ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ დამაჯერებლად დაამარცხა – 4:0.
ატლანტას „მერსედეს ბენც-არენაზე“ გამართულ შეხვედრაში პარიზელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მე-6 წუთზე გათამაშებული შეტევა ჟოაო ნევეშმა თავური დარტყმით დააგვირგვინა. ფრანგები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში მეტოქეს ერთი მომენტის შემქნის საშუალებაც არ მისცეს, თავად კი ნევეშის დუბლით (39), ტომას ავილესის ავტოგოლით (44) და აშრაფ ჰაკიმის (45+3) ზუსტი დარტყმით შესვენებამდე 4:0 დაწინაურდნენ.
ხვიჩა კვარაცხელიამ პირველ ტაიმში რამდენჯერმე გაამწვავა თამაში. მე-4 წუთზე გაიბრწყინა, „ინტერ მაიამის“ სამ მცველს გაცდა და კარის წინ ბრედლი ბარკოლა მონახა, რომელმაც ამ რეალური შანსით ვერ ისარგებლა. ხვიჩა ძალიან მონდომებიული იყო, არაერთხელ გაამწვავა შეტევა, საჯარიმოს სიახლოვიდანაც დაარტყა და „მაიამის“ ისევ მეკარემ უშველა.
მეორე ნახევარში ფრანგებმა ტემპი დააგდეს, ამერიკელები კი სხვაობის შემცირებას ცდილობდნენ, მაგრამ შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდათ.
საბოლოოდ პსჟ-მ 4:0 მოიგო და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებს. მისი მეტოქე „ბაიერნისა“ და „ფლამენგოს“ წყვილში გამარჯვებული იქნება.