ხუთშაბათი, ივლისი 30, 2026

1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ამასთან, შსს-ს განმარტებით, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ, შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

„ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო – ფიფქი.
საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: არანაკლებ 3 მმ. მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);
საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;
საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;
ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია, ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა;
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი;
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.
თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია, პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა;

თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს, შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე;

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

დეტალური ინფორმაცია ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლების, ასევე, იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალის შესახებ, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით, იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვისა და შეიარაღებისთვის 3.47 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვისა და შეიარაღებისთვის 3.47 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში გამოუყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.ევროკომისიამ უკრაინისთვის 3.47 მილიარდი ევროს გადარიცხვა 90 მილიარდი ევროს ოდენობის უკრაინის მხარდაჭერის სესხიდან დაიწყო.გამოყოფილი თანხა შორ მანძილზე მოქმედი დრონების, რაკეტებისა და Gripen-ის ტიპის გამანადგურებლების დაფინანსებას მოხმარდება.„ჩვენი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პაკეტის ფარგლებში განხორციელებული გადარიცხვით, ჩვენ უკრაინას საკუთარი ხალხის დაცვაში ვეხმარებით. ასევე, ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიებს კიდევ უფრო ვაახლოებთ. დრონების შესახებ ჩვენი შეთანხმება ასე ხორციელდება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

30 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს და ამ დღეს იკითხება მისივე ტროპარი და კონდაკი.ტროპარი:„ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.“კონდაკი:„ქალწულებისა სიკეთითა განშუენებულმან, ქალწულო, და წამებისა ღუაწლითა გვირგვინოსანმან მარინე, სისხლითა ღუაწლთათა სხურებულმან და კურნებათა საკვირველებითა განბრწყინვებულმან კეთილმსახურებით მიითვალენ, მოწამეო, ძლევისა ნიჭნი ღუაწლთა შენისათანი.“

ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ამასთან, ისინი უკანონოდ იყენებენ ეროვნული ბანკის ლოგოს.„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშული პირები მოქალაქეებს თითქოსდა სებ-ის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულების დაფარვასა და სხვა მსგავს ფინანსურ ოპერაციებში დახმარებას სთავაზობენ. ერთ-ერთ შემთხვევაში კი, მოქალაქეს განუცხადეს,  რომ მის პირად საბანკო მონაცემებზე დაფიქსირდა შესაძლო უნებართვო წვდომა და სესხის გააქტიურების მცდელობა, რის გადასამოწმებლადაც მოსთხოვეს იდენტიფიკატორების მითითებით შესულიყო შესაბამის დისტანციურ არხში - ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკში.ზემოაღნიშნული კომუნიკაციების ფარგლებში მომხმარებლებს ასევე სთხოვენ გადასცენ ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკში  ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები, მათ შორის, სახელი, პაროლი, აგრეთვე სხვა პირადი და ფინანსური ინფორმაცია.გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული მონაცემების გაცემის შემთხვევაში, თაღლითებმა შესაძლოა მოიპოვონ თქვენს საბანკო ანგარიშებზე წვდომა, რაც ქმნის უნებართვო ოპერაციების განხორციელებისა და მომხმარებლის ფინანსური ზარალის/ზიანის მიყენების საფრთხეს.საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია. მათ შორის, ბანკის დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის  საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ბმულებზე და არ სცადონ საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება. ასეთი  სიტუაციის დაფიქსირების შემთხვევაში  მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პერიოდულად ავრცელებს გამაფრთხილებელ თუ საგანმანათლებლო ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის ხშირად გამოყენებულ სქემებთან დაკავშირებით. შესაბამისი შინაარსის მასალები განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ და ფინანსური განათლების ვებგვერდებზე“, - - აღნიშნულია განცხადებაში.

JUDOINSIDE: “გადაწყვეტილია – ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს”

მსოფლიო ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწვრთნელი ახალი გამოწვევისთვის ემზადება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ოქროს ხანისა და თაობის არქიტექტორი - ლაშა გუჯეჯიანი, ტაშკენტში ჩავიდა, სადაც უზბეკეთის ძიუდოს ფედერაციაში დაიწყებს მუშაობას და ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, მისი დანიშვნა მხოლოდ დროის საკითხია.გუჯეჯიანმა საქართველოს ვაჟთა ნაკრებიდან წასვლის შესახებ გასულ კვირას, სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა და წერტილი დასვა ეპოქას, რომლის დროსაც საქართველო მსოფლიო ძიუდოს ერთ-ერთ მთავარ ჰეგემონად იქცა. 40 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება რთული, თუმცა აუცილებელი იყო.მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია. ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ბექაურმა ოქრო მოიპოვა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა - ვერცხლის მედლები. ოთხი წლის შემდეგ, პარიზში, ბექაურმა ტიტული დაიცვა, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ კი აქტივს კიდევ ორი ვერცხლი შემატეს. მსოფლიოსა და ევროპის მრავალრიცხოვან ტიტულებთან ერთად, გუჯეჯიანმა შექმნა თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი.უზბეკეთი, რომელიც ბოლო წლებში ძიუდოს ინფრასტრუქტურასა და ელიტურ პროგრამებში უდიდეს ინვესტიციებს დებს, გუჯეჯიანისთვის იდეალური პლატფორმაა. მათ შთამბეჭდავი გამოცდილება აქვთ უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობის - მანამდე ნაკრებს ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) ავარჯიშებდა, რომელმაც უზბეკურ ძიუდოს მძლავრი საძირკველი ჩაუყარა, მოგვიანებით კი მარკო სპიტკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დიორა კელდიოროვას ოლიმპიურ ტრიუმფში.სანამ გუჯეჯიანი ტაშკენტში ახალ ოლიმპიურ ციკლს დაიწყებს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ურთულესი ამოცანა აქვს - იპოვოს შემცვლელი მწვრთნელისთვის, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ეპოქა შექმნა.

პოლონეთი საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს არ აღიარებს

28 ივლისს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა არაკონსტიტუციურად ცნო ციფრული საკითხების მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საზღვარგარეთ რეგისტრირებული ერთნაირსქესიანი ქორწინებების შესახებ ჩანაწერების პოლონეთის სამოქალაქო რეესტრში შეტანის ნებართვას იძლეოდა.ამის შესახებ პოლონური ტელემაუწყებელი Polsat News-ი იტყობინება.მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებები სამოქალაქო მდგომარეობის აქტების დოკუმენტების ფორმებს შეეხებოდა. ისინი საზღვარგარეთ რეგისტრირებული ერთნაირსქესიანი ქორწინებების მოწმობებიდან ამონაწერების პოლონეთის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრაციის საშუალებას იძლეოდა.გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო 3 მოსამართლესგან შემდგარმა კოლეგიამ, რომელსაც საკონსტიტუციო ტრიბუნალის პრეზიდენტი, ბოგდან შვენჩკოვსკი თავმჯდომარეობდა.საკითხებთან ერთად, დოკუმენტმა სარეგისტრაციო ფორმებში არსებული ველები — „ქალის მონაცემები“ და „მამაკაცის მონაცემები“ – გენდერულად ნეიტრალური ველით – „მამაკაცის/ქალის მონაცემები“, შეცვალა. ახალი ფორმები ვრცელდებოდა როგორც ქორწინების რეესტრის სრულ და მოკლე ამონაწერებზე, ასევე ცნობებზე, რომელიც ადასტურებს, არის თუ არა პირის მონაცემები შეტანილი სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეესტრში.ივნისის დასაწყისში, ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობის “ (PiS), დეპუტატთა ჯგუფმა, პარლამენტარ მარჩინ ვარხოლის წარმომადგენლობით, ეს რეგულაცია საკონსტიტუციო ტრიბუნალში გასაჩივრა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ დოკუმენტი ეჭვქვეშ აყენებდა ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის კავშირის, კონსტიტუციურ განმარტებას.რეგულაციის თანახმად, ცვლილებები ძალაში 2026 წლის 23 აგვისტოს, ოფიციალური გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ უნდა შესულიყო. თუმცა, Polsat News-ის ცნობით, სამოქალაქო რეესტრის ბევრმა სამსახურმა ახალი წესების გამოყენება უკვე დაიწყო. 

ბოლო სიახლეები