ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, გვიყვარდეს ისინი და ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელ მომავალზე ჩვენი ტრადიციებისა და სულისკვეთების შენარჩუნებით, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„გილოცავთ სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. მოგეხსენებათ, უძველესი ისტორია აქვს ჩვენს საყვარელ საქართველოს და ვფიქრობ, მისი ისტორიის განმავლობაში ეგზისტენციალური იყო, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი იდენტობა. მგონია, რომ ზუსტად ქართული იდენტობა დამყარებულია ჩვენს სარწმუნოებაზე, სულისკვეთებასა და ოჯახის სიწმინდეზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, გვიყვარდეს ისინი და ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელ მომავალზე ჩვენი ტრადიციებისა და სულისკვეთების შენარჩუნებით.
ყოველთვის მქონდა ძალიან დიდი სურვილი ამ დღეზე დასწრების, სტუდენტი ვარ და სამწუხაროდ, ამ პერიოდში ძალიან დაკავებული ვარ ხოლმე. წელს განსაკუთრებით მომინდა, ჩემი თანატოლების გვერდით ვყოფილიყავი და ვეცადე, მოვსულიყავი. ყველაზე ღირებულად მიმაჩნია, ახალგაზრდებმა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ძალიან ბევრ თანატოლს ვხედავ აქ. მგონია, რომ ზუსტად ჩვენი ოჯახის სიწმინდის, სარწმუნოების შენარჩუნებით, მშობლებისადმი სიყვარულის გამოხატვით უნდა ვიზრუნოთ ჩვენი საყვარელი სამშობლოს ნათელ მომავალზე. ამის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ტოლერანტობა პროპაგანდისგან.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ტოლერანტობა პროპაგანდისგან და ხელოვნური მასიფიკაციისგან. შესაბამისად, თავისთავად ყველა უნდა გვიყვარდეს და დიდი პატივი ვცეთ. უნდა ვიყოთ ტოლერანტულები, მაგრამ აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სარწმუნოება დავაყენოთ როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და შევინარჩუნოთ ის, რაც ყველაზე ძვირფასია ჩვენი იდენტობისთვის“, – განაცხადა ცოტე ივანიშვილმა.