ელენე ხოშტარია და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის წინსვლის ერთადერთი გზა.
„საკვანძო ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი ელენე ხოშტარია უსამართლოდ დააკავა ივანიშვილის ლაჩრულმა ანტიამერიკულმა რეჟიმმა. ის და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის წინსვლის ერთადერთი გზა, – წერს ჯო უილსონი.
პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ დიღმის იზოლატორში მის მიმართ ღირსების შემლახავი და ფიზიკური ძალადობის უღირსი, რუსული მეთოდი გამოიყენეს.
შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.
შსს-ს ინფორმაციით, ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.