2020 წელს ილია მეორემ, ბარბარობის დღესასწაულზე ქადაგებისას თქვა, რომ დაწერა პატარა ლოცვა, რომელიც მრევლს შეუძლია წაიკითხოს სახლში, სამსახურში და ტაძარში.
„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით, გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ, უფალო, დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ, უფალო, არა უგულებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ, მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

