ჩვენზე ფინანსურად ძლიერი სახელმწიფოებიც კი თავიანთ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევენ და იშვიათად თუ რომელიმე ქვეყანა თავიანთი მოქალაქეების უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ე.წ. ესკალაციის ზონებიდან, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ.
„რაც შეეხება ტაილანდში ჩარჩენილ მოქალაქეებს, რომლებსაც ტაილანდში გარკვეული შეფერხება შეექმნათ ავიარეისების გადადების, ან გაუქმების გამო, ეს ორი მიმართულება ორ ნაწილად უნდა დავყოთ, რომ კარგად გვესმოდეს, სად იწყება და სად მთავრდება სახელმწიფოს ვალდებულება. ერთის მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია უფლებები და კანონიერი ინტერესები დაიცვას საზღვარგარეთ, მეორეს მხრივ, სახელმწიფო და ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ასევე უზრუნველყოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოება.
ის გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სპეციალური რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით, ეს არ არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა სახელმწიფო ახორციელებს. მათ შორის ჩვენზე ფინანსურად ძლიერი სახელმწიფოებიც კი თავიანთ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევენ და იშვიათად თუ რომელიმე ქვეყანა თავიანთი მოქალაქეების უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ე.წ. ესკალაციის ზონებიდან“, – აღნიშნა თოთლაძემ.
დღეს მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოსა და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.

