საქართველოს პარლამენტში, სადაც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა მიმდინარეობს, ჯუმბერ ბუზალაძეს უსმენენ.
კომისიის სხდომაზე განიხილება 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები.
როგორც ჯუმბერ ბუზალაძემ კომისიის სხდომაზე საუბრისას აღნიშნა, 2005 წელს ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანები მოეწონათ და შემდეგ გაიგო, რომ მათ ეს მანქანები მეუღლეებისთვის, თაკო სალაყაიასთვის და ნანუკა ჟორჟოლიანისთვის სჭირდებოდათ.
„2005 წელს დუბაიში შვილი მოეწყო ამერიკულ უნივერსიტეტში, ჩავდიოდით ხოლმე მე და ჩემი მეუღლე. ახლობელი გვყავდა და თუ გაქვთ საშუალება, მანქანები მიჰყავთ აქედან და რაღაც რჩებაო. ჯერ უბრალო მანქანები წამოვიყვანე, შემდეგ ჩავდე ბინა და საოფისე ფართი დიღომში. მარჯვენასაჭიანები იყო და საჭის გადატანა დამჭირდა. სულ სამი მანქანა შევიძინე, თითო მანქანის გადაკეთება 3 500-დან 4 ათასამდე დამიჯდა, ზუსტად არ მახსოვს. დუბაიში იანვარში შევიძინე და მარტში-აპრილში წამოვიდა გემით. ჩამომყავს თბილისში, მაქვს ყველანაირი საბუთი. შემდეგ გადამყავს მანქანები, ავტოსადგომიდან ავტოსადგომზე. გელა ბარკალაიამ მითხრა, ჩემთან დააყენე, უფრო გაიყიდებაო. დავუჯერე. გადავიყვანე ორივე მანქანა ბარკალაიას ავტოსადგომზე, თბილისში სანაპიროზე. 2005 წელია. ვხედავ, თანამშრომლების ჩოჩქოლია, ეგრევე ჩამომართვეს გასაღებები, უნდა შევამოწმოთო. ერთ-ერთი უფროსი ურეკავს მათ ზემდგომს და ეს მანქანა უნდა გადავიყვანოთო. წავედით, გავყევი მეც. მაშინ სოდ-ი იყო, წინა მხარეს უყენია ორივე, ვუყურებ ჩემს მანქანებს, გული გამისკდა. მოდის ბატონი მერაბიშვილი, მოეწონა, გადაუსვა ხელი ერთ მანქანასაც, მეორესაც, ეცინება. დაიწყეს ძიება. შემდეგ დავუკავშირდი ბატონ ჯონდის. გავიგე, რომ ერთს მეუღლისთვის უნდოდა და კოდუას კიდევ ნანუკასთვის“, – აღნიშნა ბუზალაძემ.
კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის კითხვაზე, საიდან იცის, რომ ეს მანქანები ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას მანქანები მაუღლეებისთვის უნდოდათ, ჯუმბერ ბუზალაძემ განაცხადა:
„ერთ გორელს ჰყავდა ჩემი მანქანისნაირი შინდისფერი, თუ წითელი. ედავა, ედავა მას და ვერ წაართვა. მე მომერია. ნანუკა შემოვარდა გამოძიების დროს სოდ-ის შენობაში, საბურთალოზე ორი ოპერატორით, გადამიღო. სამი ადვოკატი მყავდა და ისინი მიხვდნენ, ვინც იყო, მე ვერ მივხვდი. მერე გამომაცხადა „რუსთავი 2“-ში, თითქოს მე ვარ იაკუძას მაფიასთან შეკრული, ჩავდივარ იაპონიაში, ვაპარვინებ მანქანებს, გადამყავს დუბაიში და იქიდან მომყავს საქართველოში. დაკითხვის დროს შემოვიდა, მკითხავდა გამომძიებელი გულედანი“, – განაცხადა ჯუმბერ ბუზალაძემ.
თეა წულუკიანის კითხვაზე, „რით დამთავრდა გამოძიება“, ბუზალაძემ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
„ავადმყოფობები ავიკიდე, ამიწია შაქარმა, ყურის აპკები დამისკდა, ოთხი სტენტირება დამჭირდა, დამაინვალიდეს ნერვიულობისგან. დამატებით კიდევ ერთი რამ მოხდა. ვადა გასდიოდა მანქანებს და განვაბაჟე, რომ ჯარიმები არ მოსულიყო. როცა წაიყვანეს, უკვე განბაჟებული მქონდა. ორ თანამშრომელს აკიდეს ე.წ. სროკი, ვითომ ფული გადავიხადე და განვაბაჟე. მე ავუხსენი, როგორც მოხდა განბაჟება. არასწორად მოხდა განბაჟებაო და ისინი დაიჭირეს. ვუთხარი, რომ ვიდრე წამოიყვანდით, მე წინა დღეს განბაჟებული მქონდა-მეთქი და ფულიც ჩარიცხული. მისაყვედურეს, რატომ იჩქარე განბაჟებაო.
ერთი წელი ორთაჭალაში არსებულ ციხეში ვიჯექი ამ მანქანების გამო. ეს მანქანები საბოლოოდ ვისი საკუთრება გახდა, არ ვიცი. მერე კოდუას სამინისტროს დარჩა, თუ ვის, არ ვიცი. სახლები დავკარგეთ. ორი წელი მომისაჯეს. არეშიძე იყო რუსთავიდან ახალი გადმოყვანილი. სამი-ოთხი მოსამართლე შეიცვალა დროთა განმავლობაში. გამოიტანა რწლიანი განაჩენი. ერთი წელი ჩამითვალეს იქ ყოფნაში, მეორე – მიმაგრებას რომ ეძახიან, ის მომცეს. კმაყოფილი ხარო? მე ვუპასუხე, რომ – არა. მირჩევნია, შემატრიალოთ, ის ერთიც იქ რომ მოვიხადო-მეთქი. ადგა და გამიუქმა, ეს ერთი წელი დამიტოვა“, – განაცხადა ჯუმბერ ბუზალაძემ.