თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს, ოპოზიციური პარტიების წევრები და აქტივისტები არიან შეკრებილნი. საქმე ეხება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას, რისთვისაც ჯაფარიძეს 20 000 ლარიანი გირაო დაეკისრა, რომლის გადახდასაც, მისივე თქმით, არ აპირებს.
თავად ზურაბ ჯაფარიძესაც და მის მხარდამჭერებსაც აქვთ მოლოდინი, რომ ზურაბ ჯაფარიძეს დღეს აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობით შეუცვლიან.
“ვფიქრობთ, რომ დააკავებენ უკანონოდ, იმიტომ, რომ მათ პოლიტიკური ლიდერების გარეთ ყოფნის ეშინიათ. “ქართული ოცნება” შევიდა ჩიხში, რომლიდან გამოსასვლელიც უბრალოდ არ არსებობს. მთავარია, ვიყოთ გარეთ, პროტესტი გაგრძელდეს და ამ ბრძოლას ქართველი ხალხი აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე,” – აცხადებს “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე.
ცოტა ხნის წინ, აქტივისტებსა და პოლიციას შორის მცირედი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქტივისტებს საქალაქო სასამართლოს ეზოში სურდათ აქციის გამართვა, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ.
“ბოლო პერიოდში, ყველამ კარგად ვიცით, რომ სადაც გარკვეული სახის შეკრება ხორციელდება აქციის მონაწილეების, სულ ყველგან არის პოლიცია და არის იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც საჭიროა უსაფრთხოების დაცვის მიზნით”, – აცხადებს ვაჟა სირაძე.