ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის 24-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, — ასეთია რამდენიმე ანალიტიკური სპორტული პორტალისა და ფრანგული მედიის შეფასება.
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა ტურის მატჩში „ოსერთან“ დუბლი გაიფორმა — ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა (3:1). ეს კვარაცხელიასთვის საფრანგეთის ჩემპიონატში შესრულებული პირველი დუბლი იყო.
პორტალმა WhoScored-მა ქართველ ფეხბურთელს უმაღლესი შეფასება — 10.0 ქულა დაუწერა, ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და სიმბოლურ თერთმეტეულშიც შეიყვანა. იდენტური შეფასება მიიღო პლატფორმა Sofascore-სგანაც — ხვიჩამ 10 ქულა მოიპოვა და ისიც ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
რაც შეეხება ფრანგულ გამოცემა L’Équipe-ს, მისი შეფასება შედარებით მოკრძალებულია — 8.0 ქულა, თუმცა კვარაცხელია ამ ვერსიითაც კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.