ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი, ასევე არიან დაშავებულები. ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას.
კერძოდ, შანდუნის პროვინციაში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა 19, ექვსი კი დაკარგულად ითვლება.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაიგზავნა. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცის თანახმად, ქარხანა პესტიციდებსა და ფარმაცევტულ პროდუქტებს აწარმოებს.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ აფეთქებამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ამ დროისთვის აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.