ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ადგილი აქვს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას. კომპანია ადასტურებს, რომ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. ხარისხის კონტროლს ჯივიპის ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.

სასმელი წყლის ხარისხი თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სრულად აკმაყოფილებს როგორც ეროვნული რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებსა და ევრო რეგულაციებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალაღება ხდება სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიებიდან, რომელთაც ზედამხედველობას კომპანია უწევს. მოპოვებული ნედლი წყლის დამუშავება ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე) განთავსებულ ჯივიპის ლაბორატორიებში მიმდინარეობს. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი ასევე ხორციელდება ქალაქის წყალსადენის გამანაწილებელი ქსელის 404 წერტილში.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად.

სასმელი წყლის ხარისხი, მისი თვისებები და შემადგენლობა განსაზღვრულია საერთაშორისო სტანდარტით დაწესებული ნორმების შესაბამისად, რასაც კომპანიის მიერ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მიწოდებული სასმელი წყალი მუდმივად აკმაყოფილებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია, თვითონ სტრუქტურა კონსტიტუციურ მოთხოვნას არ შეესაბამება, სავალდებულოა, ყველაფერი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, კანონი და საკონსტიტუციო მოთხოვნები შესაბამისობაში იყოს მოყვანილი.ვოლსკის თქმით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია, როგორც ასეთი, კონსტიტუციურ მოთხოვნას არ შეესაბამება.„რასაკვირველია, ძვირს ვერცერთზე ვიტყვი, ვინც იქ მუშაობდა, განსაკუთრებით თამაზ ბესტავზე. კარგი, ჩამოყალიბებული, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანები არიან, თავისი ქვეყნის და კონსტიტუციის ერთგულები, მაგრამ სტრუქტურაა თვითონ ანტიკონსტიტუციური. დიდი ხანია, ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობს. ჩვენ შევინარჩუნებთ და ხელს შევუწყობთ ადმინისტრაციებს, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების დროს ჩამოყალიბდა. სავალდებულოა, რომ ყველაფერი კონსტიტუციის შესაბამისობაში მოვიყვანოთ. სავალდებულოა, რადგან, ფაქტობრივად, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა არ არსებობს და არც ადმინისტრაცია შეიძლება არსებობდეს. მით უმეტეს, კონსტიტუციაში არ არის გაწერილი. მადლობა ყველას, ვინც იქ იმუშავა. დარწმუნებული ვარ, ქვეყანა მათ ინტელექტუალურ რესურსს მომავალშიც გამოიყენებს, მაგრამ ვალდებულება, რომ კანონი და საკონსტიტუციო მოთხოვნები იყოს შესაბამისობაში მოყვანილი, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება. პაპუაშვილის ინფორმაციით, ცვლილებების მიღებას საქართველოს პარლამენტი წლის ბოლომდე გეგმავს.

„ერაზმუსის“ საქართველოს ოფისი – ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში

ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში, Erasmus+-ის პროგრამის სახელმძღვანელოს დადგენილი წესების შესაბამისად, – ამის შესახებ აღნიშნულია Erasmus+-ის საქართველოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მათივე ცნობით, შესაძლებლობები ხელმისაწვდომი რჩება სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სკოლებისთვის, პროფესიული განათლებისა და ტრენინგცენტრებისა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შესაბამისობაში არიან პროგრამის შერჩევის კრიტერიუმებთან.„ევროკავშირის ნებისმიერი პროგრამის შემთხვევაში წესები და შერჩევის კრიტერიუმები, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს. მონაწილეებისთვის რეკომენდებულია, გადახედონ Erasmus+-ის პროგრამის უახლეს სახელმძღვანელო დოკუმენტს, კონსულტაცია გაიარონ Erasmus+-ის ეროვნულ ოფისთან საქართველოში და დაეყრდნონ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს ზუსტი და უახლესი ინსტრუქციებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა კალაძე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების შესახებ: ეს ყველაფერი გარედან თავსმოხვეული იყო

„ეს იყო იმ მტრული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა - ეს ყველაფერი გარედან თავსმოხვეული იყო, თუნდაც ანტიკორუფციული ბიუროს ვითომ დამოუკიდებელ ორგანოდ გატანა“, - ამის თაობაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებების შესახებ.კახა კალაძის თქმით, არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი, ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც დროებით რუსეთის მიერაა ოკუპირებული.„სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები, სარჩელიც არის შესული საკონსტიტუციო სასამართლოში.ეს იყო იმ მტრული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა.არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს სამაჩაბლო, ის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, დროებით ოკუპირებულია რუსების მხრიდან და ეს არის რეალობა“, - განაცხადა თბილისის მერმა.ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებისა და მისი ფუნქციების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემის შესახებ საუბრისას, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ რეფორმების განხორციელება აუცილებელია და ამ მიმართულებით სვლა უნდა გაგრძელდეს.„ეს იყო გარედან თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო, თუმცა რეალურად, აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში და გააგრძელებს ამ ფორმით მუშაობას.ზოგადად, რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ამ მხრივ არის მოწინავე, გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ყველა შეფასებით, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველო დგამს ქმედით ნაბიჯებს, მიიწევს წინ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი – არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა

საქართველოს პარლამენტში დღეს დაინიცირდება ახალი „საარჩევნო კოდექსი“, რომლითაც მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, ცვლილებები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საარჩევნო პროცესის ნორმატიულ ჩარჩოს.„მოქმედი საარჩევნო კოდექსი 2011 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ 100-ზე მეტი ცვლილება განიცადა. შედეგად, ტექსტი გახდა რთულად აღსაქმელი, ბევრი ნორმა გაორმაგებულია, კოდექსის დიდი ნაწილი მოქცეულია გარდამავალ დებულებებში, რომლებიც შინაარსობრივად ძალადაკარგულია, სტრუქტურა კი საჭიროებს მოწესრიგებას. ამ მიზეზით, უკვე რამდენიმე წელია, დღის წესრიგში დგას კოდექსის სრული გადამუშავება. ინიცირებული ახალი რედაქცია სწორედ ამ პრობლემებს პასუხობს.შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში დღეს დაინიცირდება ახალი „საარჩევნო კოდექსი“, რომლითაც მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა, კოდექსი გახდება ერთიანი, მარტივად გასაგები და ფუნქციურად გამართული ტექსტი. ეს ცვლილებები, არსებითად, ტექნიკური ხასიათისაა, მაგრამ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საარჩევნო პროცესის ნორმატიულ ჩარჩოს.კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და სად ცხოვრობს, აქვს სრული, პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლება.ამავე დროს, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს.არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებული შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო, პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას.ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები. ზოგადად, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ადამიანი ორი წყაროდან იღებს ინფორმაციას – ერთი ეს არის მედია, საიდანაც ადამიანი ინფორმაციას უფრო გაფილტრულად, სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისი ინტერპრეტაციით იღებს, და არის ე.წ. გაუფილტრავი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი პირადად, საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან ინტერაქციაში იღებს.დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაცია, შესაძლოა, რადიკალურად ურთიერთსაპირისიპირო იყო. ეს გარემოება ზრდის ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს. ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი. კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვათ, არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება.როგორც პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.„მეორე ბლოკი ეხება იმ ინსტიტუციური მოდელების გადახედვასა და კონსოლიდაციას, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობდა ფრაგმენტულად ან გარედან თავსმოხვეული მოდელების სახით. ჩვენი მიზანია მმართველობის სისტემის კონსტიტუციური ჩარჩოს გამყარება და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია.კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა.ამ მხრივ ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები