ჭიათურაში პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს. როგორც მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ღამის 03:30 საათზე ჭიათურაში მოწყობილ საპროტესტო კარავში პოლიციის თანამშრომლები შეიჭრნენ და ოთხი ადამიანი დააკავეს.
დღეს, ჭიათურაში მაღაროელთა საპროტესტო აქციების დაწყებიდან 61 დღე დაიწყო. მაღაროელები მოსახლეობას და კომპანიის დასაქმებულებს სოლიდარობისკენ მოუწოდებენ და საპროტესტო აქციებზე გასვლისკენ მოუწოდებენ.
ტარიელ მიქაცაძის ინფორმაციით, დაკავებული მერაბ სარალიძე, გიორგი მეფარიძე და არჩილ ჭუმბურიძე მაღაროელები არიან. მათგან პირველი ორი კარავიდან წაიყვანეს, არჩილ ჭუმბურიძე კი სახლიდან. მეოთხე დაკავებული კი ჭიათურის მცხოვრები თენგიზ გველესიანია, რომელიც 28 თებერვლის შემდეგ პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა.
„მხოლოდ გვითხრეს, რომ დასაკითხად მიჰყავდათ. ვცადეთ ტელეფონით გადაგვეღო, თუმცა უფლება არ მომცეს“, – აცხადებს ტარიელ მიქაცაძე.
კითხვაზე – რას შეიძლება უკავშირდებოდეს პროტესტის მონაწილეების დაკავება და ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტი გუშინ ჭიათურაში მომხდარ დაპირისპირებას, მაღაროელი ასე პასუხობს: „გუშინ, მე ჭიათურაში არ ვიმყოფებოდი, გადმოცემით ვიცი, რომ შუქრუთის მაღაროს დირექტორმა თენგიზ კობერიძემ პროტესტის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა და „ნახირის ჯოგი“ უწოდა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და ისინი მაღაროს დირექტორს დაუპირისპირდნენ. ზუსტად არ ვიცი აქვს თუ არა ამ შეხლა-შემოხლას კავშირი დაკავებებთან“.
ცნობისთვის, მაღაროების მმართველმა კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ ჭიათურაში კომპანიის წარმომადგენლებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას გაავრცელა. „ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით სპეციალურმა ჯგუფებმა დილიდან დაიწყო დახურულ მაღაროებში შესვლა და არსებული ვითარების შეფასება. პერევისას მაღაროს დათვალიერების დროს, ადგილზე მივიდნენ საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ კომპანიის წარმომადგენლებს.
პერევისას მაღაროდან წამოსულ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის ავტომობილს გზა გადაუკეტა 30-კაციანმა ჯგუფმა. მათ შორის განსაკუთრებულად აქტიურობდნენ: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი. კობერიძე ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვებით გაუსწორდნენ, მათ შორის დაზიანებები მიაყენეს სახის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, – ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში.