კვირა, ოქტომბერი 5, 2025

ცესკომ მონაცემები განაახლა

ცესკომ მონაცემები განაახლა.

საქართველოში 3061 საარჩევნო უბნიდან შედეგები დათვლილია 2233 უბანზე, რაც საერთო რაოდენობის 72.95%-ს შეადგენს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის თბილისში 584 უბნიდან დათვლილია 572, საარჩევნო უბნების 97.945% და მათივე მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა კახა კალაძე — 71.55%, ირაკლი კუპრაძე — 12.45% იაგო ხვიჩია — 7.652% ზურა მახარაძე — 4.12% კახა კუკავა — 1.46% ოთარ ჭითანავა — 0.88% გიორგი გაჩეჩილაძე — 0.77% თეიმურაზ ბოკელავაძე — 0.76% გიორგი ლილუაშვილი — 0.44%.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ძალადობაში ვინც მონაწილეობდა, უკლებლივ ყველა არის დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელი, შესაბამისად, უნდა ელოდნენ სიურპრიზებს შემდეგ დღეებში

ძალადობაში ვინც მონაწილეობდა, უკლებლივ ყველა არის დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელი, შესაბამისად, ეს ადამიანები უნდა ელოდნენ სიურპრიზებს შემდეგი დღეების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მისი თქმით, სამართალდამცველებს ბევრი დღე არ დასჭირდებათ კანონის აღსასრულებლად.„ჩვენ ვვარადუდობდით, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი და ხედავთ, რომ ჩვენი პროგნოზი ასრულდება. ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ დღეს ბევრად მეტი გვაქვს ადამიანების იდენტიფიცირების რესურსი, ვიდრე გვქონდა რამდენიმე თვის წინ. თავის დროზე, თუ მოძალადეთა სამი პროცენტის იდენტიფიცირება მოხერხდა, დღეს გვაქვს იდენტიფიცირების მეტი რესურსი. აქედან გამომდინარე, დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელთაგან ძალიან ბევრს ელოდება მძიმე ხვედრი კანონის შესაბამისად. იყო ძალადობა, მათ შორის მონაცემებიც მინდა, გაგაცნოთ. კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა 15 პოლიციელს და აქციის ექვსი მონაწილეს. ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. ძალადობა იყო მასობრივი და მასშტაბური, ამაზე კონკრეტული პირები მკაცრად აგებენ პასუხს. დადგა 5 ოქტომბერი და ჩავარდა დამხობის მცდელობა. ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული თითოეული წარმომადგენლით. ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი გაგრძელდება ძალიან კარგად, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ექნება მშვიდობა და გაგრძელდება ქვეყნის განვითარება. ვინც სცადა ხელი აღემართა, ჩვენს სახელმწიფოზე უცხოელი სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელმაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება, ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

იაგო ხვიჩია – ახლა უკვე ცხადია იმ კლოუნადის შედეგები, რომელიც ქვეყანაში მოაწყვეს ვითომ რევოლუციონერებმა, ხალხი გაშარეს, ადამიანები შეიძლება, დაიჭირონ, არჩევნებს კი აზრი დაუკარგეს

ახლა უკვე ცხადია იმ კლოუნადის შედეგები, რომელიც ქვეყანაში მოაწყვეს ვითომ რევოლუციონერებმა, საზოგადოება აიყოლიეს და არჩევნებს ფაქტობრივად აზრი დაუკარგეს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისი თქმით, ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 80-პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვა.„ახლა უკვე ცხადია იმ კლოუნადის შედეგები, რომელიც ქვეყანაში მოაწყვეს ვითომ რევოლუციონერებმა. აიყოლიეს საზოგადოება და არჩევნებს ფაქტობრივად აზრი დაუკარგეს. ხალხი გაშარეს და ადამიანები შეიძლება, დაიჭირონ. დაკარგეს მორალური უპირატესობა საკუთარი აღვირახსნილი ქცევით და უპასუხისმგებლობით. ამ ყველაფერთან ერთად „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივი თვითმმართველების მანდატების 80 პროცენტი ჩააბარეს, მათ შორის თბილისში, მაშინ როდესაც ყველას ესმის, რომ თბილისი კალაძის მხარდამჭერი არ არის. ასეთი უცნაური, არასწორი, არასამართლიანი შედეგი დადგა. მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც მხარი დაგვიჭირა. მილოცავენ კიდევაც და ჩვენი პარტიისთვის ალბათ მოსალოცია, მაგრამ, ზოგადად, შედეგი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 80 პროცენტი აიღო კატასტროფულია, რაზეც პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს. არ შეიძლება, ერთი მხრივ, გაგრძელდეს ადამიანების ემოციებზე აგდება და „ქოცებისთვის“ არჩევნების ჩუქება და, მეორე მხრივ, ამდენი ადამიანის გაშარვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ირაკლი კობახიძე – დადგა 5 ოქტომბერი და ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით, დამთავრებული „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენლით

დადგა 5 ოქტომბერი და ჩავარდა დამხობის მცდელობა, ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.პრემიერის თქმით, საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება, ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა„ძალადობა იყო მასობრივი და მასშტაბური, ამაზე კონკრეტული პირები მკაცრად აგებენ პასუხს. დადგა 5 ოქტომბერი და ჩავარდა დამხობის მცდელობა. ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენლით. ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი გაგრძელდება ძალიან კარგად, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ექნება მშვიდობა და გაგრძელდება ქვეყნის განვითარება. ვინც სცადა ხელი აღემართა, ჩვენს სახელმწიფოზე უცხოელი სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება, ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

პიტერ სიიარტო – ჩვენმა მოკავშირეებმა საქართველოშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, ვულოცავთ კახა კალაძეს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კახა კალაძეს დედაქალაქის მერის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.ამის შესახებ პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.„ჩვენმა მოკავშირეებმა საქართველოშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ჩვენო პატრიოტო მეგობრებო, „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ადგილი დაიკავა თვითმმართველობის არჩევნებში დიდი უპირატესობით. ყოჩაღ. ვულოცავთ კახა კალაძეს, რომელიც თავიდან აირჩიეს თბილისის მერად. მაინტერესებს (რეალურად არა), როდის დაგმობს ევროკავშირი ოპოზიციის განადგურებას“, – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნება“ იმარჯვებს. 

თინა ბოკუჩავა – სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არ მომეწონა, ახლა მეც გავემიჯნო პროცესს და ვთქვა, რომ არაფერი ვიცოდი, რას გეგმავდა პაატა ბურჭულაძე და ფაქტია, რომ...

აქციის ორგანიზატორი იყო და არის „რუსთაველის გამზირი“, რომელსაც ლიდერი ჰყავს, მათი გეგმის შესახებ არ ვიცოდით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.მისი თქმით, „ნაცინალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა იყო, ძალიან ბევრი ადამიანი გამოსულიყო რუსთაველზე.„აქციის ორგანიზატორი იყო და არის „რუსთაველის გამზირი“, რომელსაც ლიდერი ჰყავს. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის ოფიციალური განცხადებით ვუერთდებოდით და ვუერთდებით, მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ პროტესტს იმიტომ, რომ მთავარ მიზნად ვასახელებდით, არ შემდგარიყო რუსული სპეცოპერაცია, რომელსაც არჩევნებს ეძახდა ბიძინა ივანიშვილი და ძალიან ბევრი ადამიანი მდგარიყო აქ, დღეს, რუსთაველის გამზირზე. გეგმის შესახებ არ ვიცოდით. ამ აქციას ჰყავდა კონკრეტული ორგანიზატორი, რომელსაც რაღაც კონკრეტული გეგმა ჰქონდა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ძალიან ბევრი ადამიანი გამოსულიყო რუსთაველზე, ამას ვამბობდი მე პირადად და ამას ვუსვამდით ყოველთვის ხაზს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.მისი თქმით, რეჟიმს უნდა, ადამიანებს არა მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალება დააბრალონ, კონკრეტული ადამიანები დააკავონ, არამედ ოპოზიცია ერთმანეთს დააპირისპირონ.„ძალიან არ მომეწონა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება, რომელსაც სპეკულაციური ხასიათი ჰქონდა. მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ განცხადებას, რომ რეჟიმმა არ გამოიყენოს ოპოზიციის შიგნით შუღლის გასაღვივებლად. დღესაც ზურაბიშვილმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა, გაემიჯნა პროცესს, რა მარტივია. ახლა მეც გამოვიდე და გავემიჯნო პროცესს და ვთქვა, რომ არაფერი არ ვიცოდი, რას გეგმავდა პაატა ბურჭულაძე, თურმე გეგმა არ ჰქონია, შეიძლება, გადატრიალებას გეგმავდა, შეიძლება, რაღაცა სხვას გეგმავდა და ფაქტია, რომ კარგს არაფერს გეგმავდა? აგერ ვდგავართ და არაფერი გამოვიდა, ანუ ეს უნდა გავაკეთოთ დღეს ოპოზიციის ლიდერებმა? თუ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ, დავიცვათ. პასუხისმგებლობის რაღაც წილი ყველას გვაქვს ვინც დღეს აქ ვდგავართ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოლო სიახლეები