ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025

წნორში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

წნორში დიალიზის სერვისი ამოქმედდა, რომელიც ადგილობრივ ბენეფიციარებს მოემსახურება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პაციენტებს, სიცოცხლისთვის აუცილებელი მომსახურების მისაღებად, საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით უწევდათ გადაადგილება, რაც დამატებით ფიზიკურ დატვირთვას, დროსა და ხარჯებს უკავშირდებოდა. დღეიდან კი სერვისს სახლთან ახლოს მიიღებენ.

ახალგახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა, ადგილზე გაეცნო დაწესებულების ინფრასტრუქტურასა და სერვისის მიწოდების პროცესს.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. მისივე თქმით, ამ მიზნით სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას კერძო სექტორთან, რათა დიალიზის სერვისის გეოგრაფიული დაფარვა კიდევ უფრო გაიზარდოს.

მინისტრის განმარტებით მიმდინარე წელს სახელმწიფომ კლინიკებისთვის ჰემოდიალიზის მომსახურების დაფინანსების ტარიფი გაზარდა, რაც ხელს უწყობს პაციენტებისთვის უფრო ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სერვისების მიწოდებას.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წნორში მდებარე დიალიზის ცენტრი ყოველდღიურად 16 პაციენტს მოემსახურება. მუნიციპალიტეტში სერვისით, ჯამურად, 32 ბენეფიციარი ისარგებლებს. ცენტრი სრულადაა აღჭურვილი ჰემოდიალიზისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურით. პაციენტებს ყოველდღიურად ემსახურება სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი.

წნორში, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატი გია ბენაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი იმყოფებოდნენ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში დიალიზის სერვისს 50 სამედიცინო დაწესებულება აწვდის და ჰემოდიალიზის მომსახურებით 3000-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროპარლამენტში სხდომის დაწყებამდე ევროპარლამენტარებმა პატიმრობაში მყოფი პირების მხარდამჭერი ბანერები გაშალეს

დღეს ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე, მათ შორის მზია ამაღლობელის საქმეზე, დებატები გაიმართება.სხდომის დაწყებამდე ევროპარლამენტარებმა რასა იუკნევიჩიენემ, მალგოჟატა გოშევსკამ, პეტრას აუსტრევიჩუსმა და სხვებმა პატიმრობაში მყოფი პირების – მათე დევიძის, მზია ამაღლობელის, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას მხარდამჭერი ბანერები გაშალეს.ცნობისთვის, ევროპარლამენტში დებატებზე შვიდი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციები განიხილება, ხოლო კენჭისყრა ხვალ, 19 ივნისისთვის არის დაგეგმილი.ფოტოს Euroscope ავრცელებს.

თეა წულუკიანი – დაიბადა ახალი თაობა, რომელიც ჩვენზე უფრო მეტს იბრძოლებს, რომ სააკაშვილი ისტორიის წიგნებიდანაც ამოიშალოს

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა გააკეთებს იმას, რომ სააკაშვილის კვალი იყოს მხოლოდ ნეგატიური ქართულ ისტორიაში. ეს არ არის ვიღაცაზე გადაკიდება, ეს არის სიმართლე“, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.წულუკიანის თქმით, მომავალი თაობა იბრძოლებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი ისტორიის წიგნებიდანაც ამოიშალოს.„დღეს ჩვენი შვილები უკვე არიან პოლიტიკოსები. მათ იციან, რა არის შავი და რა არის თეთრი, ეს მათ ტკივილის შედეგად ისწავლეს და სწავლობენ. ის თაობა, რაც მათ მოასწრეს, შეცვალეს და დღეს გარეთ ყვირიან, „ნაცების“ მობრუნების მცდელობას უწყობენ ხელს. ამის ფონზე, დაიბადა და იქმნება ახალი თაობა, რომელიც ჩვენზე უფრო მეტს იბრძოლებს, რომ სააკაშვილი ისტორიის წიგნებიდანაც ამოიშალოს. თავისი თავი ჩაწერა სახელმძღვანელოებში, როგორც სახელმწიფოს დამფუძნებელი. ჩვენი კომისია ყველაფერს გააკეთებს, რომ რეალობა აღდგეს. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა პარლამენტში ამას გააკეთებს, რომ სააკაშვილის კვალი იყოს მხოლოდ ნეგატიური ქართულ ისტორიაში, რადგან ეს არის სიმართლე. ეს არ არის ვიღაცაზე გადაკიდება, ეს არის სიმართლე“, – განაცხადა წულუკიანმა.

გიორგი ტყემალაძე – წლების წინ გვქონდა ამბიცია, რომ ავტობუსების პარკი სრულად განახლებულიყო, თუმცა იყო გარკვეული შიშებიც – დღეს ეს უკვე რეალობაა

ბოლო წლების დაპირება იყო 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა და ეს შესრულებულია, - ამის შესახებ ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შეჯამებისას განაცხადა.გიორგი ტყემალაძემ საზოგადოებას წარუდგინა ბოლო წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული პროექტები.„ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ, რომ დედაქალაქს 10 სატრანსპორტო დერეფანი ექნებოდა და დღეს ეს ყველაფერი დასრულებულია. გვაქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დავაკავშიროთ ყველა დიდ გამზირს. ეს არეალი კრავს ყველა რაიონს ერთმანეთთან. საუბარია 12 და 18-მეტრიან ავტობუსებზე, რომლებიც კიდევ უფრო კომფორტს ქმნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლისთვის. წლების წინ გვქონდა ამბიცია, თუმცა იყო გარკვეული შიშებიც, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ავტობუსების პარკის განახლება. დღეს კი უკვე რეალობაა და 900-ზე მეტი ახალი ავტობუსი გვყავს. ასევე, ბოლო წლების დაპირება იყო 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა და ესეც შესრულებულია. ასევე, გვაქვს მიკროავტობუსების განახლებული პარკი“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.რაც შეეხება მეტროპოლიტენის რეაბილიტაციას, მისი თქმით, მეტროს დაემატა 27 ერთეული ვაგონი; კაპიტალურად შეკეთდა 138 ერთეული ვაგონი; რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მეტროსადგურებს „გოცირიძე“ და „ავლაბარი“; გაფორმდა ხელშეკრულება 12 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად.ვიცე-მერის თქმით, უახლოეს მომავალში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და მეტროს 111 ერთეული ახალი ვაგონი დაემატება.ამასთან, გიორგი ტყემალაძემ ისაუბრა ინტეგრირებული ტარიფისა და უფასო სამგზავრო აბონემენტის პროექტზეც, რომელიც მუნიციპალიტეტმა განახორციელა.„საკმაოდ მნიშვნელოვანია ინტეგრირებული სატარიფო სისტემის დანერგვა, რაც ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის ერთ აბონემენტში გაერთიანებას გულისხმობს. მთაწმინდის საბაგირო არის ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილი და სავიზიტო ბარათი. დღეს უკვე საბაგიროც ინტეგრირებულია სატრანსპორტო სქემაში და ესეც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

დღეს სულამანიძე იუბილარია და მსოფლიოს ჩემპიონობას შეუტევს!

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირის მეექვსე დღეს კაცები – 100 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები -78 კგ-ში იასპარეზებენ.100 კგ-ში ილია სულამანიძე მეორე წრიდან იჭიდავებს და პირველ შეხვედრას უნგრელ სომბორ ვეგთან ჩაატარებს. გამარჯვების შემთხვევაში ქართველის სავარაუდო მეტოქე ესპანეთის სახელით გამომასვლელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (90 კგ-ში) ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილი იქნება.წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მალხაზ თოფურია – ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა თავისი განცხადებებით რუსეთს 2008 წლის ომში ეკოდანაშაულის უმძიმესი ბრალდება მოუხსნეს

რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების პროცესში ტალიავინის დასკვნის პროექტში ეწერა ეკოდანაშაულიც, რომელიც არის ერთ-ერთი უმძიმესი ბრალდება, თუმცა ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ეს უმძიმესი ბრალდება მოუხსნეს, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ აფხაზეთის ომის ვეტერანმა, მალხაზ თოფურიამ განაცხადა.მისი თქმით, ტალიავინის დასკვნაში მსგავსი ჩანაწერი რომ მოხვედრილიყო, რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ რამდენიმე მილიარდის გადახდა დაეკისრებოდა.„ტალიავინის კომისიამ მუშაობის პროცესში რუსეთის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული გამოკვეთა. ამ კომისიის მუშაობის შედეგად, რუსეთს ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული მიუძღვის არაადეკვატური ძალის გამოყენების ნაწილში, ასევე პროექტში ეწერათ, რომ რუსეთმა ეკოდანაშაული ჩაიდინა – ეს არის ბორჯომის ხე-ტყის პარკის დაწვა. რუსეთს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყანას მოუწევდა, ეკოდანაშაულის ჩადენაზე რამდენიმე მილიარდის, რამდენი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, საქართველოს სასარგებლოდ გადახდა მოუწევდა. და უცებ, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი გამორბიან ყველა არხზე, ყველა მიკროფონთან და აცხადებენ, მადლობა წაღვერის მოსახლეობას, რომ არ გათქვეს, რომ იქ ტექნიკას ვმალავდით და რაღაცებს ვინახავდით. მანამდე, არც კეხვის, არც თამარაშენის სოფელი არ გახსენებიათ. ტალიავინის კომისიას ეს მასალა წარედგინა და რუსეთს ეკოდანაშაულზე ბრალდება მოეხსნა. როდესაც შენ მწვანე საფარს იყენებ საბრძოლო მასალების შესანახად, სამხედრო სამართალშია ასეა, პასუხისმგებლობისგან ის თავისუფლდება. ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ეს უმძიმესი ბრალდება მოუხსნეს,“ – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

ბოლო სიახლეები