ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

„ჰანიველ პარტნერსი“ ტელეკომპანია „იმედიდან“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ჰანიველ პარტნერსი“ ტელეკომპანია „იმედიდან“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ჰანიველ პარტნერსის“ ხელმძღვანელის, ირაკლი რუხაძის განცხადებაშია აღნიშნული, „იმედიდან“ გასვლის გადაწყვეტილება პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

ამასთან, რუხაძე განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს.

„ამ განცხადებაში შევეცდები, ავხსნა ის რთული და ემოციური გადაწყვეტილება, რომელიც მე და ჩემმა პარტნიორებმა მივიღეთ „ტელე-იმედთან“ („იმედი“) დაკავშირებით. 2018 წელს, როცა ბადრი პატარკაციშვილის აქტივების დაბრუნებაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა, ბადრის ოჯახმა გვთხოვა, რომ მათგან გამოგვესყიდა „იმედი“. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის ფლობა საქართველოში ჩემს გეგმებში არ შედიოდა და ზოგიერთი ჩემი პარტნიორი საერთოდ ამ ნაბიჯის წინააღმდეგი იყო, დავეთანხმეთ ბადრის ოჯახს „იმედის“ ყიდვაზე. 2003 წლიდან „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი და კარგად მესმოდა, რომ „იმედის“ ფლობა სარისკო იყო ჩვენი ბიზნესჯგუფისთვის. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ბიზნესი გამოყოფილი უნდა იყოს პოლიტიკისგან და ამიტომ ვერიდებოდით პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას. „იმედის“ განცალკევება პოლიტიკისგან კი ყოველთვის რთული იყო.

ამიტომ 2018 წელს მე და ჩემი პარტნიორები შევთანხმდით ორ მიზანზე:

1. „იმედი“ იდგებოდა ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების სადარაჯოზე. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატებოდა იმაში, რომ არ მიგვეცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ანასხლეტებისათვის ხელისუფლებაში დაბრუნების, ქვეყნის ხელახლა არევისა და „იმედის“ ხელმეორედ მიტაცების საშუალება (2022 წლიდან „ქვეყნის არევა“ ასევე მოიცავდა საქართველოს რუსეთთან ომში ხელმეორედ ჩართვის საფრთხეს);

2. „იმედი“ გვემართა სარედაქციო პოლიტიკაში მინიმალური ჩარევით (მენეჯმენტის ძლიერ ჯგუფზე დაყრდნობით, რომელიც მომართული იქნებოდა პირველი მიზნის შესრულებაზე) და ამით მაქსიმალურად შეგვემცირებინა პოლიტიკის მიერ ჩვენი ბიზნესისთვის ხელის შეშლის რისკი.

„იმედის“ თვითმიზანი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ უპირობო მხარდაჭერა, თუმცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ადვილად მისაღები გადაწყვეტილება იყო. საერთოდ, როგორ შეიძლება, შეადარო ეს ორი პარტია ერთმანეთს ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა, პენიტენციური სისტემა, ბიზნესის თავისუფლება, მშვიდობა, ამ თავისუფლებასა და მშვიდობაზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვა, განათლების სისტემა და ა.შ.?! პარტიებს, რომელთა ლიდერებმაც თავიანთი მოსახლეობის თითქმის 10% გაუსაძლისი პირობების ციხეებში გამოკეტეს, არ შეიძლება, პრეტენზია ჰქონდეთ ქვეყნის ხელახლა მართვაზე.

შეიძლება ითქვას, რომ გასული შვიდი-რვა წლის განმავლობაში ჩვენი მიზნები მეტ-ნაკლებად შევასრულეთ. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ფაქტობრივად ჩამოიშალნენ. ამ პროცესში „იმედმაც“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. საქართველოს ომში ჩართვის საშიშროებაც საკმაოდაა შემცირებული. ქვეყნის შიგნით, დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს მთავრობამ ქართული საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო, რომ საქართველოსთვის აეცილებინა ამ ომში მხარედ გამოსვლა. ქვეყნის გარეთაც, ტრამპის ამერიკა აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობს უკრაინის ომის დასრულებაზე. ამიტომ ქვეყნის არევის საშიშროებაც მინიმუმამდეა დასული. ეს კი, როგორც არაერთხელ საჯაროდაც მითქვამს და ზემოთაც აღვნიშნე, მთავარი მიზეზი იყო, რატომაც ტელევიზიის მფლობელობას დავთანხმდით. სხვა მხრივ, ტელევიზია ჩვენთვის, როგორც ბიზნესჯგუფისთვის, ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენს (რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს „იმედი“ ემოციურად პირადად ჩემთვის). პირიქით, ის ჩვენ დამატებით სირთულეებს გვიქმნის და აზიანებს ჩვენს მთავარ საქმიანობას – ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ეკონომიკაში.

ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება. ეს გადაწყვეტილება ურთულესია პირადად ჩემთვის, რადგან „იმედთან“ და მის თანამშრომლებთან ოცზე მეტი ემოციური და სიამაყით სავსე წელიწადი მაკავშირებს. ამ წლების განმავლობაში „იმედმა“ არაერთხელ დაუმტკიცა მტერს და მოყვარეს, რომ ის ანგარიშგასაწევი ძალა იყო. სააკაშვილის მთავრობის მიერ ორგანიზებული დარბევის და მიტაცების შემდეგ, იგი ფენიქსივით აღსდგა უიმედობის ნანგრევებიდან და დღეს ოთხჯერ მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე სიდიდით შემდეგ კონკურენტს. საქართველოს ტელემაყურებლების ნახევარზე მეტი სწორედ „იმედისგან“ იგებს, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში. ამისთვის უღრმესი მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩვენს მაყურებლებს“, – ნათქვამია რუხაძის განცხადებაში.

როგორც რუხაძე აღნიშნავს, „იმედის“ ახალი მფლობელი „პრაიმ მედია გლობალი“ ხდება.

„ჩემი მთავარი სინანულია „იმედის“ თანამშრომლებთან პროფესიული დაშორება (იმედი მაქვს, რომ პირადი მეგობრობები გაგრძელდება). „იმედი“ არ არის აპარატურა, სიხშირე ან ლიცენზია. „იმედი“ არის ხალხი და ამ ხალხის გამო დარჩა ის ყველაზე ძლიერი და სანდო წლების განმავლობაში. იცოდეთ, რომ წარმოუდგენელი პრივილეგია იყო თქვენთან მუშაობა. ძალიან დამაკლდება ჩვენი შეხვედრები, კამათები, საერთო სიხარული და გაბრაზება, ახალი იდეები და პროექტები, გამარჯვებების ზეიმი. ძალიან დამაკლდება ლუბლიანას ქუჩაზე მოსვლა.

არ იყო ადვილი „იმედისთვის“ ახალი მფლობელის პოვნა. მფლობელის, რომელიც, ერთი მხრივ, ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში. საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე“. კომპანიაზე, რომელიც მრავალი წელია,  თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე. ეს კომპანია შეიძენს „იმედის“ 50%-ს და 50% გადავა მაკა ლომიძისა და მისი ოთხი მოადგილის მფლობელობაში.

წარმატება, მინდა, ვუსურვო მაკას და მის მთელ გუნდს; წარმატება, მინდა, ვუსურვო „იმედის“ ახალ მფლობელს; დაბოლოს, წარმატება, მინდა, ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და ვინატრო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილას გამოჩნდებიან მორალური, გონიერი, თავისი საქმის პროფესიონალი პატრიოტები, რომლებიც შეძლებენ ღირსეული ოპონირების გაწევას „ქართული ოცნებისთვის“, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ევროპული მომავლის მისაღწევად“. აქ „იმედია“!“ – აღნიშნულია რუხაძის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შოთა ბერეკაშვილი ფასების დარეგულირებაზე: ამ ეტაპზე პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ

ამ ეტაპზე პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.შოთა ბერეკაშვილის თქმით, პრობლემების იდენტიფიცირება თითქმის დასრულებულია და სურათი არის.„ჩვენი მიდგომა იქნება სექტორი გადავიყვანოთ ინსტიტუციურ ჩარჩოში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ურთიერთობები გახდეს გამჭვირვალე, ბიზნესპროცესები ხანგრძლივი, პროგნოზირებადი. საერთო ჯამში მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კონკურენცია იყოს არა ასიმეტრიული, არამედ ჯანსაღი, დაბალანსებული და სტაბილური. ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ სექტორში მოხდება მნიშვნელოვანი კორექცია და მივიღებთ ფასების შემცირების დინამიკას.ამ ეტაპზე, წინასწარ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ“, - აღნიშნა მან.კომისიის წევრები დღეს მსხვილ იმპორტიორ-დისტრიბუტორებს შეხვდებიან და სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.

„მიტოვებული მაიმუნი და ნარინჯისფერი სათამაშო – ისტორია, რომელმაც ჰარლოუს ექსპერიმენტი გაახსენა მსოფლიოს“

რა კავშირი აქვს პატარა მიამუნის პანჩის ისტორიას 70 წლის წინ ჩატარებულ ექსპერტიმენტს შორისეს თემა აქტიურად განიხილება უცხოურ მედიაში. პატარა მაიმუნმა სახელად პანჩიმ მთელი მსოფლიოს გული მას შემდეგ დაიპყრო, რაც დედისგან მიტოვებულმა ნარინჯისფერ რბილ სათამაშოში იპოვა შვება. როგორც საერთაშორისო მედია წერს, იაპონელი მაიმუნის ისტორია 1950-იანი წლების ექსპერიმენტის ანარეკლია, რომელიც ადრეული მიჯაჭვულობის შესახებ ჩატარებულ ცნობილ და არცთუ ლოიალურ კვლევას იმეორებს.პანჩის მიჯაჭვულობა თავის ნარინჯისფერ სათამაშოსთან მხოლოდ სევდიანი ისტორია არ არის — ის ამერიკელი მკვლევრის, ჰარი ჰარლოუს მიერ ჩატარებულ ცნობილ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტს გვახსენებს. მისი კვლევების შედეგები საფუძვლად დაედო მიჯაჭვულობის თეორიის ბევრ ცენტრალურ დებულებას, რომელიც მშობელსა და შვილს შორის კავშირს ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევს.ჰარი ჰარლოუ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ამავდროულად ხმაურიანი ფსიქოლოგი იყო, რომლის კვლევებმაც ფუნდამენტურად შეცვალა წარმოდგენა სიყვარულზე, მიჯაჭვულობასა და სოციალურ განვითარებაზე. 1950-იან და 60-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ფსიქოლოგიურ კვლევებში დომინირებდნენ ბიჰევიორისტები და ფსიქოანალიტიკოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ჩვილები დედებს მხოლოდ იმიტომ ეჯაჭვებოდნენ, რომ ისინი საკვებს აწვდიდნენ. სწორედ ამ მოსაზრებას დაუპირისპირდა ჰარლოუ.ჰარლოუმ რეზუს მაკაკები დაბადებისთანავე მოაშორა დედებს. მაიმუნები იზრდებოდნენ გარემოში, სადაც კონტაქტი ჰქონდათ ორ ე.წ. სუროგატ დედასთან. ერთი მათგანი იყო მავთულის კონსტრუქცია, რომელიც საკვებსა და წყალს აწვდიდა. მეორე კი იყო მაიმუნის ვიზუალის მქონე რბილი თოჯინა, რომელთანაც მაკაკებს მხოლოდ ჩახუტება შეეძლოთ, თუმცა ის საკვებს არ უზრუნველყოფდა.ჩატარებული ექსპერიმენტით ჰარლოუმ ბიჰევიორისტების მიდგომა ეჭვქვეშ დააყენა. კვლევამ აჩვენა, რომ მაიმუნები გაცილებით მეტ დროს ატარებდნენ რბილ „დედასთან“, ვიდრე მავთულის კონსტრუქციასთან. ისინი ემოციურ საზრდოს არჩევდნენ, რაც რბილი ქსოვილით დაფარულ სუროგატ დედასთან ჩახუტებით გამოიხატებოდა. მავთულის „დედასთან“ კი მხოლოდ გამოსაკვებად მიდიოდნენ.ექსპერიმენტებმა დაადასტურა მზრუნველობის მნიშვნელობა, როგორც მიჯაჭვულობის საფუძველი, და აჩვენა, რომ ჩვილები ემოციურ კავშირს ფიზიკურ საჭიროებებზე წინ აყენებენ.მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში, იჩიკავას ზოოპარკში პანჩის შემთხვევა არანაირ სამეცნიერო კვლევას არ წარმოადგენდა, მისი ისტორია ჰარლოუს ექსპერიმენტს მაინც მოგვაგონებს — თითქოს ბუნებრივ გარემოში, უნებლიედ განმეორებულ სცენარს. 70 წლის წინ ჩატარებული კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერა განვითარების პროცესში.ზოოპარკის პირობებში პანჩის სუროგატი დედის ალტერნატივა არ ჰქონდა, რომელიც მას დაანაყრებდა, თუმცა რბილ სათამაშოში მაინც იპოვა ნუგეში და ის სიმშვიდე, რომელიც დედისგან ვერ მიიღო.

კახა კალაძე: ყველა პროექტი, რაც ფონდ „ქართუს” თბილისში აქვს დაწყებული, აუცილებლად ბოლომდე მივა

ყოფილი იპოდრომის ადგილას კორპუსები უნდა აშენებულიყო, ბიძინა ივანიშვილმა კი გამოისყიდა, თბილისს აჩუქა და იქ ცენტრალური პარკი მოეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან.ჟურნალისტების კითხვაზე, როდის დასრულდება ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტი, თბილისის მერის თქმით, ყველა პროექტი, რასაც საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” ახორციელებს, აუცილებლად მივა ბოლომდე.“საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” პროექტები, რაც თბილისს უკავშირდება, აუცილებლად მივა ბოლომდე და განხორციელდება. ამჟამად, იპოდრომის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტირებისას რამდენჯერმე გარკვეული ცვლილებები შევიდა. იქ განსაზღვრული იყო ფრანგული, იაპონური ბაღების პროექტის განხორციელება, თუმცა მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი მწვანე საფარი უნდოდა. მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნა. პროექტს ფონდი ახორციელებს, ეს არის მათი საჩუქარი თბილისელებს. წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ტერიტორია იყო კერძო საკუთრებაში, კონკრეტულ ადამიანებზე იყო გასხვისებული, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულიყო და კორპუსები აეშენებინათ. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა, აჩუქა მუნიციპალიტეტს და ძალიან მაგარი - ცენტრალური პარკის პროექტი კეთდება.რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, მათ არ უნდათ დაინახონ რეალობა. მესმის, რომ თქვენ ხედვის პრობლემები გაქვთ და ვერაფერს ხედავთ. შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და მაინც განვიცდი, რადგან ქართველები ხართ. თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გული მაინც შემტკივა. თქვენ მუდმივად სიცრუეს ავრცელებთ, ხართ ცილისმწამებლები, მატყუარები და ქალაქისთვის სასიკეთო პროექტები არ გაინტერესებთ. მხოლოდ იმით ხართ დაკავებული, საზოგადოება შეცდომაში როგორ შეიყვანოთ”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ზედიზედ მეორედ – მიქაუტაძე „ვილიარეალის“ თვის მოთამაშის წოდებისთვის იბრძვის

გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალში“ თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული.კლუბის საიტზე გამოკითხვა მიმდინარეობს, სადაც გულშემატკივარს შეუძლია სასურველ კანდიდატს ხმა მისცეს, ასეთი კი სულ სამია: მიქაუტაძე, პაუ ნავარო და პაპე გეიე.მიქაუტაძემ თებერვალში „ვილიარეალის“ მაისურით 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ის ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ხმის მიცემა რეგისტრაციის შემდეგ მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი.გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 5 მიმდინარე წელს) და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 31 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.

შრი-ლანკის ცნობით, ირანულ სამხედრო ხომალდზე აშშ-ის თავდასხმის შედეგად 80 მეზღვაური დაიღუპა

შრი-ლანკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამერიკული წყალქვეშა ნავიდან ტორპედოს გასროლის შემდეგ ინდოეთის ოკეანეში, შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროსთან ირანული სამხედრო ხომალდის, IRIS Dena-ს ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.შრი-ლანკის საზღვაო ძალების ცნობით, ამ დროისთვის 32 ადამიანი გადაარჩინეს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გემზე, სავარაუდოდ, 180 ადამიანი იმყოფებოდა.აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა საერთაშორისო წყლებში ირანული გემი ჩაძირა.

ბოლო სიახლეები