შაბათი, მაისი 31, 2025

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ „ვაიმარის სამკუთხედს“ – აუცილებელია ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ სათანადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება, გეგმა კრიზისის დასაძლევად – ასევე, ქართველი ხალხი სანქციების გამკაცრებას მოელის

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერებს იმ საკითხებით მიმართა, რომლებიც „დღესვე პარტნიორებისა ყურადღებასა და ევროკავშირის უფრო აქტიურ, ეფექტურ და ჩამოყალიბებულ პოლიტიკას მოითხოვს საქართველოს მიმართ“.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, მათ მიმართვაში გაიმეორეს „ორი ურყევი მოთხოვნა – პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა“.

„ჩვენ ერთობლივად მივმართეთ „ვაიმარის“ სამივე ლიდერს, რომლებმაც საქართველოს ხალხს 26 მაისი მიულოცეს და თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს. ეს წერილი თქვენთვის გაზიარებული იქნება. ჩვენ მათ მივმართეთ მთელი რიგი საკითხებით, რომლებიც დღესვე მოითხოვს ყურადღებას ჩვენი პარტნიორებისა და ევროკავშირის უფრო აქტიურ, ეფექტურ და ჩამოყალიბებულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ასევე, გავუმეორეთ ჩვენი მთავარი ორი მოთხოვნა, რომელიც ურყევი რჩება. ეს არის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, თავისი პირობებით. ის უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რომელსაც ეს ქვეყანა მოითხოვს. ასევე, მოითხოვს ამ ქვეყნის სტაბილურობას, სხვანაირად ვერ იქნება ამ ქვეყანაში ის სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ყველა პარტნიორს აინტერესებს. იმედი გვაქვს, რომ მათ პირდაპირი მხარდაჭერა გვექნება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ მიმართვის ტექსტს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ემანუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრიდრიხ მერცს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, დონალდ ტუსკს, პოლონეთის პრემიერმინისტრს, თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ, „წინააღმდეგობის პლატფორმას“, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს და რომელსაც კოორდინაციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უწევს, ქართველი ხალხის სახელით, რომელიც მტკიცედ დგას დემოკრატიის თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციის სადარაჯოზე, გვსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდამჭერი და სოლიდარული გზავნილის გამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ – განსაკუთრებით ამ რთულ დროს. თქვენს მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ, რომელიც გამოხატავს ჩვენი ერის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და იდენტობას, მნიშვნელოვანი მორალური და პოლიტიკური წონა აქვს. თქვენი გზავნილი ევროპული საზოგადოების სოლიდარობის ძლიერ შეხსენებად გვევლინება საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ სწრაფვაში.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები – მათ შორის დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის მზარდი რეპრესიები, დე-ფაქტო რეჟიმის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ქვეყანა ევროპულ გზას ჩამოაშოროს – ეწინააღმდეგება დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ძირითად პრინციპებსა და ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს. ეს სახიფათო ტრაექტორია, რომელიც ევროპის კარებთან ვითარდება, მხოლოდ მისი მტრების ინტერესებშია. მაშინ, როცა რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ და იყენებს დე-ფაქტო რეჟიმს მოსკოვის სტრატეგიული მიზნების გასატარებლად.

ჩვენ ვრჩებით ერთგულნი ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ და ვისწრაფვით მიმდინარე კრიზისის დემოკრატიული გზით გადაწყვეტისკენ. ამ მიზნის მისაღწევად, ვთვლით, რომ აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები:

ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ თანმიმდევრული და სათანადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება – საჭიროა შედეგებზე ორიენტირებული გეგმა მიმდინარე კრიზისის დასაძლევად, მკაფიო პირობებით, რომელიც ერთდროულად წაახალისებს პროგრესს და შეუსრულებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მკაცრად დადგენილ ვადებში;

სანქციების პოლიტიკა – მიზნობრივმა სანქციებმა უკვე მოახდინა გავლენა რეჟიმის ძალაუფლებრივ ვერტიკალზე, რაც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან საკვანძო ფიგურების წასვლამაც დაადასტურა: ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და სულ ახლახან, ვახტანგ გომელაური (რომელიც ამერიკულ “მაგნიტსკის აქტსა” და დიდი ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების სიაშია შესული).

ქართველი ხალხი მოელის ამ სანქციების გამკაცრებას, რადგან ეს ხელს უშლის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას და ამცირებს რეჟიმის გავლენას;

ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება – არჩევნები უნდა ჩატარდეს ჭეშმარიტად ღია და დემოკრატიულ გარემოში და უნდა აღმოიფხვრას 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების ყველა ჩავარდნა. შესაბამისი ინსტიტუტების დემოკრატიული ლეგიტიმაციის და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად განსაზღვრულია მკაფიო პირობები და გარანტიები და აუცილებელია მათზე შეთანხმება და მათი ზედმიწევნით შესრულება;

საქართველოში დემოკრატიული მმართველობის და საქართველოს ევროპული კურსის აღდგენის საგზაო რუკა – აუცილებელია კოლექტიური ძალისხმევა დემოკრატიულ ნორმებთან სწრაფად დასაბრუნებლად და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის აღსადგენად, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის განსახორციელებლად;

სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერა – მიმდინარე დევნისა და ფინანსური ზეწოლის პირობებში, მნიშვნელოვანია მუდმივი მხარდაჭერა დამოუკიდებელი ხმების შესანარჩუნებლად და ავტორიტარიზმისკენ სვლის შესაჩერებლად;

პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება – ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც იბრძოდა საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის და რეჟიმის მსხვერპლად იქცა ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ ხმის ამაღლების გამო, უნდა განთავისუფლდეს დაუყოვნებლივ და უპირობოდ.

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქმედებები აუცილებელია არა მხოლოდ არსებული კრიზისის დასაძლევად, არამედ ევროპისთვის განმსაზღვრელი ღირებულებებისა და სტანდარტებისადმი საქართველოს ერთგულების ხელახლა დასადასტურებლად.

სრული პატივისცემით მოგიწოდებთ, რომ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები, სხვა მოკავშირეებთან ერთად, გაუძღვნენ საქართველოში მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესს.

კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა გვაძლიერებს და იმედს გვაძლევს მაშინ, როდესაც პრინციპულ საერთაშორისო ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

გულწრფელი მადლიერებით, სალომე ზურაბიშვილი („წინააღმდეგობის პლატფორმაში“ შემავალი პარტიების სახელით – „დროა“, „ფედერალისტები“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“)“,- ნათქვამია მიმართვაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“ხვიჩა, შენ უკვე ისტორია ხარ და იცოდე, რომ მთელი საქართველო შენს გვერდითაა” – გიორგი ქინქლაძე

დღეს, ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალი გაიმართება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ინტერს დაუპირისპირდება.ფინალური მატჩის წინ, ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, გიორგი ქინქლაძემ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა და გაამხნევა."დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშით არა მხოლოდ საკუთარი მიზნის მიღწევა შეძლო, არამედ მთელი ერის ოცნებები გააცოცხლა.""ხვიჩა, შენ უკვე ისტორია ხარ. ითამაშე გულით, გაბედულად და იცოდე რომ მთელი საქართველო შენს გვერდითაა. წადი და დაამკვიდრე შენი სახელი ფეხბურთის უმაღლეს საფეხურზე" — გიორგი ქინქლაძე.

განსაკუთრებით მიხარია, რომ დღეს ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს, დარწმუნებული ვარ, ის თასს აწევს, რადგან მან ეს დაიმსახურა – ლევან კობიაშვილი

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ცოტა დრო რჩება. მიუნხენი უკვე მზადაა უმასპინძლოს გადამწყვეტ მატჩს. მზად არიან ფეხბურთელებიც, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, რომლის პსჟ - ინტერს დაუპირისპირდება.მიუნხენში იმყოფება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც, რომელსაც მოლოდინი აქვს, რომ დღეს არაჩვეულებრივი თამაში გაიმართება."ამ დღეს ძალიან დიდი ხანია ველოდებით და გვიხარია, რომ ეს დღეც დადგა. დღეს ვნახავთ არაჩვეულებრივ თამაშს, პირველ რიგში დარწმუნებული ვართ, რომ ვისიამოვნებთ, რადგან ორი მართლაც საუკეთესო გუნდია. განსაკუთრებით მიხარია, რომ დღეს ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს, დარწმუნებული ვარ, ის თასს აწევს, რადგან მან ეს დაიმსახურა, ამის ღირსი ნამდვილად არის,"- განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

უნივერსიტეტები ჩუმად აწარმოებენ მოლაპარაკებებს თეთრი სახლის წარმომადგენელთან, რათა არ გაიზიარონ ჰარვარდის ბედი

უნივერსიტეტები ჩუმად აწარმოებენ მოლაპარაკებებს თეთრი სახლის წარმომადგენელთან, რათა არ გაიზიარონ ჰარვარდის ბედი-ამის შესახებ ინფორმაციას  CNN-ი ავრცელებს აშშ-ის კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ლიდერები ჩუმად აწარმოებენ მოლაპარაკებებს სტივენ მილერის მრჩეველ მაი მეილმენთან, რათა თავიდან აიცილონ ჰარვარდის მსგავსი აგრესიული სამიზნედ ქცევა. ისინი ცდილობენ გაარკვიონ, როგორ მოიქცნენ, რომ არ მოხვდნენ თეთრი სახლის სამიზნეში. ადმინისტრაცია უნივერსიტეტებს ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი არ ახდენენ ანტისემიტური ქმედებების საკმარისად მკაცრ გაკონტროლებას. თეთრი სახლი აფრთხილებს, რომ ფედერალური დაფინანსება აღარ მიეწოდებათ იმავე მასშტაბით, რადგან, მათი თქმით, „უნივერსიტეტები დისკრიმინაციის ბუდედ“ იქცნენ და გადასახადის გადამხდელთა ფული ამას აღარ უნდა აფინანსებდეს.

სახელმწიფოს ღირებულებები, ინტერესები და ურთიერთობა დასავლეთთან – გამოცემა El Mundo-ს ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან

ესპანურმა გამოცემამ El Mundo საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ურთიერთობა დასავლეთთან, ქვეყნის ღირებულებები, ინტერესები, პოლიტიკური პროცესები, უცხოური დაფინანსება და გამჭვირვალეობა - ეს ის საკითხებია, რომლებზეც პრეზიდენტმა El Mundo-სან ისაუბრა.კითხვა: თქვენ ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას აზრი არ აქვს, თუ საქართველომ საკუთარი ღირებულებები უნდა მიატოვოს. მაინტერესებს, კონკრეტულად რა ღირებულებებზეა საუბარი და როგორ ემუქრება მათ ევროკავშირი?პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი: ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩვენ საკუთარ თავს ევროპელებად ვთვლით. ყოველთვის ვიყავით პატარა ერი და ჩვენს გარემოცვაში გადარჩენისთვის ბრძოლა ჩვენთვის ფუნდამენტური იყო. ევროპის ნაწილად ყოფნის ძლიერი, ბუნებრივი სურვილი გვაქვს. 2012 წლის შემდეგ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. დღეს შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ძლიერ პრეტენდენტებს შორის ლიდერები ვართ, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრობისთვის ყველა მოთხოვნას ასრულებს. თუმცა, ჩვენი არსებობისთვის მუდმივი ბრძოლის გამო, თუ რომელიმე გაერთიანება შეეცდება ჩვენი იდენტობის წართმევას, რა თქმა უნდა, ამას არ დავთანხმდებით. მინდა, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია სამართლიანად წარიმართოს.კითხვა: თქვენ ახლახან განაცხადეთ, რომ საქართველო საუკეთესოდ ასრულებს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნებს. თუმცა, რეალობა ისაა, რომ პროცესი გაწყვეტილია, დაბლოკილია როგორც ბრიუსელის, ასევე თბილისის მხრიდან. რა არის სიტუაციის მოსაგვარებლად შესაძლო გამოსავალი?პრეზიდენტი: პირველ რიგში, ბრიუსელი იკვლევს, რომელი ქვეყანა აკმაყოფილებს მოთხოვნებს და რომელი არა. მეორე, არსებობს ეგრეთ წოდებული შიდა საკითხები, რომლებიც თითოეული კანდიდატი ქვეყნის საქმეა. საქართველო ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ უსამართლო მოპყრობას იღებს. ეს მიდგომა არ ეხება ჩვენს გაწევრიანებას, არამედ სხვა, ჩვენს საკუთარ საკითხებს. და რადგან საქართველო კანდიდატია, ეს ფაქტი გამოიყენება მასზე ზეწოლისთვის. როდესაც ომი დაიწყო, ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც განაპირობა ჩვენ წინააღმდეგ ზეწოლა ევროპული და ამერიკული სტრუქტურების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან. მოითხოვეს, რომ საქართველოც ჩართულიყო ომში. მოთხოვნა თავდაპირველად კულისებში გაკეთდა. ჩვენ უარი ვთქვით და აქ პროცესების პროვოცირება დაიწყეს.კითხვა: თქვენ გულისხმობთ მოთხოვნებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ?პრეზიდენტი: ეს მოთხოვნები გაკეთდა პირდაპირ ეთერში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. ისინი მოგვიწოდებდნენ: „რუსეთი დამარცხების პირასაა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები“. მათ თქვეს: „თუ არ გსურთ სრულფასოვანი მონაწილეობა ომში, რატომ არ აგზავნით იარაღს, მოხალისეებს... არ აწესებთ სანქციებს?“ და ნახეთ, ჩვენ შევუერთდით ზოგად სანქციებს. მაგრამ ის სანქციები, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ, საქართველოსთვის ძალიან საზიანო იქნებოდა. ამიტომაც უარი ვთქვით. იარაღის გაგზავნას შეეძლო რუსეთის გაღიზიანება, რასაც ის ჩვენს მონაწილეობად ჩათვლიდა ომში და სამხედრო პასუხს გასცემდა. ამ შემთხვევაში, ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი, ვინ დაგვეხმარებოდა? ჩვენ არ ვართ ნატოს და არც ევროკავშირის წევრები. მაშ, ვინ დაგვეხმარებოდა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში? იცით, რა იყო მათი პასუხი? „ჩვენ გამოგიგზავნით იარაღს“. დიახ, იარაღს რუსეთთან საბრძოლველად. ჩვენ უკვე გვქონდა სამი ომი რუსეთთან. საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა... და დასავლეთის ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ვთქვით. ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლა საქართველოზე. და მათ სტატუსი მიანიჭეს ამ ორ ქვეყანას და არა საქართველოს, სიტუაციის მანიპულირებისთვის, პრობლემების შესაქმნელად, იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლების გამო, ქართველები შორდებიან ევროპას.კითხვა: მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი. პროტესტების დაწყების შემდეგ, მიღებული იყო კანონები არასამთავრობო ორგანიზაციების, მანიფესტაციებისა და ლგბტ თემის შესახებ, რომლებიც გააკრიტიკეს ევროკავშირმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის „უცხოელი აგენტების შესახებ კანონი“. დამოუკიდებელმა ორგანიზაცია Amnesty International-მაც კი გააკრიტიკა ეს. პრეზიდენტი: საქართველოს გარკვეული მოთხოვნები წაუყენეს. ქვეყნებმა, რომლებიც ადრე მხარს უჭერდნენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაიწყეს ორმაგი სტანდარტების გამოყენება, რაც ჩვენი ქვეყნის მთლიანობას ემუქრებოდა... და მათ აქ ჰყავდათ თავიანთი მოკავშირეები. ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, მაგალითად, USAID-ის მიერ ფინანსდებოდნენ, მათ ჰქონდათ დიდი ფინანსური რესურსები და დაკავშირებული იყვნენ პოლიტიკურ ძალებთან. მათი მეშვეობით დაიწყო ზეწოლა. საქართველოში გვქონდა ინფორმაცია, რომ უზარმაზარი რაოდენობის ფული შემოდიოდა. და ეს ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ასე ფინანსდებოდნენ. ეს უშუალოდ საქართველოს უსაფრთხოებას უკავშირდება. და ჩვენ გადავწყვიტეთ, მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი. უნდა განვმარტო ის მოთხოვნები, რაც დაწესებულია კანონში უცხოელი აგენტების გავლენის შესახებ. მაგალითად, თუ დაფინანსების 20% ან მეტი მიიღება, უნდა წარმოდგენილი იყოს სპეციალური განაცხადი. არცერთი საქმიანობა არ აიკრძალა, ეს მხოლოდ იმაზეა, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, ვინ აფინანსებს, რომელი ქვეყნიდან მოდის დაფინანსება და რაზე იხარჯება. რეიტინგებში საქართველოს მთავრობა ყოველთვის იყო ერთ-ერთი ლიდერი გამჭვირვალობით ევროპაში. USAID-ი აქ იყო, ადრე თანამშრომლობდა ჩვენთან, მაგრამ შემდეგ ვკითხეთ გამჭვირვალობის შესახებ, როგორ გავხადოთ გამჭვირვალე ის ფული, რასაც იღებდნენ. და მათ უარი თქვეს. და ახლა, არავინ მალავს, რომ ეს ორგანიზაციები - როგორც მარკო რუბიომ, ტრამპმა, ჯ. დ. ვენსმა თქვეს - მუშაობდნენ მთავრობების დასამხობად, რევოლუციების მოსაწყობად. და ამიტომაც დახურეს ისინი. ისინი აკონტროლებენ მედიას სხვადასხვა ქვეყანაში და სურდათ ეჩვენებინათ, რომ ჩვენ ვართ რუსული ხელისუფლება, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ევროპას.კითხვა: ლგბტ ჯგუფების საქმიანობის კონტროლი- რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის?პრეზიდენტი: რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვაქვს მოქმედი კონსტიტუცია, ანტიდისკრიმინაციული კანონი ყველა გარანტირებული უფლებით. ასევე გვაქვს ოჯახის სიწმინდის კანონი, კანონი, რომელიც იცავს მცირეწლოვან ბავშვებს ამ ტიპის ღირებულებებისგან. რეალურად, ჩვენ ეს თემა დიდად არ წამოგვიწევია, მაგრამ სწორედ აშშ-ის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო ამაზე საუბარი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებაა. ვთვლით, რომ არასრულწლოვანს არ უნდა ვკითხოთ, ბიჭია თუ გოგო. და ამ კანონებმა დაგვიცვა ამ თემისგან. ასევე გვაქვს დემოგრაფიული პრობლემა. რაც შეეხება გამჭვირვალობისა და უცხოელი აგენტების კანონს, იცით, რუსეთის გარდა რამდენი ქვეყანაა, რომელმაც მიიღო ეს კანონი? რატომ არის, რომ ამ კანონთან დაკავშირებით მხოლოდ რუსეთია ნახსენები? პარალელურად, ჩვენ მივიღეთ ამერიკული კანონი FARA.კითხვა: გასული წლის სადავო არჩევნების საკითხი საზოგადოების ნაწილს კვლავ ყოფს. უკმაყოფილოები ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავენ რუსთაველის გამზირზე. რა წინადადებები გაქვთ ამ სიტუაციის მოსაგვარებლად?პრეზიდენტი: ბოლო არჩევნები მოქალაქეთა ინფორმირებულობის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც კი ოდესმე გვქონია. ოპოზიციურ ფლანგზე ქაოსი სუფევდა. ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში ერთად. მათ ამომრჩევლებისგან იმაზე მეტი მხარდაჭერა მიიღეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო: არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2,2 მილიონმა ადამიანმა, საიდანაც 1,2 მილიონმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, ხოლო 800 000-მა ხმა მისცა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც გაერთიანდნენ. როგორც კი არჩევნები დასრულდა, პირველი, ვინც განცხადება გააკეთა, ჩემი წინამორბედი იყო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა საბოლოო შედეგები გამოცხადებული და ის უკვე საუბრობდა! შემდეგ, ეს დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც რუსული ეფესბე-ს ოპერაციაზე საუბრობს. მან წარმოადგინა აბსოლუტურად დამაბნეველი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ერთმა პირმა 17 სხვადასხვა საარჩევნო ოლქში მისცა ხმა. ეს გარდაუვალი მარცხი იყო მათთვის, რადგან არჩევნებამდე არსებობდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, რომლებიც მარცხს პროგნოზირებდნენ.კითხვა: გასულ თვეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.პრეზიდენტი: ეს ტერიტორიები მხოლოდ მშვიდობიანი პროცესის გზით უნდა რეინტეგრირდეს. იქ მცხოვრები ხალხი საუკუნეების მანძილზე ჩვენთან ერთად იყო. ჩვენ ვიპოვით ძალას, რომ დავიწყოთ მათთან ურთიერთობის აღდგენა, რადგან ბევრი რამ გვაქვს საერთო. ჩვენ არ გადავხედავთ ჩვენს პოზიციას ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რადგან ისინი საქართველოს უძველესი ისტორიული ტერიტორიებია. უნდა აღინიშნოს, რომ ამის გამო ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, და ეს პრინციპული საკითხია. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენს დამოკიდებულებას მოსკოვის მიმართ, თუ ისინი განსხვავებულ ზომებს მიიღებენ. დასამალი არაფერია. ყოველივე დანარჩენი სპეკულაციაა, მაგალითად, რუსეთის ხელისუფლებასთან ჩვენი დაკავშირების მცდელობა. რა მიდგომა იქნება რუსეთისთვის სასარგებლო ამ შემთხვევაში? ისინი ძლიერად ცდილობენ, აქ ხელისუფლება შეცვალონ და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. მათ, ვისაც საქართველოს დესტაბილიზაცია სურს, უნდა ესმოდეთ, რომ ამ დესტაბილიზაციას სწორედ რუსეთი გამოიყენებს. რუსული არმია ჩვენგან 40 კილომეტრშია. ჩვენ ვხედავთ რუსულ იმპერიალისტურ მისწრაფებას. მაგრამ როგორ აღვუდგეთ რუსეთს? სად ვიპოვოთ გამოსავალი? როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ჰეგემონი ქვეყნის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა, თქვა: „ომი შეცდომა იყო. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა“.კითხვა: მსხვერპლი უკრაინაა. მაგრამ ვინ არის აგრესორი?პრეზიდენტი: რუსეთი! ეს ფაქტია. მაგრამ გვაქვს თუ არა ჩვენ, ან თქვენ, სიტუაციის შეცვლის ძალა? და აგრესიამდე, განა არ ვიცოდით უკვე, რომ რუსეთი ასეთი ძლიერი იყო?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დახვდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დახვდა.მინისტრის მოადგილემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს მზადყოფნა, დახმარება გაუწიოს სამშობლოში დაბრუნებულ  მოქალაქეებს. გიორგი ცაგარეიშვილმა  დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამებისა და მხარდაჭერის სერვისების შესახებ, რომლებიც რეინტეგრაციის პროცესში მათ საზოგადოებაში ადაპტაციას შეუწყობს ხელს.მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს  ჰქონდეთ მხარდაჭერა, რათა ღირსეულად გააგრძელონ ცხოვრება სამშობლოში.

ბოლო სიახლეები