ჩვენ არ ვართ ომში ირანთან, ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ვენსმა უარი განაცხადა 100-პროცენტიანი დარწმუნებით დაედასტურებინა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურდა და თქვა, რომ, მისი აზრით, აშშ-მა „მნიშვნელოვნად შეაფერხა“ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების უნარი.
„შესაძლებლობების ვიწრო ფანჯარა გვქონდა. ჩვენ შეიძლება, არ გვქონოდა ამ შეტევის განხორციელების შესაძლებლობა ექვსი თვის შემდეგ. ჩვენ გვაქვს ვიწრო ფანჯარა, რომელშიც შეგვიძლია, ეს პროგრამა ძალიან დიდი ხნით უკან დავწიოთ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, არ გადაედგა ის ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვენდობით ჩვენს სადაზვერვო სამსახურს, მაგრამ ასევე ვენდობით ჩვენს ინსტინქტებსაც. ირანელებმა თავად შეწყვიტეს მოლაპარაკებები, ეს იყო ნამდვილი კატალიზატორი“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.