ორშაბათი, აპრილი 7, 2025

ცოლის მკვლელობა ჩვილის თანდასწრებით, მოკლული ცოლი და სიკვდილს გადარჩენილი ყოფილი ცოლი – ინტერვიუ მკვლელის მამასთან

მკვლელობის უმძიმესი ისტორია და მსჯავრდებული, რომელსაც 20-წლიანი პატიმრობა შესაძლოა უვადო პატიმრობით შეეცვალოს. 34 წლის გიორგი კავლელაშვილმა ცოლი გამთენიისას საწოლში მოკლა. თანაც იმ დროს, როცა დედა 4 თვის შვილთან ერთად იწვა. ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ახლა კი, სააპელაციომ მკვლელს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა 14 თვიანი დუმილი სააპელაციო განაჩენის გამოცხადებამდე დაარღვია. თქვა, რომ 20 წელი სამართლიანად მიუსაჯეს, თუმცა ისიც თქვა, რომ დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია.

ბრალდებულის იმედი გამართლდა – სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მისთვის მისჯილი 20 წელი მკვლელობისთვის და გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენის ნაწილში – გამამართლებელი გადაწყვეტილებაც.

მოკლული ქეთი ედიბერიძის ოჯახი ელოდა, რომ დამნაშავეს უვადო პატიმრობას მიუსჯიდნენ.

მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა პროკურორისთვის. ახლა პროკურორი მკვლელისთვის უვადო სასჯელს უზენაეს სასამართლოში მოითხოვს.

2024 წლის 9 იანვარი – 4 თვის გოგონამ ამ დღეს დედა უკანასკნელად ნახა.

ახალგაზრდა ოჯახი, ქეთი ედიბერიძე და გიორგი კავლელაშვილი 4 თვის მარიამთან ერთად, დმანისში ცხოვრობდნენ. 8 იანვარს ბავშვი თბილისში, ექიმთან ვიზიტზე წაიყვანეს. ახალგაზრდა ოჯახი ვარკეთილში, გიორგი კავლელაშვილის მამის სახლში დარჩა. 9 იანვარი თენდებოდა – ეს ღამე ახალგაზრდა დედისთვის სიცოცხლის ბოლო ღამე აღმოჩნდა.

გამთენიისას გიორგი კავლელაშვილმა დანა აიღო და საწოლში ცოლს 19-ჯერ დაარტყა.

სისხლისგან დაცლილ ქალთან ერთად, კლინიკაში გადაიყვანეს გიორგი კავლელაშვილიც – გაირკვა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან თვითდაზიანება მიიყენა. ქეთი ედიბერიძე კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, დამნაშავე კაცი კი, გადარჩა. ცოლის მკვლელობის უმძიმესი ბრალდება მას კლინიკაში გააცნეს. აქედან კი, პირდაპირ ციხეში მოხვდა.

ქეთის დედა და და ემიგრანტები იყვნენ. მომხდარიც საზღვარგარეთ შეიტყვეს. საბუთებში პრობლემების გამო, 6 წლის უნახავი, სასტიკად მოკლული შვილის დაკრძალვაზე დედამ ჩამოსვლა ვერ შეძლო – მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაბრუნება მოახერხა, ობლად დარჩენილ შვილიშვილს ზრდის. დარწმუნებულია, რომ ქეთი მკვლელობამდე ძალადობის მსხვერპლიც იყო, თუმცა ოჯახს არ უმხელდა. შვილმკვდარი დედა გიორგი კავლელაშვილთან ერთად, მომხდარზე პასუხისმგებლობას მკვლელის მამასაც აკისრებს.

“კურიერი P.S.” მკვლელობის ადგილზე მივიდა. ჩვენ მსჯავრდებულის მამასთან გასაუბრება შევძელით. ოთარ კავლელაშვილი მომხდარს ნარკოტიკულ თრობას უკავშირებს და მოკლულის ოჯახის ბრალდებებსაც პასუხობს.

მამა ნარკოტიკებს ახსენებს, მსჯავრდებული კი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით თავის მართლებას ცდილობს, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ დაკავებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს, შერაცხადი იყო და მას არც ნარკოტიკის მოხმარება დაუდასტურდა. ამის მიუხედავად, მსჯავრდებულმა ადვოკატიც დაარწმუნა, რომ მკვლელობა ჰალუცინაციის ფონზე ჩაიდინა.

დანაშაული ჩადენილია გენდერის ნიშნით – ამას ამტკიცებს პროკურორი.

ბრალდების ამ ნაწილში მთავარი მოწმე გიორგი კავლელაშვილის ყოფილი მეუღლეა. “კურიერი P.S.-თან” ინტერვიუში ქალი ჰყვება, რომ მოძალადე ქმარს თავი წლების წინ დააღწია. მოწმე, ვადიანი სასჯელის შემთხვევაში, ყოფილი ქმრისგან საფრთხეს ელოდება.

შვილმკვდარ დედას ახლა 2 საზრუნავი დარჩა – ობლად დარჩენილი შვილიშვილის აღზრდა და მისი შვილის მკვლელისთვის უვადო სასჯელი – რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო, 6-თვის ვადაში გაირკვევა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი, კონკრეტული პარტიები დაუპირისპირეს უკვე მას

სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი, ეს ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკვე კონკრეტული პარტიები დაუპირისპირეს სალომე ზურაბიშვილს.„დავეხმარეთ 2018 წელს, თუმცა მაშინ თქვენ აცხადებდით მას მოღალატედ და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად. როგორც კი სამშობლოს უღალატა სალომე ზურაბიშვილმა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად, რადგან თქვენი მედია არის ღალატის მედია და ახლაც აგრძელებს ღალატს“, –    განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ილია მეორე მართლმადიდებლებს ხარების დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლებს ხარების დღესასწაულს ულოცავს.„საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს გულითადად გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. ეს არის აღსრულება უფლის იმ აღთქმისა, რომელსაც ათასწლეულები ელოდა სამყარო.ყოვლადწმინდა მარიამი, თავისი საოცარი სიწმინდითა და სათნოებებით, გახდა რჩეული ადამის მთელი მოდგმისა, რათა ძე ღვთისას მშობელი ყოფილიყო და დღევანდელ დღეს, 2000 წელზე მეტი ხნის წინ, მოესმინა გაბრიელ მთავარანგელოზის განმაცვიფრებელი სიტყვები:„გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის …. აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს…და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა … და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი … და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;“(ლუკა 1; 28,31-32,46-47,49,50);ღვთისმშობელმა განაქარვა ევას შეცოდება და ცრემლი, და ნუგეშად ექცა მთელ კაცობრიობას.ყოვლადწმინდა მარიამის მეოხებით და ხარების მადლით უფალმა მშვიდობით აკურთხოს, დალოცოს და გაახაროს საქართველო, თითოეული თქვენგანი და მთელი მსოფლიო.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს“, – ნათქვამია ილია მეორის მილოცვაში.

ირაკლი კობახიძე – უკრაინაში არის ომი, მსხვერპლი, ამის საპირწონედ – კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, ჩვენ მოვახერხეთ მეორე ფრონტის არიდება, ამის გამო გაგულისებულია „დიფ სთეითი“

უკრაინაში არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ, მერწმუნეთ, უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.პრემიერის თქმით, „საქართველომ მოახერხა ამ სცენარისთვის თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“.„„დიფ სთეითმა“ უკრაინაში ომის გახანგრძლივება დაავალა ევროპულ სტრუქტურებს. მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ახლა „დიფ სთეითმა“ ევროპულ სტრუქტურებს ექსკლუზიურად დაავალა უკრაინაში ომის გახანგრძლივება. იგივე ხდება ორგანიზაციების დაფინანსების კუთხითაც. ამერიკული ფონდებიდან აღარ ფინანსდება ანტისახელმწიფოებრივი პროცესები, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში და ეს ტვირთიც თავის თავზე ააღებინეს ევროპულ სტრუქტურებს, რაც ძალიან სამწუხაროა. მანამდე ორი ფრონტიდან გვიტევდნენ და აქაც მოვახერხეთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. თუ ევროპული სტრუქტურებიდან, ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოხდება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დაფინანსება, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება ჩვენი რეაგირება. ჩვენ უნდა დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები. „დიფ სთეითს“ აქვს თავისი ინტერესები, „დიფ სთეითი“ ამისათვის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ბოლომდე დავიცავთ ამ ინტერესებს. ეროვნული ინტერესი არის იმის არ დაშვება, რაც მოხდა უკრაინაში. უკრაინაში იყო და არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ, მერწმუნეთ, უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ ამ სცენარისთვის, მეორე ფრონტისთვის თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“ და შესაბამის ქმედებებში იყენებენ ევროპულ ბიუროკრატიას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – თორნიკე რიჟვაძე იყო „ქართული ოცნების“ გუნდის კადრი და დღემდე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი

ეს არის ერთგვარი სპეკულაციები, როცა თქვენ ამბობთ, რომ თორნიკე რიჟვაძე ირაკლი ღარიბაშვილის კადრია, ეს არის არასწორი. ის იყო „ქართული ოცნების“ გუნდის კადრი და დღემდე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.მისივე თქმით, არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული თანამდებობის პირების მიბმა.„7 წლის წინ დაიკავა თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ, ის იყო და არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენთან ასე არ ხდება ხოლმე, თქვენი მხრიდანაც არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული თანამდებობის პირების მიბმა. თუ ვინმე იყო ჩართული იმ პროცესებში შვიდი წლის წინ, რომელიც უკავშირდებოდა მის მიერ თანამდებობის დაკავებას, ერთ-ერთი პირველი ვიყავი სწორედ მე. აქედან გამომდინარე, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და უმჯობესია, თავად გააკეთოს კომენტარი, თუ საჭიროდ ჩათვლის, საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა თორნიკე რიჟვაძეს იმისათვის, რომ ის შვიდი წლის განმავლობაში პროფესიონალიზმითა და ღირსებით ემსახურებოდა აჭარის უმნიშვნელოვანესი მხარის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – სულხან თამაზაშვილის გამოცდილება, მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი სწორედ მასზე შეჩერდა

სულხან თამაზაშვილს აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მისი გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ  სულხან თამაზაშვილზე.„ბატონი სულხანი არის არა მხოლოდ პოლიციელი, არამედ ის იყო თბილისის პოლიციის ხელმძღვანელი. ეს არის ძალიან მაღალი თანამდებობა, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს,  განსაკუთრებულ თვისებებს, მათ შორის მენეჯერულ უნარებს. შესაბამისად, მას აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისთვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში. მისი გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ ბატონ სულხან თამაზაშვილზე“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები