ოთხშაბათი, ივნისი 4, 2025

ხონის მე-13 დაწესებულება არის სააკაშვილის მმართველობის სიმბოლო, დასკვნით დავადასტურებთ, რომ სააკაშვილი იყო მწვალებელი, რომელიც კარცერებში პატიმრებს სჯიდა – თეა წულუკიანი

ხონის მე-13 დაწესებულება არის სააკაშვილის მმართველობის სიმბოლო, დასკვნით დავადასტურებთ, რომ სააკაშვილი იყო მწვალებელი, რომელიც კარცერებში პატიმრებს სჯიდა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ხონში განუცხადა. კომისიის წევრები დღეს ხონში სასჯელაღსრულების ყოფილ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისია დასკვნით დაადასტურებს, რომ სააკაშვილი არ იყო ქართული სახელმწიფოს მშენებელი თუ აღმშენებელი, ის იყო მწვალებელი, რომელიც კარცერებში პატიმრებს არაადამიანური მოპყრობის, წამების მსხვერპლად აქცევდა.

„როდესაც პატივი მქონდა, მეხელმძღვანელა იუსტიციის სამინისტროსთვის, მაშინ ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსგან ბალანსიდან ბალანსზე გადმოვიტანეთ ხონში სასჯელაღსრულების ეს ყოფილი დაწესებულება, ტერიტორია და შენობა-ნაგებობები, რომელიც დღეს ჩვენმა საგამოძიებო კომისიამ დაათვალიერა. იმ დროიდან, მე მახსოვდა, რომ ხონის მე-13 სასჯელაღსრულების ყოფილი დაწესებულება იყო ერთადერთი ადგილი დღეისთვის საქართველოში, სადაც შემორჩენილია ე.წ. სააკაშვილის კარცერების შენობა. შევთავაზე კომისიის წევრებს, ეს ენახათ. დღეს მინდა, მადლობა გადავუხადო კომისიის წევრებს, ყველამ მოისურვა ამის ნახვა, რადგან იმ პერიოდის სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სისტემურ დანაშაულებს როდესაც იძიებ, რა თქმა უნდა, ეს შენი თვალით უნდა გქონდეს ნანახი.

ჩვენ ვნახეთ კარცერების ის სისტემა, რომელიც, როგორც ერთ-ერთმა აქ მყოფმა ყოფილმა თანამშრომელმა, ვინც გიდობა გაგვიწია, თქვა, ზუსტად ისევეა ხელუხლებელი, როგორც იყო 2007-2008-2009 წლებში. კედლებზეც ვნახეთ პატიმრების მიერ გაკეთებული წარწერები, მათ შორის წლებიც და ის, როგორ თვლიდნენ დღეებს ხაზების ჩამოსმით, რადგან გარესამყაროსთან ყველანაირი კავშირი აკრძალული ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ეს ფოტომასალა და რეალობა, რომელიც ჯერ კიდევ არ წაუშლია ისტორიას, შევა ჩვენს დასკვნაში, დასკვნას თან დაერთვება როგორც ფოტო, ასევე ვიდეომასალა ხონის მე-13 დაწესებულებისა, რაც არის სიმბოლო სააკაშვილის მმართველობის. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ სააკაშვილი არ იყო ქართული სახელმწიფოს მშენებელი თუ აღმშენებელი, ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ამ კარცერებში პატიმრებს სჯიდა და შემდეგ არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს: საქართველოში შესაძლოა ბინადრობის მოწმობითაც არ შეგიშვან

საფრანგეთის საელჩო საქართველოში მყოფ საფრანგეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ პოლიციის მხრიდან შემოწმების შემთხვევაში, თითოეულმა პირმა უნდა შეძლოს თავისი ვინაობის დამტკიცება და საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება აეკრძალოს იმ პირებსაც კი, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას. "2023 წლის 28 ნოემბრიდან თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, ყოველდღიურად იმართება ხანდახან მასშტაბური აქციები. ამ აქციების დროს ხშირად ხდება დაკავებები და ძალოვანთა მიერ დემონსტრანტების ძალით დაშლა, განსაკუთრებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე — თავისუფლების მოედანსა და რესპუბლიკის მოედანს შორის. ასეთ აქციებში მონაწილეობა შესაძლოა დაჯარიმდეს დიდი ოდენობის ჯარიმებით (5,000 ლარი თითო ჯარიმაზე, რაც აღემატება 1,600 ევროს და შესაძლებელია რამდენიმე ჯარიმის დაკისრება ერთდროულად). რეკომენდებულია, რომ საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოქალაქეებმა თავი შეიკავონ მსგავსი შეკრებებისგან. შეგახსენებთ, რომ პოლიციის მხრიდან შემოწმების შემთხვევაში, თითოეულმა პირმა უნდა შეძლოს თავისი ვინაობის დამტკიცება. საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება აეკრძალოს იმ პირებსაც კი, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას. მოგზაურებს ურჩევენ, გამგზავრებამდე წინასწარ გადაამოწმონ, არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უარის მიღების რისკს ზრდის — მათ შორის შეიძლება იყოს აქციებში მონაწილეობა ან სოციალური ქსელებით გაწეული აქტივობა. საქართველოში ხელმეორედ შესვლა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მსგავსი აქციებში სავარაუდო მონაწილეობისთვის მძიმე ჯარიმების დაუყოვნებლივ გადახდის აუცილებლობასთან", - წერია განცხადებაში.

რუმინეთში, 23 წლის რეალითი შოუს ვარსკვლავი ქუჩაში, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყოფილმა პარტნიორმა მოკლა

რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში რეალითი-შოუს 23 წლის ვარსკვლავი, მცირეწლოვანი ქალიშვილის თვალწინ მოკლეს.dailymail-ის ინფორმაციით, თეოდორა მარკუს მაშინ ესროლეს, როდესაც ის პატარა შვილთან და ბიძაშვილთან ერთად სეირნობდა.ახალგაზრდა ორსულ ქალს მკვლელმა 4-ჯერ ესროლა. მედიის ცნობით, მკვლელი მისი ყოფილი პარტნიორი, 49 წლის რობერტ ლუპუა. მკვლელობის მომენტში ქალი 26 კვირის ორსული იყო.თეოდორა მარკუსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მის გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი წყნარად მიუახლოვდა ქალს და ახლო მანძილიდან რამდენჯერმე ესროლა. მედიის ინფორმაციით, მოგვიანებით მამაკაცმა თავი მოიკლა.

ანდრია რაზმაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ანდრია რაზმაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში ტრანსპორტირება და მკურნალობა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს. დახმარების სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე: საქართველო ბანკი; GE50BG0000000541428496; მიმღები: სალომე ზაუტაშვილი;თი ბი სი ბანკი; GE89TB7504945061100032; მიმღები: სალომე ზაუტაშვილი;

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 79-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას რეკორდული რაოდენობის – 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს და იგი, მისი მიზნებიდან გამომდინარე, ჰუმანიტარული ხასიათისაა.„რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე.რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.ბოლო წლებში ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივად იქცა, ვინაიდან მის თანაავტორთა რიგებს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ათეულობით ქვეყანა უერთდება.რეზოლუციის განხილვისას, 3 ივნისს, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), კანადამ (ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სახელით) და იაპონიამ.განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველომ ამჯერადაც შეძლო და არა მარტო შეინარჩუნა, არამედ გაზარდა რეზოლუციის მხარდაჭერის ყოველწლიური დინამიკა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.საგარეო უწყების ცნობით, რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, გვატემალა, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ესპანეთი, ვანუატუ, თურქეთი, იაპონია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, კაბო-ვერდე, კანადა, კირიბატი, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალავი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მონაკო, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სამოა, სან მარინო, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უნგრეთი, უკრაინა, ფინეთი, ფიჯი, ხორვატია, შვედეთი, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჯიბუტი.

მასუდ ფეზეშქიანი – ირანი არ დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ირანი არ დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის ქვეყანას არ აქვს ბირთვული იარაღის ინტერესი, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანას ბირთვული ტექნოლოგიები სჭირდება ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, გარემოს დაცვაში, მრეწველობაში და ისინი არ აპირებენ ამ მიღწევაზე უარის თქმას.ფეზეშქიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ შეწყვეტენ ძალისხმევას მშვიდობიან ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებით.„ჩვენ გვინდა მშვიდობა და უსაფრთხოება. ჩვენ არ გვაქვს ბირთვული იარაღის ინტერესი. ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ ჩვენ ბირთვული იარაღი და მასობრივი განადგურება გვსურს, თქვენ ხართ ის, ვინც აშინებთ მუსლიმებს ბირთვული იარაღით და მასობრივი განადგურებით რეგიონში. ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე. მათ ამაზე შეუძლიათ მხოლოდ იოცნებონ. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ, მუსლიმებსა და ისლამურ ქვეყნებს ცოდნის, მეცნიერებისა და შემოქმედების უფლებები შეუზღუდონ მუქარით ან მოტყუებით. არცერთი შეგნებული და თავისუფალი ადამიანი არ შეეგუება მკვლელობებს, ძარცვას და ხოცვა-ჟლეტას, რომელსაც ისრაელი ახორციელებს რეგიონში შეერთებული შტატების მხარდაჭერით“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.

ბოლო სიახლეები