-1975, “ბულბულის იუბილე”-1978); მის სიმღერებს დიდი წარმატებით ასრულებენ ცნობილი საესტრადო მომღერლები; რამდენიმე სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერად იქნა დასახელებული (1974). 2012 წელს გაიხსნა ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან.