ოთხშაბათი, მაისი 28, 2025

“წიგნის ფუნქცია დაიკარგა. ამას ხელს სკოლაც უწყობს. შეიძლება, ბავშვი უმაღლეს სასწავლებელში ისე ჩაირიცხოს, წაკითხული არ ჰქონდეს ილია, აკაკი, ვაჟა, “ვეფხისტყაოსანი”? – ენათმეცნიერი განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე

ენათმეცნიერი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი გადაცემაში “შემდეგი გაჩერება” განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბევრ სტუდენტს ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო პროგრამიდან ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვს:

– უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის პირველ კურსზე, ქართულ ენას ვასწავლი. ზოგჯერ, კლასიკური ნაწარმოებიდან წინადადება მიმაქვს, სტუდენტს დავაწერინებ და ვთხოვ, რომ სიტყვა, არსებითი სახელი გაარჩიოს: “ვინ” ჯგუფის არის თუ “რა” ჯგუფის? სულიერია თუ უსულო? საკუთარია თუ საზოგადო? ეს რომ თქვას, ბავშვმა იმ სიტყვის შინაარსი უნდა იცოდეს. ელემენტარული ქართული სიტყვა არ იცის. სერი, ჩირგვი, ბუჩქი რა არის – ასეთი რაღაცები უჭირთ. საოცრებაა… ძალიან მძიმე დღეში ვართ. წიგნის ფუნქცია დაიკარგა. მაგრამ, ამას ხელს სკოლაც უწყობს. შეიძლება, ბავშვმა სკოლა ისე დაამთავროს და უმაღლეს სასწავლებელში ისე ჩაირიცხოს, რომ მას წაკითხული არ ჰქონდეს ილია, აკაკი, ვაჟა, “ვეფხისტყაოსანი” და უმაღლესი შეფასება მიიღოს? ეროვნულ გამოცდაზე ორ თემას – ერთს პროგრამულს, მეორეს კი არაპროგრამულს სთავაზობენ და ეუბნებიან, რომ იმის მიხედვით თემა დაწეროს. არასაპროგრამოდან ტექსტია მოცემული და კითხვების მიხედვით იქვე წაიკითხავს და დაწერს. ეს ძალიან მარტივია. ბავშვს “ვეფხისტყაოსნიდან” ვეკითხები, სადაურია როსტევანი. შეიძლება, სკოლადამთავრებულმა სტუდენტმა თქვას, რომ არ იცის, როსტევანი რომელი ქვეყნის წარმომადგენელია?! “იყო არაბეთს როსტევან” – პირველივე ფრაზაა. კითხვაზე, რომელ საუკუნეში დაწერა ილია ჭავჭავაძემ “აჩრდილი”, მე-5, მე-6, მე-9… ყველა საუკუნეს ასახელებენ. ეს უბედურება გვჭირს. თუ სასკოლო განათლებას ხელი სერიოზულად არ მოვკიდეთ, არაფერი გვეშველება. ბავშვებს ვეუბნები, რომ დაასრულონ ფრაზა: “ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტო…” ნახევარზე მეტს გაგონილი არ აქვს. საოცრება…

თინეიჯერებისათვის ერთი წიგნი გამოვეცი. დავაწერე: ნინველთათვის და ყრმათათვის. “ნინველი” საოცრად ლამაზი სიტყვაა და სულხან-საბა ორბელიანს პირდაპირ აქვს განმარტებული, რომ ასე 11-დან 20 წლამდე ადამიანებს ჰქვია. ყრმა კი – 20-დან 30 წლამდე ადამიანებს. ძალიან მწყდება გული, რატომ დამჭირდა, რომ სიტყვა “თინეიჯერი” გამომეყენებინა? “მეოხებით” შესანიშნავი სიტყვაა, რატომ უნდა დამჭირდეს სიტყვა “სპონსორი”? ქართული სახელები, თვეების, დღეების სახელები დაიკარგა. ეს ყველაფერი ჩვენი დაუდევრობით ხდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული, რათა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ

ჩვენი გუნდის განზრახვაა, რომ საგამოძიებო კომისიის საფუძველზე მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკმაოდ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული, რათა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები, გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სისხლიანმა რეჟიმმა ცხრა წლის განმავლობაში შეიწირა ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, უშუალოდ შეეხო ათი ათასობით ადამიანს ეს რეჟიმი.„150 ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს, პირდაპირ საჩვენებელ მკვლელობებს აწყობდნენ შუა ქუჩაში, ციხეებში 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა წლის განმავლობაში. რომ ავიღოთ 2010-2011 წლების სტატისტიკა, 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა და სტატისტიკა საშუალოდ 20-ს ჩამოსცდა, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ 100-ზე მეტ ადამიანის მარტო ციხეებში კლავდნენ ყოველწლიურად, ამ დონის რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. ბიზნესის რეკეტი პირდაპირ შეეხო ათი ათასობით ადამიანს, დაახლოებით ათი ათასმა კაცმა სახელმწიფოს აჩუქა თავის ქონება. მედიასთან დაკავშირებით ჩემზე კარგად გახსოვთ ყველაფერი რა ვითარება იყო, ომი დაიწყეს 400-ზე მეტი ადამიანი, ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი შეეწირა მათ მიერ დაწყებულ ომს. უამრავ ადამიანს მარტო სიცოცხლის დაკარგვის დონეზე შეეხო ეს რეჟიმი რომ არაფერი ვთქვათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ნერვებზე. დღეს რეალურად ვიხსენებთ იმას, რაც ყველას გვახსოვდა, უბრალოდ ემოციურ დონეზე გვქონდა მივიწყებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში. კიდევ ერთხელ იკრიბება ფაქტები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, ეს არის მთლიანად ჩვენი გუნდის განზრახვა, რომ ამ პროცესის საფუძველზე მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკმაოდ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული, რათა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები, გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.ვფიქრობ, რომ ოთხივე პარტიაზე უნდა გავრცელდეს, ამას გვიჩვენებს პროცესი, როდესაც მომზადდება შესაბამისი სარჩელი, მერე წარიმართება პროცესი სასამართლოში. ვფიქრობ, რომ წინასწარი ჩემი ანალიზი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი, ეს შედეგი გავრცელდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ მოაზრებულ ოთხივე პარტიაზე – ეს არის „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, რა განსხვავებაა „ახალსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის? ერთი პარტიაა ორად გაყოფილი. ასევე რაც შეეხება „ლელოს“, ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები პირდაპირ იყვნენ ჩართული უმძიმეს ქმედებებში. რაც შეეხება გახარიას, დღესაც ოთხ მუნიციპალიტეტში აქვს შექმნილი კოალიცია იმ პარტიასთან, რომელიც მაშინ სისხლიან რეჟიმს ხელმძღვანელობდა“, – განაცხადა კობახიძემ.მისივე თქმით, ეს პარტიები პირდაპირ თანამშრომლობენ უცხოურ ძალებთან იმისათვის, რომ ზიანი მიაყენონ საქართველოს და ქვეყნის მოსახლეობას.რაც მთავარია, ეს პარტიები, ყველა ერთად დღეს არიან ჩართული ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არც მალავენ ამას, პირდაპირ დადიან დერეფნებში და ითხოვენ ქვეყნის დასჯას, დასანქცირებას, ათასი ტიპის შეზღუდვის შემოღებას და ეს ხომ ხელის გულზე დევს. პირდაპირ ხომ უპირისპირდებოდნენ კანდიდატის სტატუსის მიღებას. დღესაც ხომ აღშფოთდნენ ტრამპის წერილთან დაკავშირებით არც აშშ-თან დაახლოება უხარიათ, არც კანდიდატის სტატუსი უხარიათ, პირიქით უპირისპირდებიან ამ ყველაფერს. ეკონომიკასთან დაკავშირებით ერთმანეთის მიყოლებით საუბრობდნენ, რომ წელს ჩამოიქცეოდა ეკონომიკა და საშუალო ზრდა გვაქვს პირველი კვარტლის ცხრა პროცენტზე მეტი, ეს პირდაპირ ხელის გულზე დევს. პირდაპირ თანამშრომლობენ უცხოურ ძალებთან იმისათვის, რომ ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის მოსახლეობას, ეს ყველაფერი იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ ამ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით შევიტანოთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რატომ უნდა წავიკითხოთ დილის ლოცვები აუცილებლად ბოლომდე – მამა ალექსანდრე ბოლქვაძის ქადაგება

მამა ალექსანდრე ბოლქვაძე გადაცემაში "რელიგიური საკითხები გიორგი დარასელიასთან ერთად", ლოცვასთან დაკავშირებით, ძალზე მნიშვნელოვან რამეს ქადაგებს:"ქრისტიანული სწავლებით ასეა - როდესაც დილის ლოცვას ბოლომდე კითხულობ, მსოფლიო ეკლესიის ლოცვაში ერთვები. ყველას ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხონ დილის ლოცვა ბოლომდე. ეს რას ნიშნავს - ათონზე ვიღაც ბერი შუადღეს რომ ლოცულობს, ის უკვე ჩვენთვისაც ლოცულობს, კავშირი მყარდება. ჩვენი პატრიარქი აბსოლუტურად ყველაზე ლოცულობს და ლოცულობდა. ეს ლოცვა ნაყოფს იღებს აუცილებლად.ასეთ რამეს გავიხსენებ. ჩაუშესკუ ათეისტი იყო, თუმცა მონათლული გახლდათ. რუმინეთი ქრისტიანული ქვეყანაა. როგორც ეტყობა, როცა მიხვდა, რომ უნდა მოეკლათ, დაიწყო შინაგანი ლოცვა და დამყარდა კავშირი მასსა და ჩვენს პატრიარქს შორის და აი, რა მოხდა: მამა პეტრემ მოყვა. ის და პატრიარქი ერთად უყურებდნენ ტელევიზორს, სადაც გამოუცხადებიათ ჩაუშესკუს დახვრეტის ამბავი. პატრიარქი ფეხზე ამდგარა, პირჯვარი გადაუწერია და უთქვამს: დღეს წირვაზე კვეთის დროს აზრად მოვიდა ჩაუშესკუ და მასზე ფიქრმა მაწვალაო. ესე იგი მას (ჩაუშესკუს) უჭირდა... წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ადამიანია ჩვენი პატრიარქი, ყველაზე ლოცულობს და ლოცვით კავშირს ამყარებს...

„ცეცხლმოკიდებული შენობიდან ორი ადამიანი დამოუკიდებლად გამოიყვანა და დაღუპვას გადაარჩინა“ – საგანგებო

ახალგორის სასწრაფო დახმარების პირველი ბრიგადის მძღოლმა ვალერი ძებისოვმა, ცეცხლმოკიდებული შენობიდან ორი ადამიანი დამოუკიდებლად გამოიყვანა და დაღუპვას გადაარჩინა.ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.

სვანმა ნიკომ დაწერა ისტორია, რომლის მაგალითზეც გაიზრდება უამრავი სვანი ქართველი თუ უცხოელი ალპინისტი-„სვანური ზარი! კაცური გოდება, რომელიც ქალურ მწარე კივილსაც კი გადაფარავს

უშბაზე, ექსპედიციის დროს, ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტი, ნიკო ფალიანი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ახალგაზრდა მთამსვლელის დაკრძალვაზე უამრავი ადამიანი მივიდა.კადრები და ემოციური პოსტები სოციალურ ქსელში ვრცელდება.„სვანური ზარი! კაცური გოდება, რომელიც ქალურ მწარე კივილსაც კი გადაფარავს და პირწმინდად აღწერს დღევანდელ სულის შემძვრელ ტრაგედიას. თან გულამომჯდარი ვტირი... თან სიამაყით მევსება გული, როცა, ჩემი მშობლიური, ასეთი პატარა კუთხის შვილი ამხელა ბუმბერაზ ადამიანად ყალიბდება უმოკლეს დროის მონაკვეთში, მთელ საქართველოს და მის ფარგლებს ცდება მისი ნაგმირალი სახელი და თითქოს სამყაროს აჩერებს ეს ბოლო წამები... სვანმა ნიკომ დაწერა ისტორია, რომლის მაგალითზეც გაიზრდება უამრავი სვანი ქართველი თუ უცხოელი ალპინისტი! უ̂ო̄ჲ ხიადუ̄ლ, ამჟი ნარდუ̂ ი ამჟი დაგრა!“, – წერს ანა ჩართოლანი სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი იყო ფორმა, რითაც ბაჩიაშვილმა თავის დროზე დატოვა ქვეყანა და ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კანონი აღსრულდა

მთავრობის მეთაურისთვის მთავარი, სამართლის უზენაესობა განუხრელად უნდა იყოს დაცული, შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რა ფორმითაც ბაჩიაშვილმა თავის დროზე დატოვა ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სუს-ს და მის ხელმძღვანელს, ანრი ოხანაშვილს, რომელმაც მისი თქმით, სამართლის აღსრულება უზრუნველყო. „ზოგადად, როგორც აღმოჩნდა, გიორგი ბაჩიაშვილს, სამწუხაროდ, სჩვევია ზღაპრების მოყოლა. თუ მართალია და დავუშვათ, რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურებს უნდოდა მისი მკვლელობა და მერე უნდოდათ, რომ ეს გადაებრალებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის, ამ შემთხვევაში, მისთვის საშველი ყოფილა პატიმრობა, რომელიც ახლა აქვს საქართველოში. ამ ყველაფერს გამოძიება აჩვენებს, აქაც მე ვერ ვიქნები კომპეტენტური, რომ დეტალებზე ვისაუბრო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალი აღსრულდა, ეს არის ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის მთავარი, სამართლის უზენაესობა განუხრელად უნდა იყოს დაცული. აქ ჩატარდა მცირე ოპერაცია, მცირე, თუ არა მცირე – ეს ცალკე საკითხია და სუს-ს, მის ხელმძღვანელს – ანრი ოხანაშვილს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყო სამართლის აღსრულება. შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რა ფორმითაც ბაჩიაშვილმა, თავის დროზე, დატოვა ქვეყანა და, სწორედ, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აღდგა სამართლის უზენაესობა და კანონი აღსრულდა,“- განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები