„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ბრალს არცერთ ნაწილში არ აღიარებს.
როგორც ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ყველა ეს ბრალდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ უნდა იყოს წარდგენილი.
„ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს გავქცევივარ პასუხისმგებლობას და არც ვაპირებ. წარმოდგენილ ბრალს არცერთ ნაწილში არ ვაღიარებ. პირველი, რასაც მედავებიან, სახელმწიფოს კონსტიტუციური დამხობაა. ის, ვინც ეს სახელმწიფო კონსტიტუციურად დაამხო, არის ბიძინა ივანიშვილი. მან გააყალბა არჩევნები, მიიტაცა ხელისუფლება. არავინ აღიარებს მის ლეგიტიმაციას. უფრო მეტიც, შარშან, ნოემბერში გამოგვიცხადეს, რომ ქვეყანა აღარ მიდიოდა ევროპისკენ. ეს იყო კონსტიტუციური დამხობა. ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილის. რაც შეეხება მეორე ბრალს, ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას, ვინმეს თუ ჰყავს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ბატონო პროკურორებო, ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებზეც ბრალი წარუდგინეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მესამე – სტრატეგიული ობიექტების დაკავება. ეს სტრატეგიული ობიექტები ეკუთვნის ხალხს და იქ უნდა ისხდნენ ადამიანები, რომლებიც ხალხს ემსახურებიან. ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, რომ მიტაცებული ხელისუფლების გამო, ამ შენობებში სხედან ის მაღალჩინოსნები, რომლებიც დაკავებული არიან, როგორ მოიპარონ და როგორ იცხოვრონ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე. სტრატეგიული ობიექტების დაკავებაზეც ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილს.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, არსად დამალვას რომ არ ვაპირებ, ეს დაკავების დროსაც გამოჩნდა. არ ვაპირებ დამალვას. ვინმეს თუ უნდა, სადმე წავიდეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მას და მის გუნდს არ გავახარებ. პატიმრობა თუ იქნება გამოყენებული, ამას მოცემულობად მივიღებ. პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია. მადლობა მათ ბრძოლისთვის“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ირაკლი ნადირაძეს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.