ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს.
ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფები ჯერ კიდევ ოქტომბერში დაუწესა. კანადამ 100% და 25% საიმპორტო ბაჟები ჩინეთში წარმოებულ ელექტრო ავტომობილებზე, ფოლადსა და ალუმინის პროდუქტებზე დააწესა.
ჩინეთის ტარიფები ძალაში 20 მარტს შევა.
„კანადის ზომები სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს, წარმოადგენს პროტექციონიზმის ტიპურ აქტს და დისკრიმინაციულ ზომებს, რომლებიც მძიმედ აზიანებს ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს“, – ნათქვამია ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.
ჩინეთი კანადის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. კანადამ 2024 წელს 47 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა ჩინეთში.