უმრავლესობას შევთავაზე, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე მსჯელობა ალბანური მოდელის მიხედვით დაგვეწყო, მათ შორის, “ვეტინგის” მიმართულებით, მაგრამ რომ გითხრათ, რაიმე შედეგს მივაღწიეთ, ასე არ იყო , – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც დასრულებამდე დატოვა.
გარდა ხატია დეკანოიძისა, შეხვედრა კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დატოვა.
„საუბარი სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და ვენეციის კომისიის 9 რეკომენდაციას ეხებოდა. ამ რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს მიმართ ნდობის დაბრუნებაა.
იუსტიციის საბჭოს რეფორმა ითვალისწინებს “ვეტინგის სისტემას”. ეს გულისხმობს იმას, რომ საკონკურსო კომისია, პარლამენტის დადგენილებით, მსჯელობს და ადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას. შემდგომში, პარლამენტი ამ შემადგენლობას ამტკიცებს. ჩვენ შეგვიძლია, რომ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილება შემოვიტანოთ საქართველოში. მე უმრავლესობას შევთავაზე, რომ მსჯელობა ალბანურ მოდელზე დაგვეწყო, მათ შორის, “ვეტინგის” მიმართულებით, მაგრამ რომ გითხრათ, რაიმე შედეგს მივაღწიეთ, ასე არ იყო. უმრავლესობა ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ სჭირდება და ვენეციის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის.
დღეს ვერაფერზე შევთანხმდით. კამათი სხვა განზომილებაში გადაიზარდა და საგნობრივი კამათი, სამწუხაროდ, ვერ შედგა. “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას კი არ უნდა დაუთმოს, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართველ ხალხს გამოადგება და ევროკავშირთან კიდევ უფრო დააკავშირებს. სასამართლო რეფორმა, ამ შემთხვევაში, ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს „კლანი“ უნდა ჩამოსცილდეს და თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, მსჯელობის საგანი უნდა იყოს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.