გაერო-ს სურსათის მსოფლიო პროგრამა (WFP) 15 ოქტომბერს გამოვიდა გაფრთხილებით, რომლის თანახმად, ავღანეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ჰაიტიში, სომალიში, სამხრეთ სუდანსა და სუდანში მცხოვრები თითქმის 14 მილიონი ადამიანი, გლობალური ჰუმანიტარული დახმარების შემცირების გამო, უკიდურესი დონის შიმშილის რისკის ქვეშ იმყოფება.
სურსათის მსოფლიო პროგრამის უმსხვილესმა დონორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება შეამცირა. ჰუმანიტარული დახმარება შეამცირეს ან ამის შესახებ გამოაცხადეს სხვა დიდმა სახელმწიფოებმაც.
სააგენტო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მის სასურსათო პროგრამაზე დაწესებულმა შემცირებებმა, შესაძლოა, 13.7 მილიონი ადამიანი შიმშილის „კრიზისული“ დონიდან „საგანგებო“ დონემდე მიიყვანოს, რაც შიმშილის საერთაშორისო ხუთსაფეხურიან შკალაზე კიდევ უფრო დაბალი საფეხურია.
„სხვაობა იმას შორის, რასაც WFP-ი უნდა აკეთებდეს და რის გაკეთების შესაძლებლობაც გვაქვს, არასდროს ყოფილა ასეთი დიდი. ჩვენ შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში ათწლეულების პროგრესის დაკარგვის რისკის წინაშე ვდგავართ“, – აცხადებს WFP-ის აღმასრულებელი დირექტორი, სინდი მაკკეინი.